in

ტერასიანი ოჯახური სახლი მაიორკაზე

Banner M2
Banner M2

„PMA Studio“ -ს არქიტექტორებმა შვედი ოჯახისთვის სახლი დააპროექტეს, სადაც სკანდინავიური და შუაზღვისპირეთის ესთეტიკა გააერთიანეს.

ეს სახლი პალმის გარეუბანში მდებარეობს და პარეს ოჯახს ეკუთვნის. ისინი შვედეთიდან აქ ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ჩამოდიან. მფლობელებს ნატურალური მასალებითა და ნათელი ფერებით გაწყობილი ისეთი ინტერიერის შექმნა სურდათ, რომელიც დროს გაუძლებდა.

დასახული მიზნის მისაღწევად არქიტექტორების გუნდმა სტუდიის დამფუძნებლის – პაბლო მადრიდის (Pablo Madrid) ხელმძღვანელობით სკანდინავიური ესთეტიკისა და შუაზღვისპირეთის დეტალების გამოყენება გადაწყვიტა.

ეს ბინა 1940-იანი წლების ტიპური სწორკუთხოვანი ნაგებობაა. დიზაინერებმა მთლიანად გადააგეგმარეს სივრცე იმ მიზნით, რომ აქ მაქსიმალური ბუნებრივი სინათლე შემოსულიყო. სასტუმრო, სამზარეულო და სასადილო ოთახები გაერთიანებულია და გასასვლელით შიდა ეზოში გადის.

დიდი გასაშლელი კარი მესაკუთრეებს პატარა ეზოსა და საცხოვრებელი ზონის გაერთიანების საშუალებას აძლევს.

გვერდით საბავშვო ოთახია, რომელსაც შუშის კუთხური ტიხარი და სამანსარდე ფანჯარა ამშვენებს. მთავარი საძინებელი ოთახი შემოსასვლელ ზონასთან ახლოს მდებარეობს.

ვესტიბიულში, სასტუმრო ოთახის გვერდით, ნატურალური ქვისგან შესრულებული ნიჟარაა მოწყობილი.

აქედან ორ სააბაზანო ოთახთან წვდომა და შავი ლითონის კიბით სახურავზე ასვლაა შესაძლებელი.

კიბე სპეციალურად ამ პროექტისთვის არის დამზადებული. ზევით სამრეცხაო და ღია სამზარეულოა მოთავსებული. ტერასის ერთ მხარეს კი ქვის L ფორმის  სკამი დგას.

ინტერიერის გაფორმების დროს დიზაინერებმა ნატურალური მასალები და ელფერები გამოიყენეს. კერამიკა, კირქვის იატაკი და ხის ფიცრები, რომლებსაც მაიორკის ტრადიციებისკენ მივყავართ, ხოლო ფანჯრების შავ რაფებსა და ფურნიტურას ინტერიერში სკანდინავიური სტილის შტრიხები შემოაქვს.

 

5 გამორჩეული წიგნი ინტერიერის დიზაინის შესახებ

პანდემიის გავლენა ინტერიერის დიზაინზე – ანკა გეგეშიძის ხედვა