in

არქიტექტორი, როგორც ამბის მთხრობელი — ინტერვიუ რუსუდან ტყემალაძესთან

დღევანდელ ინტერვიუში გაგაცნობთ რუსუდან ტყემალაძეს, რომელიც პროფესიით ურბანისტი და არქიტექტორია. ჩვენს რესპონდენტს მრავალფეროვანი ინტერესები და ცხოვრებისეული გატაცებები აქვს, რომელთა მეშვეობით ის საკუთარ იდეებსა და პიროვნებას გამოხატავს განსხვავებულ მედიუმებში. რუსუდანის პროფესიული ცხოვრება, არქიტექტურისა და ურბანისტიკის გარდა, მხატვრობასა და წერასაც უკავშირდება, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მისწრაფება კი მის ყველა პროექტში ვლინდება. მაშ ასე, Homeis.ge დღეს საკმაოდ გულწრფელ, ვრცელ და სხვადასხვა თემაზე მსჯელობით აღსავსე ინტერვიუს გთავაზობთ და გიზიარებთ რუსუდან ტყემალაძის შემოქმედებით გამოცდილებას.

რუსუდან, როგორი იყო გარემო, რომელშიც გაიზარდეთ? დაინტერესდით თუ არა არქიტექტურით ბავშვობიდან?

პოსტ-საბჭოთა თბილისელი საინჟინრო ინტელიგენციის ოჯახში გავიზარდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებიდან ჩემ გარშემო უამრავი წიგნი და ტექნიკური ნახაზი იყო. რა თქმა უნდა, მაშინ არ მესმოდა მეტალის მჭრელი ჩარხის დეტალის აქსონომეტრიული ხედების მთელი ხიბლი (რაც დიდად არც ახლა მესმის), ამიტომ ჩემი საყვარელი საქმიანობა არსებული ნახაზის წვენის ან შოკოლადის ფილების მწარმოებელ ფაბრიკად გადაკეთება იყო — კონვეიერით, პროდუქტის შეფუთვის და პროცესისთვის დამახასიათებელი ყველა დეტალის ასახვით. თოჯინებისთვის კი წიგნებით სახლებს ვაშენებდი და ინტერიერებსაც ვუწყობდი. მათთვის ვიგონებდი ავეჯს, აქსესუარებს და ტანსაცმელს. არქიტექტორი რომ გავხდებოდი, 18 წლის ასაკში გავიგე, როდესაც სამხატვრო აკადემიაში სწავლა მოვინდომე, თუმცა როგორც მეუბნებიან, ამის წინაპირობა ბავშვობიდანვე მქონდა.

ვისაუბროთ თქვენს საგანმანათლებლო პერიოდზე

2010 წელს, სკოლის ბოლო კლასში, მეგობრების სანახავად მისული, პირველად მოვხვდი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ახლაც მახსოვს, როგორ შევედი ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან ჯერ კიდევ ურემონტო ე.წ. „მაღლივ“ კორპუსში და დავინახე შელახული იატაკი, სუსტად მბჟუტავი ყვითელი ნათურა, ნაცრისფერი კედლები, რომლებზეც ბენქსის მიბაძვით, სტენსილის ტექნიკით ვირთხები მიეხატათ. ამ დროს დერეფანში ჩამოიარა საღებავებით დასვრილმა გოგომ, კეტებით, დახეული ჯინსებით, სარაფნითა და ვარდისფრად შეღებილი თმით. ხელში აკვარელის წყლით სავსე ჭიქა ეჭირა და მის გამოსაცვლელად აუჩქარებლად მისეირნობდა უკარებო საპირფარეშოში…

მე, რომელიც ინტელიგენტი თბილისელი ინჟინრების ოჯახში გაზრდილი ფრიადოსანი გოგო ვიყავი, კეფისკენ გადატკეცილი თმით და გრამატიკის სახელმძღვანელოზე გასწორებული საუბრით, ამ სანახაობამ გამაოცა. რატომღაც, სახლში ვიგრძენი თავი, მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი აკადემიის ბოჰემური გარემო ჩემს ნამდვილ სახლს არაფრით ჰგავდა.

თვითგამოხატვის თავისუფლების ის დონე, რომელიც მაშინ აკადემიაში დამხვდა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავდა. ინტუიციურად მაშინვე გადავწყვიტე, რომ ამ სასწავლებელში უნდა ჩამებარებინა, რადგან იქაურობას ვეკუთვნოდი.

ოთხი წლიდან ვხატავდი, ამიტომ ფერწერაზე სწავლა მინდოდა, თუმცა საბოლოოდ, ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში ისე მივედი, რომ ამ პროფესიაზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ჯგუფსა და პედაგოგებში გამიმართლა. თემამაც თავისთავად ჩამითრია, თან ისე საფუძვლიანად, რომ ამჟამად, უკვე მეოთხე წელია, რაც თავად ვკითხულობ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის კურსს.

აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი პედაგოგები, ვინაიდან ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, ეს პროფესია სწორედ მათ რომ შემაყვარეს. ჩემი პირველი ხელმძღვანელები ლეგენდარული ტარიელ ქუთათელაძე და შეუდარებელი ქეთა კობახიძე იყვნენ, რომლებიც ასაკის მიუხედავად, დილიდან საღამომდე ჩვენთან ერთად სახელოსნოში მუშაობდნენ და სტუდენტების პროექტებს დეტალურად განიხილავდნენ. მაშინაც კი, როდესაც წინა საღამოს „ბარსელონა“ თამაშობდა, რომელსაც ქალბატონი ქეთა ისე გულწრფელად გულშემატკივრობდა, რომ თამაშის შემდეგ ვერ იძინებდა, ნამცხვრებს აცხობდა და მეორე დილით ლექციაზე მოჰქონდა. ბატონი ტარიელი კი თავისი საოცარი ცხოვრების ამბებს გვიყვებოდა, რომელზეც რომანიც კი დაიწერებოდა. სამწუხაროდ, დღეს ისინი ჩვენს გვერდით აღარ არიან, თუმცა ეს მოგონებები ჩვენთან განაგრძობს არსებობას.

უნდა გამოვყო ჩემი დიპლომის ხელმძღვანელები — ბატონი ტარიელის არანაკლებ ლეგენდარული ქალიშვილი, ქალბატონი ნანა ქუთათელაძე და ბატონი ზაქარია ქურდიანი. მიჭირს სიტყვებით გამოვხატო ის ემოციები,  რომლებიც ამ საოცარ ადამიანებთან ურთიერთობისას გვეუფლებოდა. ამ ერთ პატარა აუდიტორიაში პროფესიულის გარდა, დიდი ცხოვრებისეული სკოლაც გავიარეთ. ვისწავლეთ არა მხოლოდ პროექტის შექმნა, არამედ მისი წარდგენა და დაცვაც.

სამაგისტრო საფეხურზე, ურბანული არქიტექტურის პროგრამაზე, ჩვენს შემოქმედებით სახელოსნოში ქალბატონ ნანასთან ერთად,  ბატონი ზურაბ ნემსაძეც გვასწავლიდა, რომელმაც ბევრი რამ შემმატა პროფესიულად. არასდროს დამავიწყდება, როგორ გვასწავლა S.W.O.T ანალიზის (ძლიერი, სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი) შედგენა პროექტის საწყის ეტაპზე და გვითხრა, რომ მსჯელობის ეს მეთოდი უნივერსალურია. ამის შემდეგ თითქმის ყველა ცხოვრებისეულ სირთულეს ამ მეთოდის მიხედვით განვიხილავ.

ცირკის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი – სადიპლომო ნამუშევარი

გარდა ამისა, მაგისტრატურის საფეხურზე ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ვისწავლე, სადაც პროფესორი პეტერ შტაუბის სტუდიოში ძალიან საინტერესო, საქართველოსთვის უცხო და უსაზღვროდ ფასეული გამოცდილება მივიღე.

ცხოვრების ეს ეტაპი იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჩემს სადებიუტო რომანში — „არქიტექტორი“ აღვწერე. რომანი მხატვრულია, შესაბამისად, მოგონებები ტექსტის კონტექსტს მოვარგე და მთავარი პერსონაჟიც ვამოგზაურე ამ საოცარ, პაწაწინა ქვეყანაში, სადაც დიდი პროფესიული და პირადი გამოცდილება მიიღო.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა სამწერლობო საქმიანობაზეც. მოზარდობიდან ვწერ, მაგრამ მხოლოდ 2022 წელს შემთხვევით მივიღე მონაწილეობა გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი.“ ესაა დებიუტანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულს შესაძლებლობა ეძლევა, გამომცემლობასთან ითანამშრომლოს და სადებიუტო ნაწარმოები გამოაქვეყნოს. გამიმართლა და 2023 წელს კონკურსის გამარჯვებული გავხდი, ჩემი რომანი „არქიტექტორი“ კი, რომელიც არქიტექტურაზე, როკ-მუსიკასა და სიყვარულზეა, ფართო აუდიტორიამ გაიცნო.

წიგნის წარდგენა

იმის გარდა, რომ საგანმანათლებლო გზას ვაგრძელებ, რადგან ახლის შემეცნება ჩემი ცხოვრების სტილია და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ, სხვებსაც ვუზიარებ ამ გამოცდილებას და „Youtub“-ის არხზე (Russo sensei) სრულიად უსასყიდლოდ ჩემს საავტორო ლექციებს ვაცნობ მნახველს თანამედროვე არქიტექტურის შესახებ.

რა გამოცდილებებმა განაპირობა თქვენი ამჟამინდელი კარიერული სტატუსი?

როგორც არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა უმეტესობამ, მეც კარიერა სტაჟირებით დავიწყე. ეს იყო მიხეილ ბალიაშვილის კომპანია „არქიტექტურული ბიურო”, სადაც  სკვერებს ვაპროექტებდით ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, კომპანია „ატელია 1,618“-ში დავსაქმდი, სადაც სოლოლაკის სასტუმროსა და კერძო ოფისებზე ვმუშაობდი. გარდა ამისა, „აქსისშიც“ მივიღე გამოცდილება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმართულებით.

ამჟამად არქიტექტურულ კომპანია „Edifice Art“-ში ვმუშაობ უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე. ვფიქრობ, ჩემი უნარების პოტენციალი ყველაზე უკეთ სწორედ ამ თანამდებობაზე გამოვხატე, ვინაიდან ურბან-არქიტექტორის განათლება მაქვს მიღებული და დიდმასშტაბიანი პროექტები მიზიდავს. ჩვენი ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენერალური გეგმების შექმნაა. მაგალითად, ჩვენი ნამუშევარია „მწვანე ქალაქი ლისზე“, თუმცა კერძო სახლებსა და ვილებსაც ვაპროექტებთ.

როგორ შეაფასებთ თქვენს პროფესიას? როგორია თანამედროვე არქიტექტორი?  

უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ მე ჩვენი საუკუნისთვის სტანდარტული არქიტექტორი არ ვარ. რენესანსის ან ანტიკურ ეპოქაში ბუნებრივი იქნებოდა, არქიტექტორი ერთდროულად მხატვარი, მწერალი, ფილოსოფოსი, ინჟინერი და მათემატიკოსი ყოფილიყო (რაც მე არ ვარ), მაგრამ ჩვენს დროში ყველაფერი ისე მკაცრადაა ნიშირებული, რომ ზოგს ისიც კი აკვირვებს, რაფაელო სანტი და მიქელანჯელო ბუონაროტი არქიტექტორები რომ იყვნენ.

პროექტირებასთან ერთად, ვწერ, ვხატავ, ლექციებს ვკითხულობ, ამიტომ ჩემთვის შევიმუშავე ასეთი ცბიერი განსაზღვრება: მე ვარ ამბის მთხრობელი, ვინაიდან ამბის თხრობა, ჩემი აზრით, აერთიანებს ყველა იმ დისციპლინას, რომელშიც ახლა ვმუშაობ. შესაბამისად, არქიტექტურასაც ვუყურებ, როგორც ამბის თხრობას ეპოქასა და ადამიანებზე საუბარს არქიტექტურული ენით.

არქიტექტურა ეპოქის უტყუარი ილუსტრაციაა — პოლიტიკის, კულტურის, პრინციპებისა და იდეების ანარეკლი, რომელიც ეპოქის ცვალებადობასთან ერთად იცვლება.  არქიტექტურა ყოველთვის სიმბიოზური პროფესია იყო, მაგრამ ჩვენს დროში მოწოდების სიმაღლეზე მყოფი არქიტექტორი ამასთანავე იურისტი, გამომძიებელი, ფსიქოლოგი, მარკეტერი, მენეჯერი, ინჟინერი, დიპლომატი, დიზაინერი, რეანიმატოლოგი უნდა იყოს და თან შავი ფერის ტანსაცმელი უყვარდეს. ეს ბოლო აუცილებელი არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ტრადიციაა. ხუმრობით კი ვამბობ, მაგრამ სრული სიმართლეა.

არქიტექტორობა ერთი დიდი, დაუსრულებელი კვესტია და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი. დღე რომ თენდება, არასოდეს იცი რა სიურპრიზს გთავაზობს. სწავლა პენსიამდე არ სრულდება. უცხო ენები და ობიექტის ეგზოტიკური ადგილმდებარეობა მუშაობისას წინაღობას არ უნდა გიქმნიდეს, ხოლო იუმორის გრძნობა ამ პროცესში თავისთავად ილესება. ალბათ ამიტომაცაა, რომ არქიტექტორები, სტატისტიკის თანახმად, დიდხანს ცხოვრობენ. ჩვენი შრომა ამოუწურავი მისიაა, შესაბამისად, ტონუსი არ უნდა დავკარგოთ!

მიწისქვეშა სივრცის კონცეპტუალური დიზაინი
მიწისქვეშა სივრცის კონცეპტუალური დიზაინი
მიწისქვეშა სივრცის კონცეპტუალური დიზაინი

შემოქმედებით პროცესში შთაგონება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. საინტერესოა, თქვენ როგორ გებადებათ იდეა?

შთაგონება ისეთი რამაა, შეიძლება სრულიად მოულოდნელად გეწვიოს, ამიტომ ვცდილობ, მუდმივად გახსნილი ვიყო. ყოველთვის არ გამოდის, ცხადია – ზოგჯერ ცივა, ცუდ ხასიათზე ვარ, ან კაფეში ჩემი საყვარელი ჩაი არ აქვთ, რაც ხანდახან უკეთესიცაა, რადგან შესაძლებლობა მეძლევა, სხვა ჩაი გავსინჯო.

მე მიყვარს ლიტერატურა, მუსიკა, კარგი კინო, მოგზაურობა,  საინტერესო ხალხთან საუბარი, რაც არაერთ იდეას ბადებს და ნაყოფიერია ფონური, ზოგადი ცოდნისთვის, რომელიც მოაზროვნე ადამიანს ძალიან სჭირდება. პირადად ჩემთვის, ახალი იდეის მოსაფიქრებლად ყველაზე სასარგებლო ის იშვიათი დღეები თუ საათებია, როცა არაფრის კეთება მიწევს. შეიძლება უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ სიმშვიდის იმ ვაკუუმში, როდესაც არსად მეჩქარება, არავინ მირეკავს, არაფერი იწვის და ცხრა საქმეზე ერთდროულად ფიქრი არ მიწევს, სხეული დუნდება და დამშვიდებული ფსიქიკა კარგი ამინდის და ჩაის გემოს შემჩნევას იწყებს. სწორედ ამ დროს მოდის საუკეთესო აღმოჩენები ვითომ არსაიდან. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ფონური ცოდნა, გამოცდილება და შინაგანი სწრაფვა მუშაობს, მაგრამ შეგრძნება ისეთია, რომ აზრი კოსმოსიდან მოიტანა მუზამ დაუპატიჟებლად. სხვათა შორის, ასეთი მომენტები ხშირად ძილის დროს მაქვს, ამიტომ, გარკვეულწილად, გამოდის, რომ ძილშიც ვმუშაობ ხოლმე.

კონცეპტუალური პროექტი – ხსოვნის ოკეანეში ჩაძირული ძეგლები
კონცეპტუალური პროექტი – ხსოვნის ოკეანეში ჩაძირული ძეგლები. რომის კოლიზეუმი

მოგვიყევით თქვენი სამუშაო პროცესის შესახებ

არქიტექტურულ ოფისში მუშაობა საკმაოდ დაგეგმილი და ტექნიკური პროცესია. როგორც უფროს არქიტექტორს, სხვა თანამშრომლების თვალყურის დევნება, დავალებების მიცემა, მათი დახმარება, მომიჯნავე დარგის სპეციალისტებთან და სახელისუფლო ინსტანციებთან თანამშრომლობა მევალება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყოველდღიური სამუშაო რუტინა უამრავი დეტალისგან და ადამიანებთან კომუნიკაციისგან შედგება.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამხატვრო აკადემიაში მოწვეული პედაგოგი ვარ, სადაც არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არქიტექტურის გაცნობა მევალება, არამედ მათი შუალედური ნაშრომების გასწორება და გამოცდების ჩატარება. ცხადია, ეს ნაკლებად ამაღელვებელი ნაწილია, მაგრამ სტუდენტებთან ურთიერთობის სიხარულის გამო, ორივე მხარეს ამის ატანა გვიწევს.

კონცეპტუალური პროექტი – ხსოვნის ოკეანეში ჩაძირული ძეგლები. მწ. პოლის კათედრალი
კონცეპტუალური პროექტი – ნოტრ-დამი

რაც შეეხება ჩემს დანარჩენ პროექტებს, დროის სიმცირის გამო, მიწევს „ტალღებად“ ვიმუშაო. არის პერიოდები, როდესაც ინტენსიურად ვწერ. ძირითადად მხატვრულ პროზას, სადაც უფრო ადამიანის სულისა და ფსიქიკის საკითხები მაინტერესებს, მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და რთული საკითხების პრეპარირება. ჩემი გონების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მომწონს დიდტანიანი ფორმები. ალბათ ამიტომაც ვარ ურბან-არქიტექტორი. გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაც შემიძლია, მაგრამ ეგ ნაკლებად მართობს.

არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც ხშირად ვხატავ. თუმცა ბევრი არქიტექტორისგან განსხვავებით, ვხატავ არა შენობებს ან ფუტურისტულ პეიზაჟებს, არამედ ადამიანების პორტრეტებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში შეკვეთით 300-ზე მეტი პორტრეტი დავხატე, სადაც 500-მდე სახე მაინც იქნებოდა გამოსახული. საკუთარი თავისთვის კი ალეგორიულ პორტრეტებს ვაკეთებ. ზოგიერთი მათგანი ჩემი წიგნების პერსონაჟია, ზოგი კი უბრალოდ ძალიან საინტერესო ადამიანი.

ისეთი ეტაპიც მქონდა ცხოვრებაში, როდესაც ფოტოებს ვიღებდი და 2017 წელს ფოტო ფესტივალ „ქოლგა“-ს ფინალშიც კი მოვხვდი. ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ახალბედას კვალობაზე, ძალიან კმაყოფილი ვიყავი შედეგით. ახლა აღარ ვიღებ, სხვა პერიოდი მაქვს ცხოვრებაში…

ფოტო ფესტივალი ქოლგას ფინალი. 2017წ.

ცხოვრების აქტიურ რეჟიმთან ერთად, ზოგჯერ პასიური „ტალღები“ მეც  მაქვს. ასეთ დროს ძირითადად მუსიკას ვუსმენ, ვკითხულობ ან კინოს ვუყურებ.  შემიძლია გაუჩერებლად ვნახო ფელინის ან ფრანგული „ახალი ტალღის“ ფილმები, ანიმე, ან „ნეტფლიქსის“ სერიალები. სნობი არ ვარ, მას-კულტურაც ისევე მაინტერესებს, როგორც ელიტარული პროდუქტი, რადგან ორივე ცხოვრების ნაწილია. ძალიან ინტუიციური ადამიანი ვარ და მწამს, რომ ჩემს მრავალფეროვან ყოფაშიც კი შესაძლებელია ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო.

საავტორო ილუსტრაცია

საინტერესოა, გყავთ თუ არა საყვარელი არქიტექტორი, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს თქვენს შემოქმედებაზე?  

ჩემი ღრმა რწმენით, ხელოვნებაც და არქიტექტურაც სინთეზის გზით იქმნება. სუფთა სტილების და მიმართულებების დრო წარსულში დარჩა. დღეს  დისციპლინები და იდეები ერთმანეთის სარბიელზე გადადიან და ის შემოქმედია უფრო წარმატებული, ვინც ამ სიმბიოზს უფრო დახვეწილად წარმოაჩენს, რაც  ძალიან საინტერესო ფენომენია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არქიტექტორი, ჰოლანდიელი შემოქმედი, პრიცკერიანტი – რემ კულჰაასი. პროფესიაში გვიან მოსულია და არქიტექტურასთან ერთად, მწერალი, ჟურნალისტი, ფილმებისა და უამრავი საინტერესო ისტორიის ავტორია. ვერ ვიტყოდი, რომ მისი ვიზუალური ესთეტიკური ხაზი სრულყოფილია ჩემთვის, მაგრამ მისი საქმისადმი დამოკიდებულება აღმაფრთოვანებს. როგორ ადარებს მეგაპოლისების აგლომერაციებს ტანსაცმლის ინდუსტრიას წიგნში — „SMLXL”, ან რამხელა სიყვარულითა და ცინიზმით მსჯელობს ნიუ-იორკის დაუოკებელ და აღვირახსნილ არსზე „Delirious New York”-ის ტექსტში. მისი შენობები ქალაქის კონტექსტის, ფუნქციის, მომავლის ხედვის და შემოქმედის ესთეტიკის ნაერთია, რაც, ჩემი აზრით, კარგი რეცეპტია საინტერესო პროექტისთვის.

კონცეპტუალური პროექტი – მიტოვებული ნავთობმომპოვებელი პლატფორმების რეაბილიტაცია
კონცეპტუალური პროექტი – მიტოვებული ნავთობმომპოვებელი პლატფორმების რეაბილიტაცია

თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

მინდა გავიხსენო ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში შექმნილი სტუდენტური პროექტი. დავალების თანახმად, უნდა დაგვეპროექტებინა ახალი ტიპის არქიტექტურული სკოლა, რომლისთვისაც მანიფესტოს ორი თვე ვწერდით. პროფესორ შტაუბის სტუდია დამსახურებულად ითვლებოდა ყველაზე კონცეპტუალურ სივრცედ, ამიტომ ვიცოდი, რომ გამართული არქიტექტურის მიღმა, რაღაც საოცარ ისტორიასაც ელოდნენ ჩვენგან. მეც ასეთი რამ მოვიფიქრე: მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაყოფილ ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ბერლინის კედლის აღმოსავლეთით აღმოჩენილ მუზეუმთა კუნძულის გარეშე დარჩა. საპირწონედ, მოდერნისტებმა დასავლეთ ბერლინში ე.წ. კულტურფორუმი შექმნეს — სივრცე, სადაც განთავსებულია ჰანს შარუნის დაპროექტებული ფილარმონია და ბიბლიოთეკა, გერმანულენოვანი სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევითი ცენტრი, აგრეთვე მის ვან დერ როეს ახალი ეროვნული გალერეა და სხვა ნაგებობები (კულტურფორუმის მეზობლად მოგვიანებით რენცო პიანოს გენ-გეგმით დამატებითი ბიზნეს-გასართობი სივრცე დაპროექტდა, სადაც პიანოს, რიჩარდ როჯერსის, არატა ისოძაკის და სხვათა შენობები დგას).

არქიტექტურის ახალი სკოლა ბერლინში

აღსანიშნავია, რომ ომამდე ბერლინში ნაცისტური პროპაგანდის გავლენით, მოსახლეობამ უამრავი წიგნი დაწვა, ხოლო ომის დროს ბერლინის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2 მილიონი წიგნი დაკარგა, 3 მილიონი კი მონასტრებში გადაიტანეს. შემდგომში ისინი დამწვარი წიგნების ნაშთებზე აგებულ შენობაში მოათავსეს. დაბრუნებული წიგნების სამყოფელი შესაძლოა მივიჩნიოთ ახალი ისტორიის დასაბამადაც. შესაბამისად, ჩემი იდეა გულისხმობდა არქიტექტურის სკოლასთან ბიბლიოთეკის ინტეგრირებას.

ბიბლიოთეკის დიდი, მასიური ბლოკის უკან ლითონის ელეგანტური სტრუქტურა დავაპროექტეთ და ავწიეთ მის თავზე, როგორც „ღრუბელი“ (რაც პროექტის სახელიცაა — უჩინარი მეგზური, როგორც იდეათა აკუმულირების სფერო). შესასვლელი კი ჰანს შარუნის ბიბლიოთეკის პირველ სართულს მივაბით, რომელიც კარგად მოწყობილი ეზოსკენ გავხსენით (ამჟამად არსებული პარკინგი მის ქვეშ ჩავიტანეთ) და უფრო ლიბერალურ, მიმზიდველ სივრცედ გარდავქმენით ეს შთამბეჭდავი გაბარიტების დარბაზი.

არქიტექტურის ახალი სკოლა ბერლინში – გეგმა
არქიტექტურის ახალი სკოლა ბერლინში – ჭრილი

დროის სიმცირის გამო, ძალიან რთულ ვითარებაში მომიხდა ამ პროექტზე მუშაობა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ შედეგით. პოეტური იდეა იყო და კრიტიკაც ევროპული სტანდარტით მკაცრი მივიღე, მაგრამ შეფასება მაღალი დავიმსახურე.

ვისაუბროთ ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეზე, რა მნიშვნელოვან გამოწვევებს გამოყოფდით ამ მიმართულებით და როგორ გესახებათ მათი გადაჭრის გზები?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სტერეოტიპების, ჩვენს გონებაში მყარად ჩაბეჭდილი სურათების დაძლევაა. თუნდაც ისეთი მარტივი კლიშე, როგორიცაა სასტუმრო ოთახში აუცილებლად მდგარი „ტროიკა“ (სამეული) ტელევიზორის წინ, რომლის გარეშეც მისაღები ოთახი უფუნქციოდ მიიჩნეოდა.

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ თანდათან მოდიდან გადადის ე.წ. „ევრო რემონტი“, რომელიც ევროპაში ბუნებრივია არასდროს ყოფილა, ვინაიდან წმინდა წყლის პოსტ-საბჭოთა ფენომენია. „ევრო-რემონტი“ თავისი არსით გამოხატავდა მარტივ პრინციპს – ყველაფერი უნდა ყოფილიყო ახალი, ხარისხს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

სიახლისადმი ეს დაჟინებული ლტოლვა პოსტ-საბჭოთა სამყაროში გასაგებია. საბჭოთა ერთფეროვნებას “მოყირჭებული” ხალხი ცდილობდა, მოეშორებინა ყველაფერი ძველი და სუფთა ფურცლიდან დაეწერა საკუთარი ახალი, წარმატებული ცხოვრების ისტორია. ლამაზი, მიმზიდველი ამბავი იყო, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ „ევრო-რემონტის“ სიახლის ჟინს თან მიჰყვებოდა არა მხოლოდ „მადონას სერვიზი“ და „შკაფ-სტენკა ჰელგა,“ არამედ ნამდვილი, მასიური ხის ანტიკვარიატიც. ხის ფანჯრები იცვლებოდა უხარისხო მეტალო-პლასტმასით, ფაიფურის და ბროლის მობეზრებული ჭურჭელი კი ფერადი პლასტმასისა და მინის ნაკეთობებით. ჩემს ბავშვობასაც გასდევდა თან „ევრო-რემონტის“ ეპოქა, რომელიც ძალიან კიტჩური იყო. ახლაც ისე მახსენდება, როგორც ოდესღაც ნანახი უცნაური ფილმი. თუმცა იმ ეპოქის ხალხი, ჩვენი მშობლების თაობა, დღეს ხშირად გაოგნებულია, არ ესმით, რატომ მოგვწონს ძველი, ვინტაჟური ავეჯი, მოუპირკეთებელი ბეტონის ჭერი და კედლები ან შეწებებულ-დამსხვრეული ნივთები.

სტერეოტიპულად რომ ვთქვათ, პოსტ-საბჭოთა ადამიანისთვის ძველი და დროით დაღდასმული ნივთი უპოვრობის და დეგრადირების ნიშანია, ხოლო ახალი — სიმდიდრის და წარმატების სიმბოლო. ჩემთვის აი ესაა საინტერესო, ხალხის რეაქცია შექმნილ გარემოზე, სივრცისა და ადამიანის ურთიერთობის დრამატურგია, რომელიც ამ დიალოგში წარმოიქმნება და არა მოდური ჟურნალიდან კარგად გადმოღებული ინტერიერის თუ მოცულობის ვიზუალური იდეა. თუმცა კი სხვისი იდეის მოხდენილად გადმოღება და რეალიზაციაც დიდი ხელოვნებაა.

სტერეოტიპების დაძლევაში უპირველესი იარაღი განათლება მგონია. მრავალფეროვანი, ღრმა და რაც მთავარია, ინტერესით და ენთუზიაზმით აღსავსე ცოდნა. შეიძლება პათოსურადაც ჟღერს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მისიად ჩვენს საზოგადოებაში არქიტექტურასთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება მიმაჩნია. სამწუხაროდ, არქიტექტურა ბევრად უფრო კამერული და პროფესიული სფეროა, ვიდრე სახვითი ხელოვნება ან ლიტერატურა. ამ ელიტარულობაში კი, პირადად მე, დიდ სარგებელს ვერ ვხედავ. ამ მხრივ არქიტექტურა ჰგავს კლასიკურ მუსიკას ან ბალეტს, რომლებიც ბევრისთვის ლამაზი და გაუგებარია, მაგრამ თუკი მუსიკის ან ბალეტის შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ არ შემოვუშვათ ეს დისციპლინები ჩვენს ცხოვრებაში და ბედნიერად გავაგრძელოთ ჩვენი გზა, არქიტექტურა ამის საშუალებას არ გვაძლევს, ვინაიდან ის ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ინსტალაცია

როგორ ფიქრობთ, განვითარების რა ეტაპზეა ქართული არქიტექტურა?  

მე ვიტყოდი, რომ ნელა, მაგრამ წარმატებით გამოვდივართ „ველური“ პოსტ-მოდერნისტული პარადიგმიდან. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის იმ აზრამდე, რომ კიტჩი და კარგი გემოვნება შეუთავსებელია. შენობა მხოლოდ მისი ვიზუალი არ არის, ხარისხი და სისადავე კი თავისი არსით ბევრად სჯობს ყალბ სიმდიდრეს და იაფფასიან შოუ-ეფექტებს. ვფიქრობ, დიდებული ქალაქები ერთ დღეში არ შენდება, ეს განათლებული თაობების შეხმატკბილებული შრომის შედეგია. ასე რომ, მეტი სწავლა და მუშაობა გვმართებს, რაც სასიკეთო ცვლილებებს მოგვიტანს.

ინსტალაქია ვენეციის ბიენალეს ფარგლებში, 2016 წ.

საქართველოში რომელ არქიტექტურულ პროექტებს გამოარჩევდით?

მომწონს „სტამბა“-ს მრავალფუნქციური კონცეპტი და ძველისა და ახლის შერწყმის ბალანსი. ზოგადად, ეს ჩემი საყვარელი მხატვრული ხერხია შემოქმედებაში. აღსანიშნავია კვების ობიექტთა ისეთი კონცეპტუალური განაწილება, როგორიც თბილისში „ბაზარი ორბელიანზე“ გაკეთდა. მსგავსი სივრცე, სადაც კვების ობიექტის ოცამდე პატარ-პატარა რესტორანი გაერთიანებულია ერთი საზიარო დარბაზის გარშემო, ბრიუსელშიც ვნახე („Wolf“). აქ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ის კერძი შეუკვეთოს, რაც სურს, ბოლოს კი მაინც ყველანი ერთ სუფრაზე სხდებიან. გამიხარდა, რომ მსგავსი კონცეპტი თბილისშიც განხორციელდა. ზოგადად, ლიბერალური სივრცეების მომხრე ვარ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე

ამ გაზაფხულს საბერძნეთში ვაპირებ მოგზაურობას, შთაბეჭდილებები და მასალები უნდა შევაგროვო ახალი კურსისთვის ანტიკური არქიტექტურის შესახებ, რომელზეც უკვე დიდი ხანია მოთხოვნაა აუდიტორიისგან, მაგრამ ჯერ ვერაფრით მოვიცალე. გარდა ამისა, ოფისში პროექტების ხელმძღვანელობის პარალელურად, ვგეგმავ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობის მიღებას ჩემი გრაფიკული ნამუშევრებით „თი-ბი-სი  კონცეპტის“ დარბაზში. ამასთანავე, ვმუშაობ ახალ რომანზე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ნაძვისებური და V ფორმის იატაკი ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის

#WinningFormula: არმინ ებერჰარდი Wyndham Grand Residence Tbilisi-ს მენეჯმენტის შესახებ