in

პანდემიის გავლენა ინტერიერის დიზაინზე – ანკა გეგეშიძის ხედვა

პანდემიამ ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი შეცვალა. სახლი გახდა არა მხოლოდ ოთახი, რომელშიც ჩვენ ვისვენებთ, არამედ სკოლა, ოფისი და სპორტული დარბაზიც კი. ამას გარდა, პანდემიამ გავლენა იქონია ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. კერძოდ, შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება ინტერიერისადმი. ყველაფერი ეს შენობის განლაგებაში ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამ საინტერესო თემაზე გავესაუბრეთ ინტერიერის დიზაინერ ანკა გეგეშიძეს, რომელიც Homeis.ge-ს მკითხველს საკუთარ ხედვას უზიარებს:

ავტორი: ანკა გეგეშიძე

“კარანტინში ცხოვრებამ აჩვენა განლაგების სისუსტეები და გამოხატა ახალი ტენდენციები საცხოვრებელი ფართების დიზაინში. ბოლო დრომდე, დიზაინერები ცდილობდნენ სივრცეების გაერთიანებას: სამზარეულო-მისაღები, მისაღები-სასადილო ოთახი – ანუ მეტი სივრცე და ნაკლები კარი. თუმცა, სახლში იძულებითი ჩაკეტვის დროს, დანაყოფებისა და პირადი სივრცის ნაკლებობა სერიოზულ გამოცდად იქცა. გაჩნდა ტენდენცია შიდა სეპარატიზმისკენ.

აქედან გამომდინარე, ბოლო თვეების განმავლობაში, ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ისეთ საცხოვრებელ სახლებზე, რომელთაც გააჩნიათ მრავალჯერადი იზოლირებული ოთახები, ფართო აივნები და სივრცის დაგეგმვის სხვა გადაწყვეტილებები. შედეგად, ღია გეგმის სტუდიებისა და ბინებისადმი ინტერესი შემცირდა. სახლის არჩევისას კომფორტი და უსაფრთხოება ბევრისთვის მთავარი სახელმძღვანელო გახდა. გამოიკვეთა შემდეგი მოთხოვნები ბინის შეძენისა თუ გარემონტებისას:

მოდულური ინტერიერი

თანამედროვე დიზაინის მთავარი ტენდენცია არის მოდულური ინტერიერის შექმნა, რომელიც ადვილად ადაპტირდება ოჯახის თითოეული წევრის საჭიროებებზე. მოდულური სისტემები ჩვეულებრივ შედგება სხვადასხვა ელემენტისგან. ამრიგად, შესაძლებელია ამ სისტემაში სხვადასხვა დეტალების გაერთიანება. ნებისმიერს შეუძლია შექმნას საკუთარი უნიკალური კომპოზიცია, რაც მისთვის მოსახერხებელია.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

მაგალითად, კონვერტირებადი დივნები, რომლებიც მარტივად შეიძლება გადაკეთდეს სამუშაო მაგიდად. ასეთი გადაწყვეტილებები ფუნქციონალურია და ამას გარდა, იძლევა ადგილის დაზოგვის საშუალებას.

ვიდეო ზარების ფონი

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის რეჟიმი ბევრ ქვეყანაში შემსუბუქდა, ბევრისთვის სახლიდან მუშაობა საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა და ისინი სულაც არ ჩქარობენ საკუთარ ოფისებში დაბრუნებას. თუ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და არ გსურთ ვიდეო კონფერენციის ჩატარება გარდერობის ან ფარდების ფონზე, შეგიძლიათ ერთ-ერთ კედელი მორთოთ  ელეგანტური პანელით ან ნათელი პლაკატით.

როზეტების რაოდენობა

პანდემიის დროს ასევე გაიზარდა  მოთხოვნა როზეტების რაოდენობაზე. ეს საშუალებას იძლევა, რომ კომპიუტერული ტექნიკა გამოყენებულ იქნას ბინის ნებისმიერი წერტილიდან.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

სუფთა ჰაერი

ოთახის ჰაერს შეიძლება იმაზე მეტი წყარო აბინძურებდეს, ვიდრე ეს გარეთ ხდება. ამ დამაბინძურებლებს შორის შეიძლება იყოს იატაკის ან ავეჯის ლაქი, იატაკის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, ე.წ. ჰაერის “გამწმენდი” აეროზოლები და სხვა. ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ბენზოლს, ფორმალდეჰიდს, ქსილენს და ტრიქლოროეთილენს. გარდა ამისა, ქუჩიდან შემოღწეული გამონაბოლქვი ოთახში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე გარეთ. მითუმეტეს, თუ ოთახი კარგად არ ნიავდება.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

ბუნებრივია, ადამიანებს არ სურთ შეეგუონ ჟანგბადის ნაკლებობასა და დაბალ  ტენიანობას, სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას სხვადასხვა გზით. აქედან გამომდინარე, დამატენიანებლები, იონიზატორები, სავენტილაციო სისტემები და ჰაერის გამწმენდები გახდა ყოველდღიური საჭიროება. წყლის ფილტრების პოპულარობა იზრდება, ჩნდება მიქსერები, რომლებიც ამდიდრებენ წყალს ოზონით. ოზონირებული წყალი ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და მიკროორგანიზმებს, ეფექტურად და უსაფრთხოდ ახდენს დეზინფექციას საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. მაგალითად, IKEA–მ ახლახან გამოუშვა ახალი ფარდები, რომლებიც ასუფთავებენ და ფილტრავენ ჰაერს.

ყვავილები და ფერები

ახალ ერაში ინტერიერის დიზაინის მთავარი ამოცანა გახდა ფსიქოლოგიური კომფორტის გაზრდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც აქცენტი ბუნებრიობასა და გარემოს კეთილგანწყობაზე კეთდება. შესაბამისად, ბუნებასთან სიახლოვე დიზაინის წამყვანი ტენდენცია გახდა.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

როდესაც ბევრ დროს ვატარებთ სახლში, ბუნებრივად გვინდება გამუდმებით ესთეტიკური და პოზიტიური ელემენტების ხილვა. ამ როლის მთავარი კანდიდატი ცოცხალი მცენარეებია. სახლის მინი-ბაღები პოპულარობას იძენს აივნებზე, სამზარეულოებში, მისაღებ ოთახებში და სველ წერტილებშიც კი. მთავარი “ჯუნგლები” იკავებს ფანჯრის რაფებს, მაგიდებს, საგარდერობო და წიგნის თაროებს. ხშირად გვხვდება კედელზე მიმაგრებული ან ჭერზე ჩამოკიდებული ქოთნები, პოპულარობას იძენს ე.წ. “ვერტიკალური ბაღები”, მოდაში ბრუნდება  ბუნებრივი ხავსისგან დამზადებული უპრეტენზიო კედლები, რომელთა მიმართ ინტერესი დიზაინერებს თითქმის დაკარგული ჰქონდათ.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

მცენარეების გამოყენება შესაძლებელია სივრცის ვიზუალური ორგანიზაციისთვის და ფუნქციურ უბნებს შორის “მწვანე კედლის” ასაშენებლად. ამ ყველაფერთან ერთად, მათ ჰაერის გაწმენდის უნარი აქვთ.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

ფერთა გამა

ბუნებისადმი ლტოლვა და სიმშვიდე აისახება ფერების არჩევანზეც. 2021 წლის ერთ -ერთი ტენდენცია არის პოზიტიური ინტერიერი, რომელიც ქმნის კარგ განწყობას. მოდაში შემოვიდა ემოციურობა და “დიზაინის გულწრფელობა”. შესაბამისად, მონოქრომული დიზაინი თანდათან წარსულს ჩაბარდება.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

პოპულარულია მზიანი  ფერები, რომლებიც ვიზუალურად ათბობენ ოთახებს. დიზაინერები  ასეთ ფერებს მუქ ოთახებში მოიაზრებენ. ფერი გამოიყენება როგორც ფართო მასშტაბით, ასევე ინტერიერის გარკვეული ადგილების აქცენტებისთვის.

აივნები და ლოჯიები

ამ ზაფხულს აივნები და ლოჯიები მრავალი ჩვენგანისთვის მართლაც წმინდა ადგილად იქცა. არასაჭირო ნივთების შესანახად ქცეულმა აივნებმა მალე “სპორტული დარბაზების” და “სამუშაო ოთახების” ფუნქცია შეითავსეს. თუ გადაწყვეტთ აივანზე კაბინეტის მოწყობას, არ დაგავიწყდეთ იატაკის გათბობა და კომფორტული სავარძლების შეძენა. ამას გარდა, რეკომენდებულია ფანჯრების ხმის იზოლაცია, ვინაიდან შემომავალმა ხმაურმა შესაძლოა კონცენტრაცია დაგაკარგვინოთ.

ბუნებრივი მასალები და ტექსტილი

ინტერიერში არსებულმა მასალებმა შეიძლება არამხოლოდ გამოავლინოს თქვენი პიროვნება, არამედ დადებითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ამ მხრივ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღებ ოთახს. დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, შეარჩიოთ შესაფერისი მასალები, რომლებიც არ ავრცელებენ მავნე მიკრობებს და არიან ეკოლოგიურად სუფთა. მაგალითად, აქტუალური გახდა  მინის და მარმარილოს მაგიდები, ასევე აბრეშუმი, რომელიც ღირებულია არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმის გამოც, რომ მას აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ნატურალური ტყავი – კაცობრიობამ დიდი ხანია იცის ამ მასალის ანტიბაქტერიული თვისებების შესახებ.

ავტორი: ანკა გეგეშიძე

რაც შეეხება ტექსტილს, ხალიჩები, ფარდები, საბნები, ბალიშები პოპულარული პროდუქტი გახდა და საგრძნობლად გაიზარდა მათზე მოთხოვნა. ტექსტილის სწორად შერჩევა აუცილებელია იმისთვის, რომ ინტერიერმა საბოლოო სახე მიიღოს. ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რომელიც საოცარ სიმყუდროვეს ქმნის სახლში. კომფორტული ინტერიერი კი დღევანდელ რეალობაში აუცილებელია.

ჭკვიანი სახლი

ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები უახლოეს მომავალში ბევრად უფრო ხშირად იქნება გამოყენებული, რაც შეამცირებს  კონტაქტს კარის სახელურებთან, კონცენტრატორებთან, ღილაკებთან და ა.შ. ეს არის საკმაოდ მარტივი და ძალიან ეფექტური ზომები უსაფრთხოებისა და კომფორტის გასაუმჯობესებლად. ამიტომ, როდესაც ინტერიერის შექმნაზე დაიწყებთ ფიქრს, ეს დეტალი აუცილებლად გასათვალისწინებელია.”

ავტორი: ანკა გეგეშიძე

 

 

ტერასიანი ოჯახური სახლი მაიორკაზე

Louis Poulsen – სკანდინავიური დიზაინის განათების შემქმნელი