in

5 რჩევა საძინებელში კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საძინებელში კომფორტისა და მყუდროების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირდაპირ აისახება თქვენს ზოგად კეთილდღეობაზე – ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. მშვიდი გარემო ძილის რეჟიმის მოწესრიგებაშიც დაგეხმარებათ, შეგიმცირებთ სტრესს, აღიდგენთ ენერგიას, რაც, თავის მხრივ, განწყობასაც აგიმაღლებთ. დღეს ამ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას და საძინებელ ოთახში მყუდრო და მშვიდი გარემოს შექმნაზე გესაუბრებით.

1.განათების რეგულირება

განათება ინტერიერში დიდ როლს ასრულებს: მისი მეშვეობით იქმნება ოთახის განწყობა და ხასიათი. უმჯობესია, საძინებელში თბილი განათება გამოიყენოთ, რაც სიმშვიდეს შეჰმატებს ზონას. დღის განმავლობაში სივრცის მზის სხივებისგან დასაცავად გირჩევთ, ჟალუზები და ფარდები გამოიყენოთ, რომლებსაც ოთახის ინტერიერს მიუსადაგებთ და მათ დეკორატიულ ელემენტადაც აქცევთ.

2.ხალიჩების გამოყენება

საძინებლის იერსახის გასამრავალფეროვნებლად ხალიჩა შესანიშნავი საშუალებაა. იგი ინტერიერს გამოაცოცხლებს და მას ბევრად უფრო მიმზიდველად აქცევს. ამავდროულად, ხალიჩა ოთახში თბილ და მყუდრო გარემოს შექმნის და მოსასვენებელ ზონას სიმსუბუქეს შესძენს.

3. ბალიშების დამატება

საძინებელში კომფორტული გარემოს შესაქმნელად გირჩევთ, ბალიშები გამოიყენოთ. ნაზი ტექსტურის მქონე ფუმფულა ბალიშები მოსასვენებელ ზონას ისეთ სივრცედ აქცევს, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავს მყუდროდ გაგრძნობინებთ. ამავდროულად, შეგიძლიათ, ბალიშები დეკორის სახითაც გამოიყენოთ, რაც სივრცის გამრავალფეროვნებაშიც დაგეხმარებათ.

4.ფერების შერჩევა

ფერები საძინებლის იერსახის განსაზღვრაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მათი საშუალებით სივრცეში მშვიდი, მსუბუქი და მყუდრო გარემოს შექმნა შეიძლება. ადამიანთა დიდი ნაწილი ღია ტონებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ამგვარი ფერთა გამა დადებითად მოქმედებს თავის ტვინსა და ფსიქიკაზე, ზოგიერთს კი მუქი ფერები ურჩევნია. თქვენთვის სასიამოვნო ფერების შერჩევა კედლების, ტექსტილის, ფარდებისა და აქსესუარებისთვის მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

5. ხარისხიანი თეთრეული

თეთრეული საძინებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ის დიდ გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. ამიტომაც თეთრეულზე ფულის დაზოგვა ნამდვილად არ ღირს. გირჩევთ, მაღალი ხარისხის, რბილი, ჰაეროვანი და ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილი შეარჩიოთ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ტექსტილის დიზაინიც, რომელიც ოთახის ესთეტიკასა და განწყობას განსაზღვრავს.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტყუილები და ფუჭი დაპირებები ხელოსნებისგან: რა ვიღონოთ? – რჩევები T-STUDIO-სგან

რა განსხვავებაა იატაკის მოხვეწის გერმანულ და რუსულ აპარატებს შორის?