in

რა განსხვავებაა იატაკის მოხვეწის გერმანულ და რუსულ აპარატებს შორის?

ქართულ ბაზარზე იატაკის მოსახვეწად, უმეტესად,  გერმანული და რუსული წარმოების დანადგარები გამოიყენება, რომლებიც ერთმანეთისგან ზედაპირის გასწორების ხარისხითა და ფასით განსხვავდება.

გერმანული წარმოების აპარატები — შესრულების მაღალი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ისინი ეფექტურად ასწორებს ზედაპირს და მის სრულფასოვან განახლებას გვთავაზობს. თუმცა, მაღალი ხარისხისა და დახვეწილი ტექნოლოგიების მიუხედავად, მათი გამოყენება მარტივი არ არის და სპეციალურ ცოდნას საჭიროებს. აუცილებელია, ხელოსანს გერმანულ აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს და მისი მოხმარების სპეციფიკა იცოდეს,  რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა იატაკის ზედაპირიც კი დააზიანოს. ასევე, გერმანული აპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია იატაკის მდგომარეობა და ხის სიმაგრე. მოძრავი იატაკის შემთხვევაში, გერმანული დანადგარი სასურველ შედეგს ვერ უზრუნველყოფს, ზედაპირს ეფექტურად ვერ გაასწორებს და ამიტომ მისი მოხმარება რეკომენდებული არ არის.

მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი „Lagler“-ის აპარატია, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა და განსხვავებული ტიპის დანადგარებს აერთიანებს — 1. მოხვეწისთვის საჭირო მასიური აპარატი, რომელიც პირველადი, შავი სამუშაოებისთვის გამოიყენება და იატაკს შორის სივრცეების აღმოსაფხვრელად, სიმაღლეების გასასწორებლად არის საჭირო. 2.  სწრაფი სიჩქარის წრიულად მბრუნავი 3 დისკოსგან შემდგარი აპარატი, რომელიც ბოლო საფეხურზე, იდეალური სისწორის მისაღებად გამოიყენება. 3. მცირე ზომის კომპაქტური დანადგარი, რომელიც იმ ადგილებისთვისაა განკუთვნილი, სადაც დიდი აპარატით სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება რუსულ აპარატს, ის შედარებით დაბალი ხარისხით ხასიათდება და მცირე რესურსის მქონე იატაკებზე, უფრო მძიმე და შავი სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი. ასევე,  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსული აპარატის შემთხვევაში, სამუშაო პროცესისას დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება და იატაკზე ტალღოვანი და არასწორი ზედაპირები მეტად რჩება, რადგან აღნიშნული დანადგარის გასწორების ხარისხი შედარებით დაბალია. თუმცა ფინანსური თვალსაზრისით, მისი გამოყენება უფრო მომგებიანია, რადგან ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება გამოყენებას, ამ მხრივ განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებს, რის გამოც რუსულ აპარატზე მუშაობა ხელოსნებსაც უმარტივდებათ.

იატაკის მოხვეწის ღირებულება ქართულ ბაზარზე, საშუალოდ, რუსული აპარატის შემთხვევაში, 1მ2-ის გათვალისწინებით, 25 ლარიდან იწყება, გერმანული დანადგარით მომსახურება კი (1მ2) 35 ლარიდან ივარაუდება. ამ საფასურში არ შედის ფითხით ზედაპირის დამუშავება და ღიობების გასწორება, რაც ინდივიდუალურად გამოითვლება და იატაკის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ექსპერტის თქმით, ზედაპირის საჭიროების შესაბამისად, იატაკი რამდენიმე ფენა ფითხით მუშავდება, ამიტომ ერთი ფენის შემთხვევაში ხელობის ფასი 3 ლარით, ორი ფენის შემთხვევაში კი 5 ლარით იზრდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 რჩევა საძინებელში კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ირაკლი ჟვანიას ხედვა