ოქროყანაში მდებარე საცხოვრებელი სახლი სტუდია TIMM Architecture-ის ახალი პროექტია, რომელიც თბილისის გარეუბნებისთვის დამახასიათებელ, ღობეებით შემოსაზღვრულ გარემოს ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს. პროექტის მთავარი კონცეფციაა არქიტექტურა, რომელიც შიდა სივრცეზეა ორიენტირებული. თავად შენობა ხდება ერთგვარი დამცავი/გამყოფი ელემენტი საზოგადოებრივ და პირად სივრცეს შორის. შენობა გამოირჩევა მრავალფეროვანი სივრცეებით და შუქჩრდილის თამაშით..

ნაკვეთს სამი მხრიდან მეზობელი სახლის კედლები ესაზღვრება და ის მხოლოდ ერთი მხრიდან უკავშირდება ქუჩას. შესაბამისად, ასეთ პირობებში გარე ხედები და ბუნებრივი განათება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პროექტის ავტორებმა ტრადიციული საცხოვრებელი სქემის ნაცვლად, „შეტრიალებული სახლის“ კონცეფცია შეიმუშავეს. აქ ღობის ფუნქციას თავად არქიტექტურა ასრულებს — შენობა გარს ერტყმის ნაკვეთს და ყველა ძირითად სივრცეს შიდა ეზოსკენ მიმართავს. ქუჩის მხრიდან მოცულობა ოდნავ შეწეულია, რაც ამცირებს მკვეთრ ზღვარს საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებს შორის და სახლს უფრო მშვიდ და დახვეწილ სახეს აძლევს.
სივრცითი ორგანიზაცია ორ ბაღზეა აგებული: შიდა ეზო სახლის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს, ხოლო გარე ბაღი ქუჩასთან ამყარებს კავშირს. მისაღები, სამზარეულო და შესასვლელი სივრცეები შიდა ეზოსკენ იხსნება და მას ღია ცენტრალური სივრცის ფუნქციას ანიჭებს. აქვეა დახურული აუზი, რომელიც სახლის სხვადასხვა დონეებს ერთმანეთთან ვიზუალურად აკავშირებს.


შენობის უკანა ნაწილი სამ სართულზე ვითარდება, ქუჩის მხრიდან კი ის ერთსართულიანი მოცულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც სივრცეში დინამიკურ და მრავალშრიან სტრუქტურას ქმნის და ინტერიერს დამატებით სიღრმეს ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ გამოყენებული მასალები პროექტის კონცეფციიდან არის ნაკარნახევი. ქუჩის მხარეს არსებული ფასადი მოპირკეთებულია გამომწვარი ხით, რაც მყარ დამცავ გარსს ქმნის. შიდა ეზოს ნაწილში გამოყენებულია ბუნებრივი ხე, ხოლო ინტერიერი თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი, რაც სინათლესა და პროპორციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს თანმიმდევრული გადასვლა — მუქი გარსიდან ნათელ და მშვიდ სივრცემდე — ხაზს უსვამს მოძრაობას ექსტერიერიდან სახლის შიდა ცენტრისკენ და ქმნის დაბალანსებულ, კომფორტულ ატმოსფეროს.
TIMM Architecture-ის “შეტრიალებული სახლი” ოქროყანაში თანამედროვე საცხოვრებელი არქიტექტურის საინტერესო მაგალითს წარმოადგენს, სადაც სივრცის შეზღუდვები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად. პროექტი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება დახურულ გარემოში შეიქმნას სინათლით, სიმშვიდითა და ჰარმონიით სავსე საცხოვრებელი სივრცე. ეს სახლი არა მხოლოდ პასუხობს კონტექსტის გამოწვევებს, არამედ გვთავაზობს ცხოვრების განსხვავებულ, უფრო გააზრებულ და ხარისხზე ორიენტირებულ მოდელს.

არქიტექტურული სტუდია: TIMM Architecture
პროექტის ავტორები: ირინა კარლიკოვა, ნინო ჩხარტიშვილი, გიორგი პატარიძე, ბექა გულვა, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი














