in

როგორ ცხოვრობს რალფ ლორენი: ტური ცნობილი დიზაინერის ყველა სახლში

Banner M2
Banner M2

რალფ ლორენმა გასულ წელს 80 წლის იუბილე აღნიშნა. თუმცა, ის პენსიაზე გასვლის ნაცვლად ოლიმპიური ნაკრებისთვის სპორტული ფორმის შექმნასა და ქვეყნის პირველი ქალბატონების ჩაცმაზე ზრუნვას განაგრძობს. მას ამერიკული ოცნების განსახიერებას უწოდებენ: რალფმა თავისი მოდის იმპერია ნულიდან შექმნა და მასთან ერთად ზოგადად ამერიკული სტილი ჩამოაყალიბა – თავისუფალი, ლაკონიური, იმავდროულად, ძალიან ძვირი და ელეგანტური. რალფი მთელი ცხოვრების მანძილზე ამ სტილის ერთგული დარჩა.

უძრავი ქონება ნიუ-იორკთან ახლოს

ბელფორდში მდებარე მამულში განთავსებულია მთავარი საცხოვრებელი და რამდენიმე სასტუმრო სახლი. ირგვლივ გაშენებულია ლამაზი ბაღი. სახლს აქვს დიდი ეზო და აუზი. შენობა გასული საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ინტერიერი შექმნილია ტიპურ ამერიკულ კლასიკურ სტილში, რომელიც Ralph Lauren Home-ის კოლექციებიდან ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი.

თავად ლორენის მსგავსად, ეს სახლიც ამერიკული სტილისა და ოცნების განსახიერებაა. ინტერიერი აღჭურვილია კლასიკური ავეჯით, უამრავი დივნით, მაგიდის სანათებით, შალის ხალიჩებით და ასობით სხვა აქსესუარით. დიზაინერმა ოჯახთან ერთად ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ სახლში გაატარა.

რანჩო კოლორადოში

ისევ კლასიკა – ამჯერად რანჩოს ჟანრში. მთავარი სახლი უხეშად თლილი ხის მორებისგან არის აშენებული, სასტუმრო სახლები კი ნამდვილი ინდური ვიგვამების სტილშია შექმნილი. ინტერიერი სავსეა ავეჯითა და აქსესუარებით. რალფ ლორენი მინიმალიზმის მომხრე არ გახლავთ, მას ამერიკული სულისკვეთების მქონე მდიდრული დეკორი იზიდავს: კარგი ხარისხის და ამასთანავე ელეგანტური ავეჯი, მარტივი, მოკრძალებული, მაგრამ მასიური სანათები, ლაკონიური, მაგრამ ძვირადღირებული აქსესუარები. ლორენის ინტერიერი ამერიკულ გემოვნებას ასი პროცენტით ასახავს.

რანჩოს შემთხვევაში ინტერიერს ეთნიკური ელემენტები დაემატა. ასე რომ, ხალიჩები ინდიელების მიერ არის მოქსოვილი, ჭაღები კი კანადური ირმის (რომლითაც ეს ადგილები არის ცნობილი) რქისგან არის დამზადებული. ეთნიკური აქსესუარები ინტერიერს ავსებს. აუცილებელია, რომ თითოეულ ოთახს უხეში ქვისგან გაკეთებული ბუხარი ჰქონდეს, რადგან ამ მხარეებში კლიმატი ძალიან მკაცრია.

აპარტამენტები ნიუ-იორკში

დიზაინერის ქალაქური ბინა კი, პირიქით, ხაზგასმულად არისტოკრატულია. ინტერიერი დახვეწილია: შავი და თეთრი ტონები, მეტალის ბზინვარება, მინიმალური ავეჯი და დეკორი. ბინა მდებარეობს ცათამბჯენში, რომელიც ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს. მაღალი, პანორამული ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება და დიზაინერი ცდილობდა ბინაში მაღალი სართულით მინიჭებული ფრენის შეგრძნება შეენარჩუნებინა. „თითქოს ქალაქის თავზე ცურავ“ – ამბობს ლორენი.

დიზაინერი ინტერიერის ზედმეტი ნივთებით გადატვირთვას მოერიდა და სივრცის დასაკომპლექტებლად საკუთარი ინტერიერის დიზაინის ხაზის ნივთები გამოიყენა.

სახლი ლონგ აილენდზე

აგარაკი, სადაც ლორენი ოჯახი მისი შვებულების დროს იკრიბება, კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, მონტაუკ პოინტში მდებარეობს. ამჯერად ინტერიერში კოლონიური სტილის ელემენტებია წარმოდგენილი: როტანგის ავეჯი, ფაიფურის და ჩინური სტილის მოჭიქული ნაკეთობები, ნახატები აზიური მოტივებით. ინტერიერისთვის ქვიშისა და თაფლის ტონებია შერჩეული. მთავარი აქსესუარებია მინიატიურები და გემის მოდელები.

დიზაინერი ამბობს, რომ ეს სახლი, პირველ რიგში, ოჯახური დასვენებისთვის არის შექმნილი. ხანდახან იგი ტელეფონსაც კი არ პასუხობს, რათა შაბათ-კვირის იდილია არ დაარღვიოს.

სახლი იამაიკაში

რამდენიმე წლის წინ დიზაინერმა იმ კუნძულის ხედებით შთაგონებული მოდის კოლექციაც კი შექმნა, სადაც მისი კიდევ ერთი სახლი მდებარეობს. ქალაქ რაუნდ ჰილში მდებარე ვილა საშვებულებო სტილშია გაფორმებული. მსუბუქი, ჰაეროვანი ინტერიერი თეთრ პალიტრაშია გადაწყვეტილი და განზავებულია ქვიშისფერი საღებავებით. აქცენტი ბუნებრივ მასალებზე კეთდება. ხალიჩების ნაცვლად აქ ჭილოფები გვხვდება და ყველა ოთახს ვენტილატორი აქვს, რადგან ამ ადგილებში ზაფხული უკიდურესად დახუთული და ტენიანია.

რალფ ლორენის ყველა სახლში შეხვდებით კინოდარბაზს. დიზაინერი აღიარებს, რომ კინომანი ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა და ყოველგვარ გართობას კინოში სიარულს ამჯობინებდა. მთავარი სახლის ახლოს არის თოვლივით ქათქათა ვილა, რომელიც ზომით უფრო მოკრძალებულია. სახლი წყლის პირას დგას და აქედან ოკეანის განსაცვიფრებელი ხედები იშლება.

სახლები საქართველოდან საგარდერობო ოთახით – Homeis.ge-ს 9 რჩეული პროექტი

ინტერიერის მოწყობის რჩევები შინაური ცხოველების მფლობელებისთვის