in

ჭიშკრის ავტომატური გამღები სისტემა — სპეციფიკა და ფასები ქართულ ბაზარზე

სახლსა და ეზოში მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად ერთ-ერთი გზა ჭიშკრის ავტომატური გამღები სისტემის მონტაჟია, რომელიც საშუალებაც მოგცემთ, ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე, ხელის ერთი მარტივი მოძრაობით გააღოთ ან დახუროთ ეზოს კარი, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია უამინდობის დროს. დღეს ჭიშკრის ავტომატურ გამღებ ძრავაზე ვისაუბრებთ და მის სპეციფიკას, მონტაჟისათვის მნიშვნელოვან ფაქტორებსა და ფასებს გაგაცნობთ.

ბაზარზე ძირითადად ორი ტიპის ჭიშკარს გამოყოფენ —  გასაგორებელს და ორფრთიანს. თითოეულ მათგანზე შესაძლებელია მოდელზე მორგებული, სპეციფიკური ავტომატიზებული ძრავის დაყენება, შემდეგ კი პულტის დახმარებით კარის მართვა. კომპანია „ჯიმატიკსში“, რომელიც ამ სფეროში წლებია მოღვაწეობს, აღნიშნავენ, რომ მომხმარებლები უპირატესობას გასაგორებელ ჭიშკარს ანიჭებენ, რადგან ის ბევრად პრაქტიკული გამოსაყენებელია — ორფრთიანი კარისგან განსხვავებით, გასაგორებელი ეზოში ადგილს არ კარგავს, ჰორიზონტალურად მოძრაობს და ძრავის თვალსაზრისითაც ნებისმიერ ამინდში უპრობლემოდ მუშაობს: „ძლიერი ქარი ორფრთიან კარს წინააღმდეგობას უქმნის, რამაც შესაძლოა, მარტივად დააზიანოს ძრავა, მისი საფარი. ასევე, იმ შემთხვევაში თუ კარს მანქანა დაეჯახა, ზეწოლა უშუალოდ ორფრთიანი ჭიშკრის ძრავაზე ხდება, რაც მას მარტივად აფუჭებს. გასაგორებელი კარის დროს კი ძრავა  რელსზე, დამოუკიდებლად დგას, მას სპეციალური სამაგრები იჭერს და კარს აგორავებს. ძლიერი საგნის დაჯახებისას კი  დარტყმა ძრავამდე არ მიდის, ამიტომ არც ზიანდება. გასაგორებელი კარის კიდევ ერთი უპირატესობაა ისიც, რომ ძრავა უფრო იაფი ჯდება, რაც მის აქტუალობას ზრდის“, —  გვიამბობს ჩვენთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი.

რა უნდა გავითვალისწინოთ მონტაჟისას?

„ჯიმატიკსში“ გვიხსნიან, რომ მნიშვნელოვანია კარის აწყობამდე გათვალისწინებული იყოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ავტომატური გამღები სისტემის დასაყენებლად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მონტაჟი რთულდება და სადენების არასწორი გაყვანილობა ეზოს აუშნოებს. ექსპერტის რჩევით, თავდაპირველად უმჯობესია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რადგან ყველა ობიექტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მომხმარებელმა კი მარტივად უნდა  განსაზღვროს ყველა საჭირო პირობა, როგორიცაა ძრავისთვის ცალკე, ინდივიდუალური ელექტროენერგიის გაყვანა, რომელიც ეზოს განათებებსა თუ სხვა მოწყობილობებზე არ იქნება მიბმული. ასევე, გასაგორებელ ჭიშკარს დამატებით სჭირდება სადენი, რომელიც ძრავიდან გამოდის და კარის კოლონებზე თავსდება. ხოლო ორფრთიანი კარის შემთხვევაში, კვების წყარო პლატაში შედის, პლატადან კი სადენების მეშვეობით ძრავას უკავშირდება. ამ ყოველივეს გათვალისწინება  ბევრად შეამსუბუქებს სამუშაო პროცესს და ექსტერიერსაც იდეალურად მოერგება.

დამატებითი კომფორტის შესაქმნელად ავტომატურ გამღებ სისტემებს Wi-Fi-ის მოდული უმონტაჟდება, რომელიც ძრავაში თავსდება და ნებისმიერი ადგილიდან, შორი დისტანციიდანაც კი შესაძლებელია ჭიშკრის გაღება/დახურვა.

ძრავისა და მონტაჟის ფასები

„ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე ჩინურ პროდუქციაზეა ორიენტირებული, რომელიც ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და არ ჩამოუვარდება ევროპული ბრენდების ნაწარმს. გასაგორებელი ჭიშკრის შემთხვევაში ძრავა და მისი მონტაჟი, საშუალოდ, 1300-1400 ლარი ჯდება (რომელთაგან დაახლოებით 300-400 ლარი მონტაჟის საფასურია). ორფრთიანი კარის ძრავა კი მონტაჟის ღირებულების გათვალისწინებით, საშუალოდ, 1600-1800 ლარი ღირს (აქედან 400-600 ლარი ხელობისთვისაა გათვლილი)“, — აღნიშნავს „ჯიმატიკსის“ წარმომადგენელი.

ზემოთ მოცემული ფასები მიესადაგება სტანდარტულ, 4 მეტრის სიგრძის მქონე ჭიშკარს, რომელიც ყველაზე გავრცელებული მოდელია, არასტანდარტული ზომის შემთხვევაში კი ხარჯი იმატებს. კომპანიაში განმარტავენ იმასაც, რომ ქართულ ბაზარზე გავრცელებულია იტალიური, პორტუგალიური, ესპანური ძრავებიც, რომელთა ფასი, უმეტესად, 2000 ლარიდან იწყება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე შეირჩეს ხარისხიანი მექანიზმები და სწორად მოხდეს ჭიშკრის დაყენება/ძრავის მონტაჟი, რაც საშუალებას მისცემს ავტომატურ გამღებ სისტემას, ხანგრძლივად იმუშაოს შეუფერხებლად და ზედმეტი გართულებების გარეშე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები საძინებელში?

არქიტექტურისა და ლანდშაფტის გაერთიანებით შექმნილი სახლი ოქროყანაში — TIMM Architecture-ის ნამუშევარი