in

პრეზერვაციის არქიტექტურა – MUA-ს პროექტი აბასთუმანში

თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკაში ისტორიულ-კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნება მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. სულ უფრო ფართოდ აღიქმება, რომ შენობების პრეზერვაცია აუცილებელია არა მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული ნაგებობა განსაკუთრებულ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს, არამედ მაშინაც, როდესაც მისი ფიზიკური ან ისტორიული არსებობა გარემოს მდგრადობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

სამშენებლო ნარჩენების შემცირება, უკვე არსებულ მასალებთან და სტრუქტურებთან მუშაობა, სივრცის ისტორიული ფენების შენარჩუნება — ეს ყველაფერი დღეს აყალიბებს ახალ ხედვებს, რომლებიც მასიური მშენებლობების ნეგატიურ ზეგავლენას ამცირებს და არქიტექტურას უფრო პასუხისმგებლიან პრაქტიკად აქცევს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა MUA-ს ახალი არქიტექტურული პროექტი აბასთუმანში — მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ახლანდელმა ინტერვენციამ არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გააცოცხლოს არსებული სტრუქტურა და მისთვის ახალი ფუნქცია და მნიშვნელობა შექმნას.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დაბა აბასთუმანში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოცხის ხეობაში. ნაკვეთი მოქცეულია მდინარის ნაპირსა და მესხეთის ქედის სამხრეთ კალთას შორის. ლანდშაფტი ქმნის ბუნებრივ პლატოს, რომელიც ორ ძირითად დონედ იყოფა: ქვედა პლატო შემოსაზღვრულია მდინარით, ზედა პლატო – კლდის მასიური კლდით. ტერიტორია ორ წერტილში უკავშირდება საავტომობილო გზას, რაც მას ბუნებრივად ინტეგრირებულ კვანძად აქცევს.

ნაკვეთზე არსებული ორი ნაგებობა — ორსართულიანი ბეტონის ყოფილი საბაგირო და ერთსართულიანი აგურის დამხმარე ნაგებობა — სრულიად განსხვავებულ არქიტექტურულ და დროით შრეებს ასახავს. ისინი მასალით, ფორმით, კონსტრუქციითა და ფუნქციით ერთმანეთისთვის ერთგვარი ანტიპოდები არიან, თუმცა ორივეს აქვს ისტორიული მნიშვნელობა და ტერიტორიის განწყობასა და ხასიათს განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობებს პირვანდელი ფუნქცია დაკარგული აქვთ, ისინი მაინც ინარჩუნებენ იმ კულტურულ კონტექსტს, რომელიც სივრცეს განსაკუთრებულ ადგილობრივ იდენტობას ანიჭებს.

MUA-სთვის არსებული სტრუქტურების შენარჩუნება მხოლოდ ფიზიკური მატერიის გადარჩენა არ არის, არამედ ამ ნაგებობების ისტორიის, მათი როლისა და მათ მიერ შექმნილი გარემოს გაგრძელებაა. რევიტალიზაცია აქ განიხილება როგორც მეთოდი, რომლის საშუალებითაც ძველი შრეები სიცოცხლისუნარიან სივრცეებად გარდაიქმნება.

პროექტის მთავარი არქიტექტურული ელემენტი ახალი მოცულობაა, რომელიც ორ არსებულ ნაგებობას ერთმანეთთან აკავშირებს. ამ დეტალის ესთეტიკური გადაწყვეტა განზრახ კონტრასტულია: თანამედროვე მასალები, ექსპრესიული ფორმა და მკვეთრი ტექტონიკა ხაზს უსვამს დროით განსხვავებას და აძლიერებს არქიტექტურულ დიალოგს სხვადასხვა ეპოქას შორის.

ერთ მხარეს დგას აგურის ნაგებობა იმპერიის დროინდელი არქიტექტურული ტიპოლოგიით; მეორე მხარეს — საბჭოთა პერიოდის ტექნიცისტური, რკინა-ბეტონის საბაგიროს სადგური. მათ შორის ჩნდება ახალი მოცულობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურულ ენას იყენებს და ამ კონტექსტში ქმნის დამატებით ფენას. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგად ყალიბდება ერთი მთლიანობა, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს არ ეჯიბრება, არამედ ქმნის უწყვეტობას, სადაც თითოეული ელემენტი სივრცის საერთო ისტორიას განაგრძობს.

MUA-ს პროექტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს არსებულ სტრუქტურებთან მუშაობას და მათ ტრანსფორმაცას. აბასთუმანში განხორციელებული არქიტექტურული ინტერვენცია ცხადყოფს, რომ როდესაც არქიტექტურა ყურადღებით ეკიდება წარსულს, შედეგად ვიღებთ სივრცეს, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ისტორიას და ქმნის მომავალს.

MUA Architecture & Placemaking-ი მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე არქიტექტურული ოფისია. მისი სამუშაო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს, როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. სტუდიის სამუშო პროცესი, გარემოსთან მუდმივი დიალოგის, მრავალმხრივი ძიების, შემოქმედებითი დამოკიდებულებისა და ღრმა ტექნიკური ცოდნის სინთეზია. გუნდის წევრებს სჯერათ ლატერალური აზროვნების, რაც სიღრმეებში წვდომას, უხილავის გამოვლენას და ახლის აღმოჩენას პროვოცირებს. MUA-ს საქმიანობის სფერო და მიზნები საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტების ინიცირება და განხორციელებაა. კომპანიის საქმიანობა სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს საერთაშორისო პროექტებს სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ალბანეთსა და გერმანიაში.

პროექტის ავტორები:

დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე, სალომე მამრიკიშვილი, მერაბ მებუკე, ელენე ედიშერაშვილი, ლევან ძეგველაშვილი, სალომე კაცაძე

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

ზღვასთან მშენებლობის ხელოვნება – ტექნოლოგია, სირთულეები და მნიშვნელობა