in

პრაქტიკული ხერხები სივრცის ეფექტურად მოსაწყობად – სტუდია SAMI_ის მარტივი გიდი

ინტერიერის მოწყობა და სახლის გეგმარება არ არის მარტივი პროცესი, მითუმეტეს თუ მას პროფესიონალის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ასრულებთ. ასეთ დროს ყველაფერზე ერთად გვიწევს ფიქრი და რთულია ყველა დეტალის ისე გათვალისწინება, რომ საბოლოოდ კომფორტული, მოსახერხებელი და სასურველი სივრცე მივიღოთ. პროფესიონალის რჩევები კი რომლებიც საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის  სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად გვეხმარება ამ დროს. დღეს ინტერიერის დიზაინ სტუდია SAMI_ გეგმარებისა და ინტერიერის ძირითადი ელემენტების განთავსების პრინციპებს გვიზიარებს, რათა რემონტის მიმდინარეობის რთული და შრომატევადი პროცესი გაგიმარტივოთ.

ზონათა გადანაწილება

ღია გეგმარების მქონე სივრცეებში ტელევიზორის ზონა უმჯობესია, ოთახის შუა, ბუნებრივად ნაკლებად განათებულ ნაწილში განთავსდეს, სასადილო სივრცე – ფანჯარასთან, საკუჭნაო და სველი წერტილები კი ბინის ყველაზე ნაკლებად განათებულ ნაწილში. ფანჯარა აბაზანაში აუცილებელი არაა, ამიტომ ამაზე არ იდარდოთ. ამასთანავე, როგორც წესი, საერთო ოთახის მიზიდულობის ცენტრი ტელევიზორია, თუმცა ყველა ოჯახის წევრი/სტუმარი არ არის მასზე დამოკიდებული, ამიტომ გონივრული იქნება რამდენიმე ალტერნატიული ზონის მოწყობა – ჟურნალის მაგიდის გარშემო, კუნძულთან, ბართან, ბუხართან ან სასადილო მაგიდასთან. ასეთ შემთხვევაში თქვენ ყველასათვის მისაღებ და შესაფერის სივრცეს შექმნით”.

აბაზანის დაპროექტება

მცირე საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, არ ღირს ამ ოთახს დიდი ადგილი დაუთმოთ. ასეთ დროს ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია, ამიტომ უმჯობესია, ამ ადგილის უფრო პრაქტიკულად გამოყენება, რადგან თქვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სააბაზანო ზონის მოწყობის ნაცვლად, საშხაპის დამონტაჟება ბევრად უფრო პრაქტიკული და გამოსადეგი იქნება.

გაერთიანებული სამზარეულო და სასადილო ოთახი

თანამედროვე ინტერიერში მრავლად ვხვდებით გაერთიანებულ სამზარეულო და სასადილო ზონებს, მაგრამ SAMI_- ის დიზაინერები აღნიშნავენ, რომ ყველაზე პრაქტიკული ერთდროულად მათი გაერთიანება და ასევე ერთმანეთისგან იზოლირებაა. “ბევრი საშუალებაა ზონირების მისაღწევად – მინის გასაწევი ტიხარი თუ კლასიკური კარი. თუ სამზარეულოს მასპინძელი ფუსფუსებს, მას ესიამოვნება ამ პროცესში სტუმართან ურთიერთობა. მაგრამ თუ იქ დამხმარე პერსონალია ან ვახშმის შემდეგ გამოყენებული ჭურჭლის თვალისაგან ადვილად დამალვა გსურთ, უმჯობესია გვქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ სამზარეულო დროებით განაცალკეოთ”.

იატაკის საფარი

სივრცის ზონირება იატაკის სხვადასხვა მასალის მეშვეობით მშვენიერი ხერხია, მაგრამ მცირე ზომის აპარტამენტებში ეს მიდგომა არახელსაყრელია. ასეთ დროს რეკომენდებულია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსაპირკეთებელი მასალების რაოდენობა. მაგალითად, უკეთესია იატაკისთვის ყველა სივრცეში ერთი ფერის მასიური ფიცარი გამოვიყენოთ. შესაძლოა უარის თქმა მოგიწიოთ მარმარილოსა და კერამო-გრანიტის ფილებზე სამზარეულოსა და ჰოლში, რათა ვიზუალურად არ დანაწევრდეს ისედაც მცირე ზომის სივრცე, მაგრამ ერთიან იერსახეს შეინარჩუნებთ.

კარი და ტიხრები

სტაციონარული ტიხრების ნაცვლად, მცირე ზომის ბინაში უმჯობესია მოძრავი ტიხრებით სარგებლობა, სტანდარტული კარის მაგივრად კი დასაკეცის გამოყენება. ასევე, სასურველია, კარი შიგნით ანუ იმ მხარეს იღებოდეს, სადაც ოთახში კედელზე ნაკლები მანძილი რჩება.

ზომიერების შენარჩუნება

“მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერის ელემენტები ემსახურებოდეს ერთ მთავარ იდეას – არ უნდა იყოს გადაჭარბებული. კომპოზიციის მთავარი წესი გულისხმობს შემდეგს: არაუმეტეს სამი აქცენტის გამოყენება ერთ ნაწარმოებში. ეს გასათვალისწინებელია ინტერიერის შემთხვევაშიც. აქცენტები უნდა განსაზღვროთ დასაწყისშივე, დაგეგმარების ეტაპზე, რაც მოიცავს – ავეჯის ელემენტს, არტ-ობიექტს, საინტერესო ფორმის ან კონსტრუქციის კიბეს, ფერად ვიტრაჟს სივრცის გასაყოფად, განსხვავებული ფაქტურის კედელს. ინტერიერში თითოეული დეტალი საბაზისო ტონალობის მიხედვით უნდა შეირჩეს და მათი გადათამაშებით მრავალფეროვან, მიმზიდველ სივრცეს მიიღებთ”, – გვირჩევენ ჩვენი რესპონდენტები.

ნივთების განლაგება

რეკომენდებულია, ავეჯი შეძლებისდაგვარად თავისუფლად განათავსოთ, ობიექტები არ უნდა ემიჯნებოდეს ერთმანეთს. სივრცე უფრო დიდი გამოჩნდება თუ ინტერიერში დიდი ზომის დეკორატიულ ნივთებს გამოიყენებთ. მცირე ზომის ლარნაკები, ჭურჭელი და ნახატები ვიზუალურად აპატარავებს ოთახს.

აქსესუარების განთავსება

საერთო ოთახში ნახატების განთავსებისას განსაზღვრეთ რა გსურთ – ნახატი იყოს დომინანტი თუ მან უბრალოდ ინტერიერის დეკორის როლი მოირგოს?  პირველ შემთხვევაში შეგიძლიათ ნახატი გაანათოთ ზემოდან მიმართული „სამუზეუმო“ სანათით, მეორე შემთხვევაში კი მიზნობრივი, მიმართული განათებები საჭირო არ არის.

ინგლისური სტილის სამზარეულო — 6 სასარგებლო რჩევა მის შესაქმნელად

მრავალფეროვანი კულტურით შთაგონებული სასტუმრო „Bazzar“-ის ინტერიერი – ნინო ნოზაძისა და ეკა ჩიჩუას ნამუშევარი