in

სარკის გამოყენებისას დაშვებული 5 შეცდომა

დღეს გვინდა ისეთ საკითხზე ვისაუბროთ, როგორიცაა სარკისთვის ინტერიერისთვის შეუსაბამო ჩარჩოს გამოყენება და საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის უგულებელჰყოფა. ასევე სხვა შეცდომებზე, რომელსაც ამ აქსესუარის გამოყენებისას ვუშვებთ.

1. ჩარჩოს ინტერიერთან შეუსაბამობა

ინტერიერისთვის არასწორად შერჩეული ჩარჩოს გამო სარკე ხშირად არაჰარმონიულად გამოიყურება. მაგალითად, კლასიკაში ხისგან ნაკვეთი ჩარჩო კარგია, თუმცა ნეოკალსიკურს ტვირთავს. განსაკუთრებით თუ დეკორირებული ავეჯია გამოყენებული.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

თუ ორჭოფობთ, უმჯობესია სადა, ერთ ტონში შესრულებული ჩარჩო გამოიყენოთ ან სულაც უარი თქვათ მასზე. სკანდინავიურ და მინიმალისტურ სტილში, მაგალითისთვის, სულაც უჩარჩოო სარკის გამოყენებაა მიღებული.

ასევე საგულისხმოა ფერი. შავის გამოყენება თითქმის ყოველთვის მართებულია. შესაძლებელია ჩარჩო კედლებზე რამდენიმე ტონით მუქ ან ღია ფერში აარჩიოთ.

კიდევ ერთი ასპექტი მასალაა. პლასტმასი ამ როლში ყველაზე ცუდად გამოიყურება, უმჯობესია ხის ან ლითონის გამოყენება. არსებობს ასევე ტყავის ჩანართებით შესრულებული მოდელები.

2. არაპროპორციული ზომები

თუ სარკის არჩევისას ზომებსა და პროპორციებს არ გაითვალისწინებთ, შესაძლებელია ის დივანის, კარადის ან ნიჟარის ფონზე ჩაიკარგოს. ამ შემთხვევაში ის გამაღიზიანებელი იქნება, ხოლო ინტერიერი გაუთვლელი გამოჩნდება.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

დიდი დივანის თავზე ანალოგიური ზომის ან რამდენიმე მომცრო სარკის კომბინაციის შექმნაა უმჯობესი. სააბაზანო ოთახში მნიშვნელოვანია, რომ სარკე ნიჟარის განის ზომის ან ოდნავ პატარა იყოს. შემოსასვლელისთვის ჰარმონიულად გრძელი მოდელი გამოიყენება, ვინაიდან იქვე კარი და ტანსაცმლის კარადაა განთავსებული.

3. ინტერიერთან გაწყვეტილი კავშირი

თუ დეკორატიული სარკე კედელზე კიდია და მასში არაფერი ირეკლება, ის მოსაწყენი და უადგილოდ ჩამოკიდებული გამოჩნდება.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

სარკეები სივრცესთან ჰარმონიულად უნდა ურთიერთქმედებდეს. მოათავსეთ ის კედელზე, სადაც პირდაპირი სხივები არ ეცემა. ან ისე, რომ მასში ავეჯი, ფარდები ან პოსტერები აირეკლოს.

ანარეკლის მეშვეობით ვიწრო, გაწელილი ოთახის ვიზუალური გაფართოებაა შესაძლებელი. ამისთვის მასში მოპირდაპირე კედლების ავეჯი ან დეკორი უნდა ჩანდეს.

4. იატაკამდე და ავეჯამდე არსებული არასწორი მანძილი

სარკესთან მოხვედრისას ადამიანი საკუთარი ანარეკლის დანახვას რეფლექტორულად შეეცდება და თუკი ამისთვის მას დახრა ან წვერებზე აწევა მოუწევს, სარკე დროთა განმავლობაში გამაღიზიანებელი გახდება.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

სარკე კედლის 1/3 სიმაღლეზე ჩამოკიდეთ. ასევე მნშივნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეს დამოუკიდებელი ელემენტია და დიდ ავაჯთან ძალიან ახლოს მისი მოთავსება არ ღირს. ყოველთვის დატოვეთ სულ მცირე 20-30 სმ. თავისუფალი ადგილი ჩარჩოს ირგვლივ. გამონაკლისი მხოლოდ პოსტერებისა და ნახატების გალერეა შეიძლება გახდეს, სადაც სარკეც მონაწილეობს.

5. არ არის გათვალისწინებული ფსიქოლოგიური კომფორტი

სარკისთვის ადგილის არჩევისას მობინადრეების ფსიქოლოგიური კომფორტია გასათვალისწინებელი. მაგალითად, ბევრს არ უყვარს სარკეში არეკლილ საწოლში წოლა. პატარა ბავშვებს ეს აშინებს კიდეც. კორიდორში არასწორად მოთავსებულმა სარკემ კი შესაძლებელია ღამე სააბაზანოში ან სამზარეულოში გამოსული ადამიანი შეაშინოს.

ასევე მნიშვნელოვანია სარკის მახლობლად არსებული კედლის განათება. თუ განათება ცივი, მკვეთრი და ზემოდან ქვევითაა მიმართული, ანარეკლში კანისა და ფიგურის ყველა ნაკლი გამოჩნდება.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

კანისა და ფიგურის ნაკლოვანებები არ გამოჩნდება რბილი, თბილი და გვერდიდან მიმართულ შუქზე. იმისთვის კი, რომ სარკემ არასდროს შეგაშინოთ და დისკომფორტი არ შექმნას, შეეცადეთ ის გადააადგილოთ ოთახებსა და შემოსასვლელში, სანამ საუკეთესო ადგილს არ მოუძებნით მას.

რას გულისხმობს ცეცხლგამძლე შენობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ მშენებლობის დაწყებამდე

ლიკა ევგენიძის ცოცხალი ინტერიერი შატბერაშვილის ქუჩაზე