in

სტუდიო ლიბერთი: დიზაინით ნათქვამი ახალი სიტყვა პრემიუმ ბანკინგში

თბილისისა და ქუთაისის შუაგულში სრულიად ახალი კონცეფციის პრემიუმ ბანკინგის სივრცეები გაიხსნა – სტუდიო ლიბერთი.

მაშინ, როდესაც საბანკო კორპორატიული ინტერიერები ხშირად იმეორებენ ერთმანეთს, სტუდიო ლიბერთი არღვევს ტიპიურ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ ბანკინგის გარემო.

თბილისში 830 კვ.მ-ზე, ხოლო ქუთაისში 330 კვ.მ-ზე განლაგებული სტუდიოს სივრცეები თამამად წყვეტს კავშირს ტრადიციულ ზონირებასთან, ფორმალურ ატმოსფეროსთან და კორპორაციულ სტანდარტებთან. სივრცე, მისი სახელიდან გამომდინარე, გვახსენებს ჭკვიანურად დაგეგმილ საცხოვრებელ სტუდიოს, რომელიც ღიაობის, ინტუიციის და ემოციურ კომფორტზეა აგებული.

თბილისი

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო სტუდიოს პრინციპით შექმნილი სივრცე,“ – ამბობს მარიტა ჭანჭალეიშვილი, არქიტექტურული სტუდია Kom Hive-ის დამფუძნებელი და პროექტის მთავარი დიზაინერი. „როდესაც ვსაუბრობთ სტუდიოზე, ვგულისხმობთ ღიაობას, სადაც ყველაფერი ბუნებრივად იკითხება და მარტივია სივრცის მთლიანად აღქმა ზედმეტი მიმართულებებისა და ჩარჩოების გარეშე.“

Kom Hive-ისთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო სივრცის შექმნა, სადაც გრამატიკა თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ემოციასთან, მატერიალური – არამატერიალურთან.

დიზაინი, როგორც სტრატეგიული კომუნიკაცია

პროექტის კონცეფცია ეფუძნება ფილოსოფიას, რომ საბანკო სივრცე შეიძლება იყოს თანაბრად ფუნქციური, კომფორტული და ადამიანზე ორიენტირებული – ხოლო არქიტექტურისა და დიზაინის ყველა ელემენტი ამ ფილოსოფიასთან თანხვედრაში.

„სტუდიო ლიბერთი არ არის მხოლოდ ბანკი – ეს არის სივრცე, სადაც საბანკო მომსახურება გამოცდილებად იქცევა,“ – აღნიშნავს ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „გარდა საბანკო სერვისებისა, სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს შეუძლიათ სივრცის სურვილისამებრ გამოყენება – როგორც სამუშაოდ, წინასწარ დაჯავშნით პირადი მიზნებისთვის თუ ბიზნეს შეხვედრებისთვის. ასევე ხშირად ვმასპინძლობთ სპეციალურად მათთვის გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებს, რაც სტუდიოს კიდევ უფრო მრავალფეროვან და მათზე მორგებულ სივრცედ აქცევს.“

ქუთაისი
თბილისი

გამჭვირვალობა, როგორც ფილოსოფია

სტუდიო ლიბერთის ფილიალებში ერთ-ერთი საკვანძო დიზაინის ელემენტია მინის ღიობი, რომელიც ფრონტ- და ბექ-ოფისს ფიზიკურად ყოფს, თუმცა ვიზუალურად აკავშირებს. ეს დეტალი მხოლოდ არქიტექტურული ჩანართი არ არის – ეს სტუდიოს მანიფესტია.

ქუთაისი

„ერთი პრინციპი თავიდანვე ნათელი იყო – გამჭვირვალობა,“ – ამბობს მარიტა ჭანჭალეიშვილი. „ფრონტისა და ბექ-ოფისის ზონები მინის ღიობით დავაკავშირეთ, რათა მომხმარებელს სივრცეში შემოსვლისთანავე ჰქონდეს წვდომა ბანკის ყველა ტიპის საქმიანობასთან. აქ დასამალი არაფერია!“

დამატებით, შეხვედრების ოთახებშიც გამოყენებული გოფრირებული მინა ვიზუალურ გახსნილობასთან ერთად უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას – ქმნის ბალანსს გამჭვირვალობასა და დაცულობის შეგრძნებას შორის.

სტუდიო ლიბერთის დიზაინი არ ემსახურება მხოლოდ ესთეტიკურ საჭიროებებს – ის შემუშავებულია როგორც სტრატეგიული პასუხი თანამედროვე ბანკინგის მოთხოვნებსა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებებზე.

თბილისი

სივრცე, რომელიც ამბობს: „აქ შენ ხარ მთავარი!“

მარტივად შეიმჩნევა, რომ სტუდიო ლიბერთი პირველივე ნაბიჯიდან ემიჯნება კორპორაციულ სიცივეს, რომელიც ხშირად ასოცირდება საფინანსო დაწესებულებებთან. სივრცე მოაზრებულია არა როგორც ოფისი, არამედ როგორც ადგილი ურთიერთობისთვის, სადაც ადამიანი არ არის მხოლოდ მომხმარებელი.

თბილისი

„მიუხედავად იმისა, რომ სტუდიო ლიბერთი საქმიანი, ოფიციალური სივრცეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მას მყუდროება და ბუნებრიობა ჰქონოდა,“ – გვიყვება მარიტა ჭანჭალეიშვილი.

„ამ მიზნის მისაღწევად შევარჩიეთ მაღალი ხარისხის მასალები – ბუნებრივი ხის პარკეტი, ხავერდის ფარდები, ნატურალური ტყავი, პრემიუმ ავეჯი და განათება. ასევე სივრცისთვის ექსკლუზიურად შექმნილი სანათები, რომლებიც მის ინდივიდუალურ ხასიათს უსვამს ხაზს.“

ავეჯი, განათება, ტექნიკური გადაწყვეტები – ყველა შეხების წერტილი დაგეგმილია ისე, რომ მომხმარებლისთვის სივრცეში ყოფნა ემოციური გამოცდილება გახდეს. ინტერიერში არაფერია შემთხვევითი – მასალების, ტექსტურების მონაცვლეობა, ფერების კონტრასტი, განათების მრავალფეროვნება ქმნის არქიტექტურისა და დიზაინის ენით გადმოცემულ საერთო ნარატივს.

ქუთაისი

სადაც ბიზნესი და პირადი მოტივაცია ერთიანდება

სტუდიო ლიბერთი შეიქმნა ბიზნესისა და პირადი ინტერესების გადაკვეთაზე – სწორედ ეს არის მისი უნიკალური ასპექტი. ის ერთდროულად პასუხობს როგორც პროფესიულ, ასევე პირად მოლოდინებს და აერთიანებს მათ საერთო გამოცდილებაში, რითაც არღვევს ზღვარს საქმიანსა და ადამიანურს შორის.

„სტუდიო ლიბერთი საბანკო მომსახურების სახეცვლილი გამოცდილებაა – პირველი სივრცე საქართველოში, რომელიც ბიზნესისა და პირადი ინტერესების თანაკვეთაზე შეიქმნა,“ – გვიამბობს ლედი კოჭლამაზაშვილი. „აქ ადამიანებს მარტივად, ბარიერების გარეშე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პრემიალური საბანკო მომსახურება.“

„ამავდროულად, გარემო მკაფიოდ ზონირებულია, ისევე როგორც სტუდიოს ტიპის ბინაში – სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია, მაგრამ თითოეულ ელემენტს თავისი განსაზღვრული ფუნქციური ადგილი აქვს,“ – ამბობს მარიტა.

ემოციური გამოცდილება

სტუდიო ლიბერთი არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ საბანკო ოპერაციები ხორციელდება – ეს არის ნაფიქრი დიზაინის მქონე გარემო, რომელიც დასამახსოვრებელ გამოცდილებად გარდაიქმნება.

დიზაინზე მუშაობის პროცესში საპროექტო გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დეტალებს – არა მხოლოდ როგორც ტექნიკურ ელემენტებს, არამედ როგორც საკომუნიკაციო ენას. ყველა არასტანდარტული გადაწყვეტა იყო შეგნებული ნაბიჯი, რომელიც თავის თავში შინაარსსა და ფუნქციას აბალანსებს.

დიზაინის გადაწყვეტებში მუდმივად გათვალისწინებული იყო ზონირების ლოგიკა, სივრცის დინამიკა, ვიზუალური რიტმი და მასალების ჰარმონიული შერწყმა.

თბილისი

„პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი იყო, რომ სტუდიო ლიბერთის სტუმარს განსხვავებული, ახლებური გარემოს შეგრძნება დაუფლებოდა,“ – ამბობს მარიტა ჭანჭალეიშვილი. „ვფიქრობ, Kom Hive-მა შეძლო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ემოციური გამოცდილებაც – ადგილი, რომელიც ადამიანებს ერთდროულად სთავაზობს ინსპირაციას და კომფორტს.“

ხედვას იზიარებს ლედიც:
„სტუდიო ლიბერთი არის საბანკო მომსახურებისა და სერვისების ერთობლიობა, რომელიც ეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მარტივად და კომფორტულ გარემოში მიიღონ.“

სტუდიო ლიბერთი წარმოადგენს ახალ ეტაპს ქართულ საბანკო მომსახურებაში და გვთავაზობს ახალ პერსპექტივას, სადაც საბანკო მომსახურება შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ სასიამოვნო, ადამიანური და შთამაგონებელი.

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

საპროექტო ჯგუფი: KOM Hive

პროექტზე მუშაობდნენ: ნათია აბასაშვილი, ელენე ფირცხალავა

[R]

„აქსისი ავლაბარი” – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აქსისისგან

Calm House – არქიტექტურული სივრცე დასვენებისა და განტვირთვისთვის