ქართულმა დიზაინ სტუდია Basetale საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – სტუდიამ თავისი პირველი ავეჯის კოლექცია წარადგინა მილანის დიზაინის კვირეულზე, Alcova 2025-ის ფარგლებში.
დაწყებული თითქოს შემთხვევითი მიმოწერით Alcova-ს წარმომადგენლებთან, Basetale-ის დამფუძნებლები თავდაპირველად მხოლოდ სტუმრის სტატუსით აპირებდნენ მილანში გამგზავრებას. თუმცა ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა: ერთ-ერთ წერილში, რომელიც ელექტრონული ფოსტით მიიღეს, ეწერა – “One last minute thing”. სწორედ ეს უკანასკნელი წუთის შესაძლებლობა გახდა ბიძგი იმისა, რომ სტუდიას კოლექცია – Tale of Soft Steel – რეალურად გამოეტანა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინის პლატფორმაზე.
გამოფენა გაიმართა ისტორიულ ვილა Bagatti Valsecchi-ში, სადაც Basetale-ის კოლექცია სხვა ავანგარდულ ნამუშევრებთან ერთად მოექცა ყურადღების ცენტრში. ეს იყო არა მხოლოდ პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც სტუდიის შემდგომ განვითარებას საფუძვლად დაედო.
Tale of Soft Steel – რბილი ფოლადის ისტორია
კოლექცია შედგება ხუთი უნიკალური ნამუშევრისგან, რომლებიც იკვლევს კონტრასტების თემას: ხისტი მასალა, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, გარდაიქმნება რბილ, ემოციურ, თითქმის ნოსტალგიურ ფორმად.
ნამუშევრები მოიცავს:
-
Soft Steel Chair 1 – სკამი უჟანგავი ფოლადის კარკასით, ხის დეტალებითა და ნახევრად რბილი ელემენტებით;
-
Soft Steel Chair 2 – მთლიანად რბილი ვარიანტი ხის კარკასითა და რბილი გარშემოწერილობით;
-
Soft Side Table – ფოლადის პატარა მაგიდა, ტექსტილით დაფარული ზედაპირით;
-
Stitched Steel Wall Light – კედლის სანათი, სადაც ფოლადში ნაქარგი ძაფი და სანთლის პლაფონი ემოციურ განცდას იწვევს;
-
Stitched Steel Divider – ფოლადის შირმა, ხის ფეხებითა და მოქარგული ძაფით გაფორმებული.
სტუდიისთვის ამ კოლექციამ არა მხოლოდ ფორმის, არამედ გრძნობის გამოხატვის საშუალება გახადა შესაძლებელი. როგორც თავად პროექტის ავტორები ამბობენ, მათი მიზანია, “ხისტი ვაქციოთ რბილად და ნოსტალგიურად”, რაც მთლიანად შეესაბამება Basetale-ის ხელწერას.
გამოფენამ დიდი წარმატება მოუტანა სტუდიას – Alcova-ს დამფუძნებლების მხრიდან მაღალი შეფასება და განსაკუთრებული ყურადღება. Wallpaper Magazine-ის გაშუქებისას, რომელშიც მრავალი უნიკალური დიზაინ-ნამუშევარი იყო ნახსენები, სწორედ Basetale-ის შირმა გახდა ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური აქცენტი.
აღსანიშნავია, რომ კოლექცია მილანში რჩება და ამჟამად მიმდინარეობს გალერეის შერჩევის პროცესი, რომელიც Basetale-ის საერთაშორისო წარმომადგენელი გახდება.
მილანური წარმატების შემდეგ, სტუდია გეგმავს Tale of Soft Steel–ის პრეზენტაციას თბილისში ახალ ნამუშევრებთან ერთად. ამასთანავე, იგეგმება სხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა – მათ შორის, მომდევნო ეტაპი შესაძლოა გახდეს მაიამის დიზაინის კვირეული.
Basetale კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართულ დიზაინს აქვს პოტენციალი გახდეს გლობალური დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილი – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ასე გულწრფელად გადმოსცემს ფორმასა და გრძნობას შორის არსებულ ზღვარს.