in

35 კვ/მ ბინა შავი ინტერიერით

როდესაც მცირე ზომის ფართზეა საუბარი, პირველი რაც თავში აზრად მოგვდის, ეს მისი ღია ტონებში გაფორმებაა, თუმცა ამ ბინის მეპატრონის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა.

სტოკჰოლმში მდებარე სტუდიო, რომლის საერთო ფართი სულ რაღაც 35 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სრულად მუქ ტონებშია გადაწყვეტილი. კედლებისა და იატაკის შავი ფერი შერწყმულია ვინტაჟურ ავეჯთან და შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერს გოტიკური სტილი აქვს.

თუმცა, ბინაში სულაც არ იგრძნობა მოქუფრული და უსიცოცხლო ატმოსფერო, ვინაიდან დიდი ფანჯრები და თეთრი ჭერი სივრცეს საჭირო რაოდენობის სინათლით ავსებს. ამას გარდა, ოთახის ცენტრში მდგომ ვინტაჟურ საწოლზე გვხვდება ღია ვარდისფერი ტონის მქონე თეთრეული და თეთრი ფარდები, რაც საკმაოდ საინტერესო კონტრასტს ქმნის გარშემო გაბატონებულ მუქ ტონებთან მიმართებაში. აქვეა მკვეთრი წითელი ტახტი, რომელიც ასევე საინტერესო აქცენტს ქმნის ინტერიერში.

სივრცის ეფექტურად ათვისების მიზნით, ბინაში თითოეული სანტიმეტრი ბოლომდეა გათვლილი. მაგალითად, კარის ჩარჩოები აქ წიგნების თაროს ფუნქციასაც ითავსებს. ბინაში მრავლად გვხვდება ძველებური სხვადასხვა ზომის სარკეები, ვინაიდან ამ გზით კიდევ უფრო ეფექტურად ხდება სივრცის ვიზუალური გაზრდა და სინათლის შემოტანა.

რაც შეეხება სამზარეულოს, ის საკმაოდ დიდი ზომის არის ამ ტიპის სტუდიოს ბინისთვის. აქ კარადები ჭერამდეა, რაც დამატებითი სათავსოებს უზრუნველყოფს, ეს კი მცირე ზომის საცხოვრებელ ფართებში სრული აუცილებლობაა.

რომ შევაჯამოთ, პატარა ბინის მუქ ტონებში გადაწყვეტა საკმაოდ არასტანდარტული არჩევანია, თუმცა, ამ კონკრეტული სივრცის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი ბუნებრივი განათების არსებობისა და საინტერესო დიზაინის შემთხვევაში, ეს ვარიანტი საკმაოდ მყუდროდ და ორიგინალურად გამოიყურება.

ფოტოგრაფი: Boukari 

#Homeisინსპირაცია: იდეები სააღდგომო სუფრის დეკორისთვის

მყუდრო ინტერიერის 10 აუცილებელი შემადგენელი