ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, დიზაინერის შრომის შედეგია. ყველა მათგანისთვის არსებობს პრაქტიკული ახსნა – რატომ აქვს კონკრეტული ფორმა ან რატომ იქმნება გარკვეულ მასალაში. ესთეტიკური თვალსაზრისით, ნივთის დიზაინის გადაწყვეტა ზოგჯერ რამდენიმე განსხვავებულ მოსაზრებას აჩენს და ეს, როგორც ამბობენ, „გემოვნების საკითხია“. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც დიზაინერი ნივთს შინაარს ანიჭებს, პროდუქტის ვიზუალური ანალიზი სცდება „მომწონსა“ და „არ მომწონს“ შორის დილემას და კრიტიკულ დასაბუთებას ეფუძნება. ასეთ დროს ზღვარი ხელოვნებასა და ყოფით ცხოვრებას შორის იშლება და თავად ხელოვნება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
სანდრო ლომინაშვილი სწორედ მათ შორის არის, ვინც საკუთარი შემოქმედებით ჩვენს ყოველდღიურობას ამგვარ შინაარსს ანიჭებს. ინტერვიუში იგი გვიამბობს თუ როგორ აღმოჩნდა დიზაინის სფეროში, რა არის მისი შთაგონების წყარო და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი პროფესია საზოგადოებისთვის.
სანდრო, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით დიზაინით?
დიზაინით დავინტერესდი დაახლოებით 2012 წელს, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობას ვსწავლობდი. მინდოდა პროფესიის შეცვლა, მსურდა შემოქმედებითი პროფესიის დაუფლება. დავიწყე ფიქრი სკამის დიზაინზე, რაც საკმაოდ სასიამოვნო გამოწვევა იყო თავიდან.
როგორ დაიწყო თქვენი, როგორც პროდუქტის დიზაინერის, კარიერა – გვიამბეთ თქვენი პირველი ნამუშევრების შესახებ და რა იყო გარდამტეხი მომენტი თქვენი შემოქმედებითი წარმატებისთვის?
ჩემი კარიერა დაიწყო მარტო მუშაობით, ჩანახატების კეთებით და კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობით, რასაც დღესაც ვაკეთებ. ვცდილობდი, დამეგროვებინა ნამუშევრები და როცა შესაძლებლობა მომეცა, სხვადასხვა პროფესიონალს შევასრულებინე ისინი. პირველი სკამი, რომელიც 2014 წელს გავაკეთე, იყო სკამი „3/4“, რომელიც ხატვის დროს დაშვებული შეცდომის შედეგად გაჩნდა – შემთხვევით ერთი ფეხი არ მივუერთე სკამს და როდესაც დავინახე, გადავწყვიტე, რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი სკამის შექმნა. ეს მომენტი ალბათ გარდამტეხი იყო ჩემთვის, რადგან ამ სკამის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზულად დავინტერესდი დიზაინერის პროფესიით.

რომელია თქვენთვის სამაგალითო დიზაინერი? მოახდინა თუ არა რომელიმე დიზაინერის შემოქმედებამ გავლენა თქვენი ხედვის ჩამოყალიბებაზე?
სამაგალითო დიზაინერი ბევრია. თუმცა, რამდენიმე მათგანმა ჩემზე გავლენა იქონია. ესენი არიან: Nendo, Konstantin Grcic, Bouroullec Brothers, Jasper Morrison…
თქვენი აზრით, რა ადგილი უჭირავს პროდუქტის დიზაინერს ადამიანის ყოველდღიური ქცევისა და განწყობის ფორმირებაში?
მინდა ვიფიქრო, რომ დიდი გავლენა აქვს, როგორც ურთიერთობებს. ჩემი აზრით, ნივთები ჰგვანან ადამიანებს. მე ვცდილობ, შევქმნა ისეთი ნივთები, რომლებთანაც მეგობრობა მომინდებოდა.
როგორ ხედავთ ბალანსს ესთეტიკურ ღირებულებებსა და პრაქტიკულ ამოცანებს შორის და როგორ იჭერთ ამ წონასწორობას თქვენს შემოქმედებაში?
მე ვფიქრობ, რომ გააჩნია ამოცანას. რაღაც შემთხვევაში შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ესთეტიკური ღირებულება, სხვა შემთხვევაში კი – პრაქტიკულობა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ერთი მეორეს ხელს საერთოდ არ უშლის და ორივე ერთდროულად სრულად შესაძლებელია.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო დიზაინის შექმნის პროცესში?
ალბათ ყველაზე ხშირად შთაგონების წყარო არის სხვა დიზაინერების ნამუშევრები. მაგალითად, სკამი „allo“-ს შემთხვევაში, ეს იყო Konstantin Grcic-ის სკამი „One“, რომელიც კომპანია Magis-მა აწარმოა. სკამი შეიქმნა ბრტყელი სიბრტყეებისგან. მეც გადავწყვიტე, გამეკეთებინა სკამი სიბრტყეებისა და სწორი ხაზებისგან. სკამი “Construction”-ი ასევე ბრტყელი სიბრტყეებისგან არის შექმნილი.

თქვენი გამოცდილებით, რა როლს თამაშობს პროდუქტის დიზაინში ისეთი დეტალები, როგორიცაა მასალის, ფერის ან ტექსტურის გადაწყვეტა – როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით?
დიზაინის, როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური მხარე შედგება დეტალებისგან, რაც ჩამოთვალეთ და ხშირად მცირე დეტალის ცვლილებამ, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს დიზაინიც.
როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ზღვარი ხელოვნებასა და ყოველდღიურ ნივთებს შორის – რა მომენტში გარდაიქმნება ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები ხელოვნების ნიმუშებად?
საინტერესო კითხვაა… ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, სკამი “Artwork” სვამს ზუსტად იგივე კითხვას.

როგორ შეაფასებდით პროდუქტის დიზაინის სფეროს თანამედროვე საქართველოში? რა ეტაპზეა ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა?
ჩემი აზრით, საქართველოში ბევრი საინტერესო პროდუქტი იქმნება, თუმცა იმის გამო, რომ არ არის განვითარებული წარმოება და ჩვენთან თითქმის არაფერი არ იწარმოება, დიზაინის მოთხოვნილებაც ნაკლებია. იმედი მაქვს, მომავალში ეს შეიცვლება.
დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დიზაინერებს, რომელთაც საკუთარი ხელწერის პოვნა სურთ?
ახალგაზრდებს შემიძლია ვურჩიო იგივე, რასაც მე ვაკეთებ – გააანალიზეთ სხვა დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც მოგწონთ და ბევრი იმუშავეთ.








