in

თიხის უსაზღვრო შესაძლებლობები და ორი განსხვავებული ხედვა – ინტერვიუ “Ceramic Rooms”-ის დამფუძნებლებთან

დღეს “Ceramic Room”-ის შესახებ გიამბობთ. ეს გახლავთ ორი მეგობრის, ნინკა საჯაიასა და ქეთი ჭიჭივეიშვილის მიერ შექმნილი კერამიკის სტუდია, რომელიც ჭურჭლის დამზადების გარდა, ბევრ სხვა საინტერესო პროექტზეც მუშაობს. სტუდია 2010 წელს დაარსდა და მთაწმინდაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. კერამიკის სტუდიას მაღაზიაც აქვს რომელიც ვ. ბარნოვის 30-ში მდებარეობს.

სტუდიაზე უფრო დეტალურად მისი დამფუძნებლები მოგვიყვებიან:

ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რატომ აირჩიეთ კერამიკა და როგორ შეისწავლეთ მასთან მუშაობა?

ქეთი: პროფესიით კინო-ტელე მხატვარი ვარ. ყოველთვის მომწონდა  დიზაინის სხვადასხვა სფეროები, არასდროს გავჩერებულვარ ერთ კონკრეტულზე, ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტებზე, ინტერიერის დიზაინზე, ასევე ვიყავი სამკაულის დიზაინერი ერთ-ერთ ქართულ საიუველირო კომპანიაში. კერამიკა სპონტანური და საკმაოდ წარმატებული გადაწყვეტილება იყო. 2010 წელს დაიწყო ჩემი კერამიკა ნინკასთან ერთად – ჩემთვის ახალი, ნინკასთვის კი კარგად ნაცნობი სფერო.

ნინკა: პროფესიით კერამიკოსი ვარ. გამიმართლა, რადგან ჩემთვის არჩევანი რთული არ ყოფილა. პირიქით, ბავშვობიდან სხვა არც არაფერი მინდოდა. ვხედავდი მხოლოდ თიხის უსაზღვრო შესაძლებლობებს და ფერებს. მხატვრების ოჯახში დაბადებამაც იმოქმედა გადაწყვეტილების მიღებაზე. კერამიკის 5 კურსი დავამთავრე და აქაც ძალიან გამიმართლა: დავიწყე მუშაობა ბატონ რეზო გაბრიაძესთან თეატრში, სადაც ვიმუშავე 10 წელი. ბატონ რეზოსთან გავიარე ის საოცარი მასტერ კლასი, რომელსაც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, სხვაგან ვერსად გავივლიდი. მე და ქეთი აკადემიის I კურსზე დავმეგობრდით და 2010 წელს შევქმენით ჩვენი სახელოსნო “Ceramic Room”. შემიძლია ვთქვა, რომ სახელოსნოსაც გაუმართლა, რადგან აქ ორი სხვადასხვა ხედვის ადამიანი ქმნის ერთ მთლიანს.

როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს? 

გამიჭირდება დავაკონკრეტო… ჩვენი ხელწერა ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანია სტილისტიკურად. ბევრი სხვადასხა ნამუშევარი შეგვიქმნია, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებსის ერთი საბაზისო ხასიათი, სადაც “Ceramic room”-ის ხელწერა მარტივად მისახვედრია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ტექნოლოგია შევიმუშავეთ, რომელიც ასევე ხაზს უსვამს სტუდიის ინდივიდუალიზმს.

დროთა განმავლობაში როგორ განვითარდა თქვენი სტუდია?

სახელოსნოს განვითარების კონკრეტულ ფაქტად შეგვიძლია მოგიყვანოთ, ჩვენი პატარა მაღაზია “Ceramic Room Shop”, რომელიც ერთი წლის წინ გავხსენით. ჩვენთან ყველა გასაყიდი ნივთი ჩვენივე მოხატულია. მაღაზიამ საშუალება მოგვცა კერამიკა  ექსტერიერში გამოგვეყენებინა. გვინდოდა გარეთაც ის ესთეტიკა ყოფილიყო, რასაც ინტერიერში ვქმნით. ვფიქრობთ, ეს გამოგვივიდა. განვითარება თავისთავად ხდება შენთან ერთად, როდესაც არ ჩერდები, იზრდები, ირგებ დროს, ფიქრს, ტექნიკას და ხედვას.

რა შეიძლება იყოს კერამიკის პროდუქტის შექმნის ინსპირაცია და რა ისტორიას ატარებენ ეს ნივთები?

ჩვენი  ინსპირაციისთვის რაიმე დიდი მოვლენა  არ არის საჭირო. შთაგონება იმ მარტივი ელემენტებიდან  მოდის, რაც ხდება ყოველწუთიერად, ყოველდღიურად, რასაც ვაქცევთ ყურადღებას და რაც გვიქმნის ხასიათს, ის კონკრეტული სიმღერა რადიოში, დაღლილობა, რომელიც სიცილში გადადის, საჩუქარები, ახალი ფუნჯები (ბევრი ფუნჯი, რომლიდანაც მხოლოდ ორს ამოვიჩემებთ) და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ გარემოში ყოფნა, რომელიც ჩვენი შექმნილია. თითო შექმნილი ნივთი სამუდამოდ ინახავს იმ განვლილი დროის, დღის ხასიათის ისტორიას.

ბოლო პერიოდის რომელ პროექტს გამოარჩევდით?

ამჟამად ვმუშაობთ კერამიკული აბრების პროექტზე, თბილისის მერიის და განვითარების ფონდის ხელშეწყობით. ძველი თბილისის უბნებში კერამიკული აბრები გამოჩნდა. შევეცადეთ თითო სახლს საკუთარი ისტორიის გარდა, მცირე ჩვენებური ხიბლი შემატებოდა, რაც ფერით და ორნამენტით გადმოვეცით. ძალიან საინტერესო იყო თვითონ პროცესი და იმის აღმოჩენა თუ როგორ გერთვება ამ დროს ინტუიცია, მოქმედებს დამოუკიდებლად და ამავე დროს, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვება და ამბობს თავის სათქმელს.

ჩვენი აბრები განთავსებულია ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე. პ.ინგოროყვას ქუჩზე ასევე 9 აპრილის და პუსშკინის ქუჩებზე. ასევე ბევრი მსურველი გამოჩნდა, ვისაც სურს საკუთარ სახლზე ჩვენი აბრა დაკიდოს. ასე ინომრება თბილისი.

ამას გარდა, ქალაქ თელავისთვის დავამზადეთ საინფორმაციო ტიპის აბრები, რომელბიც ჯერ-ჯერობით ათი მნიშვნელოვანი შენობის კედელზე დამონტაჟდება. ესენია თელავის ბიბლიოთეკა, თეატრი, ჭადრაკის სასახლე და ა.შ

რაზე მუშაობთ ამჟამად?

დეკემბრის ბოლოს დავასრულებთ ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს. ეს არის კიბე, რომელიც რუსთაველის გამზირს და გრიბოედოვის ქუჩის აკავშირებს და ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ვინაიდან მას თითქმის ყოველდღე ვხედავთ. 70 საფეხურზე ვსვავთ ჩვენ მიერ ქართული თიხისგან დამზადებულ და მოხატულ ფილებს – “ceramic room tiles”. ასეთი სულ 6 მარშია, თითო 7-14 საფეხურისგან შედგება. ეს პროექტი ძველის და ახლის სინთზია. ამ პროექტმა მოგვცა საშუალება კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა და ერთად მოგვეყარა თვსალსაჩინო ადგილას უმეტესი ჩვენთვის საინტერესო ნაცნობი და უცნობი ქართული ორნამენტი. ყველა მათგანი  ძალიან გვხიბლავს და მოგვწონს თავიანთი სიმარტივითა და სირთულით. თუმცა, ისინი ჩვენ გადმოვიტანეთ არა აბსოლიტური კოპირებით, არამედ თავისი ხასიათით და ჩვენი ხედვითა და იდეით. ამ ყველაფერმა  შექმნა სრულიად ახალი, თანამედროვე, ძველზე დაფუძნებული სტილისტიკა.

 

 

 

 

“Shabby chic” ანუ გაცრეცილი ფუფუნების სტილი

#რაშენდება – “ნამაი ვაკეს” პროექტი თბილისში