in

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული იატაკის მოხვეწა?

იატაკის მოხვეწა ხის მასალისგან დამზადებული იატაკის ზედაპირის აღდგენას, მოსწორებას და დაზიანებული ადგილების განახლებას გულისხმობს, რაც სივრცეს მიმზიდველობასა და სახასიათო იერსახეს ანიჭებს.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი ახალი იატაკის დაგების ნაცვლად, ძველი ხის იატაკის განახლებას ანიჭებს უპირატესობას, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული:

ხის მასალის შენარჩუნება — ცხადია, ბუნებრივი მასალები, განსაკუთრებით კი ხე, ინტერიერში დიდად ფასობს. შესაბამისად, მაცხოვრებელთა უმეტესობა, ახალი ლამინირებული იატაკის, MDF-ის ან ფილების  დაგებას, ძველი ხის პარკეტისა და ფიცრული იატაკის განახლებას ამჯობინებს. მოხვეწის შემთხვევაში, შელახული და დაძველებული საფარი სუფთავდება, იწმინდება, ერთგვაროვანი სახე ეძლევა, დაზიანებული ნაწილები და იატაკს შორის არსებული სივრცეები კი სპეციალურად მუშავდება და ივსება. საბოლოოდ, ხის იატაკს განახლებული, მომხიბვლელი იერი ეძლევა და ბუნებრივი საფარი ნარჩუნდება.

ფინანსებისა და დროის დაზოგვა — მოხვეწილი იატაკის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ეკონომიურობა და ნაკლები დროის დანახარჯია. ძირითადად, ძველი იატაკის დემონტაჟი და ახალი მასალით ზედაპირის მოპირკეთება დიდ ხარჯებთან და ხანგრძლივ პერიოდთან არის დაკავშირებული, რაც მომხმარებლისთვის არახელსაყრელია, ასეთ დროს კი საუკეთესო გამოსავალი იატაკის მოხვეწაა.

ეფექტური ინტერიერი და ჯანსაღი გარემო — საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხე ინტერიერს ამდიდრებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ამასთანავე, ბუნებრივი მასალებით მოპირკეთებული სივრცე ბევრად უსაფრთხო და ჯანსაღ გარემო პირობებს უზრუნველყოფს. შესაბამისად, საგანგებოდ დამუშავებული ხის ზედაპირი, რომელიც ჭუჭყისგან, ლაქებისა და მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც იატაკის მოხვეწა სასურველ ეფექტს ვერ გვაძლევს და დაბალი ხარისხით გამოირჩევა. სფეროს სპეციალისტი გვიხსნის, რომ დაბალი რესურსის მქონე ზედაპირზე მოხვეწისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება არ არის რეკომენდებული. მაგალითად, თუ იატაკი მოძრავია და ხარისხიანად არ არის დაგებული, ასეთ დროს საბოლოო შედეგი არაეფექტურია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პარკეტის ბოლო ფენა იმდენად თხელია, რომ მოხვეწას ვერ გაუძლებს, ის განახლებას აღარ ექვემდებარება და მისი გამოცვლა ხდება საჭირო.

მოძრავი იატაკების უმეტესობა ე.წ. კომუნისტური პერიოდის დროინდელია. ისინი სპეციალური წებოთი არ არის გამყარებული და მის მოსაპირკეთებლად მხოლოდ ლურსმანია გამოყენებული ან ტოლის ბაზაზეა შესრულებული. ასეთ დროს იატაკის ფენებს შორის სივრცეები ჩნდება და მისი ამოვსება ფითხით ვერ ხერხდება, შესაბამისად, იატაკზე ღიობები რჩება და მისი გასწორება სრულყოფილად ვერ ხდება. თანამედროვე ხის იატაკის შემთხვევაში, სპეციალური წებო გამოიყენება, რაც მის სიმყარეს უზრუნველყოფს, მომავალში კი მოხვეწითი სამუშაოების ჩატარება სირთულეს არ წარმოადგენს.

დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სისწორის დაბალი ხარისხისა და ღიობებისა, მოძრავი იატაკის მოხვეწა მაინც შესაძლებელია — მისი გასუფთავება-გათეთრების მიზნით, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მაღალი ხარისხის ლაქის გამოყენება, რომელიც ზედაპირს სიმტკიცეს შეუნარჩუნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იატაკის მოხვეწა რემონტის ბოლო ეტაპზე სრულდება, სივრცე კი გასუფთავებული და ავეჯისა თუ ნებისმიერი ნივთისგან დაცლილი უნდა იყოს, რათა სამუშაოები არ შეფერხდეს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოხვეწა მხოლოდ პარკეტზე, ფიცრულ იატაკსა და სამშრიან იატაკზე კეთდება, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით დაბალი რესურსით ხასიათდება. სამშრიანი პარკეტის ბოლო ფენა, უმეტესად, მუხის შრისგან მზადდება, რომლის სისქე მაქსიმუმ 3-4 მმ.-ია, რაც იატაკის მოხვეწისთვის მაქსიმალური სივრცეა, შესაბამისად, სამუშაოებისთვის საჭირო მეტი რესურსი ამ ტიპის ზედაპირს არ აქვს.

როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, მოძრავი იატაკის მოხვეწისთვის სასურველია რუსული აპარატის გამოყენება, რადგან გერმანული აპარატი, რომელიც მაღალი გასწორების ხარისხით გამოირჩევა და შედარებით ძვირადღირებულია, ღიობებიან იატაკს ეფექტურად  ვერ დაამუშავებს და მისი გამოყენება ამ შემთხვევაში არ ღირს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

კერძო სახლის მშენებლობისას გასათვალისწინებელი ფაქტორები — რუსუდან ლაშხის გზამკვლევი

ვის გადავაბარო ჩემი ბინის რემონტი? – 5 კომპანია საქართველოდან