in

სახლი საგურამოში – ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის ნამუშევარი

საგურამოში განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის ინტერიესა და ლანდშაფტის დიზაინზე არქიტექტორებმა ნინო ლაფაურმა და გიორგი შანშიაშვილმა იმუშავეს, განსაკუთრებული სიზუსტითა და სიმყუდროვის გრძნობით გამოირჩევა. სივრცე მოიცავს 180 მ2-ს, შექმნილია დიდი ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით და თანაბრად პასუხობს როგორც ფუნქციურ, ასევე ემოციურ მოლოდინებს.

დამკვეთის მთავარი სურვილი იყო მყუდრო და მოხერხებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანი სივრცის კონცეფციას შეინარჩუნებდა, თუმცა ამავდროულად სწორად დაგეგმილი ზონირებით უზრუნველყოფდა ყოველდღიური ცხოვრების კომფორტს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, არქიტექტორებმა კონცეპტუალურად წარმოიდგინეს ბუნებრივი მასალებით გაჯერებული ინტერიერი, რომელშიც დომინანტურ ფერს მთავარი როლი ენიჭება – მშვიდი და თბილი ტონები ქმნის ჰარმონიას, რაც სახლს მყუდრო და დამამშვიდებელ ატმოსფეროს ანიჭებს.

საცხოვრებელი ობიექტი ორ სართულზეა განლაგებული. პირველ დონეზე ღია გეგმარებით გაერთიანებული მისაღები, სასადილო სივრცე და სამზარეულოა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზონები არ არის მკაცრად გამოყოფილი, ინტეგრირებული ბუხარი, კედელი ტელევიზორისთვის და ჩაშენებული კარადების მოცულობები ინტერიერს ვიზუალურად ანაწევრებს.

ერთი სველი წერტილის კარი ბუნებრივი ხის ვერტიკალური ელემენტებითაა დამალული, რაც ფუნქციური არქიტექტურისა და ესთეტიკის დაბალანსებულ შერწყმას ასახავს.

მეორე სართული სამი საძინებლისა და ორი სველი წერტილისგან შედგება, რაც სრულყოფილად პასუხობს ოჯახის წევრების მოთხოვნილებას პრივატული სივრცისა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კიბე – ეს არქიტექტურული ელემენტი ერთდროულად ფუნქციური და ვიზუალურად გამორჩეულია. ხის ვერტიკალური პანელი შეუმჩნევლად გადადის კიბის მოაჯირში, ქმნის ჰაეროვან კონსტრუქციას, რომლის საფეხურებიც მიკროცემენტითაა დაფარული. კიბის ქვეშ განთავსებული სათავსო ინტერიერში საერთოდ არ ჩანს და ამოხსნილია ისე, რომ სივრცის სისუფთავე არ ირღვევა.

მთავარ გამოწვევას გარე სივრცის დაგეგმარება წარმოადგენდა – ამ ნაწილში მნიშვნელოვანი იყო ისეთი გადახურული ზონის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა გადაჭარბებულად მომთხოვნი ვიზუალურად და არ ჩაახშობდა სახლის მთლიან იერსახეს. ასევე, აუზის არსებობამ განაპირობა გარე სველი წერტილისა და ღია საშხაპეს ინტეგრაცია. არქიტექტორებმა ეს ფუნქციური მოთხოვნები ისე მოაწყვეს, რომ საბოლოო იერსახე ბუნებრივად ერწყმის ლანდშაფტურ გადაწყვეტას.

ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის ეს პროექტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სივრცე იყოს როგორც გონივრულად დაგეგმილი, ასევე ემოციურად დატვირთული. მასში ტექნიკური სიზუსტე და სენსიტიური დეტალები ერთიანად ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღიურობა ბუნებრივ ჰარმონიაში მოდის არქიტექტურულ გადაწყვეტილებებთან.

როგორ შევარჩიოთ ფილები საცურაო აუზისთვის – 5 მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი

სტუდია Neri&Hu Design and Research Office-ის 10 გამორჩეული პროექტი