in

კონტეინერისგან შექმნლი ხის კოტეჯი ავლაბარში – კატია აბსანძის პროექტი

კატია აბსანძე, პროფესიით მარკეტერი, ქოუჩი და ციფრული მარკეტინგის ექსპერტია. დღეს ის გვიამბობს საკუთარ ახალი პროექტის – „ტერასის“ შესახებ, რომელიც ავლაბარში, აბულის ჩიხის 1 #2-ში მდებარეობს.

ისტორია დაიწყო იმით, რომ კატიამ პანდემიამდე 400 კვადრატული მეტრის მქონე მიწის ნაკვეთი შეიძინა და თავიდანვე ჩაიფიქრა, რომ ამ ლოკაციას ტურისტულ ობიექტად გამოიყენებდა.

„ბეგფექერებს“ ძალიან მოსწონთ მსგავსი კონცეფციის კოტეჯები და ყველა დეტალი ამის ირგვლივ იყო გათვლილი. ფაქტორი, რომელმაც აღნიშნული თემა დაძრა, იყო საოცრად ლამაზი ხედი ძველ თბილისზე და მზის ჩასვლა, რომელიც ძალიან ლამაზად ჩანს ძველი თბილისის ფონზე“.

შესაბამისად, „ტერასისთვის“ ლოკაციის შერჩევა სწორედ საოცრად მიმზიდველმა ხედმა განაპირობა. შენობა გადაჰყურებს მთაწმინდის ფერდობსა და ძველ თბილისს, რაც საოცრად ლამაზ სანახაობას წარმოადგენს.

საკმაოდ საინტერესოა პროექტის კონცეფცია. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, კოტეჯი არის კონტეინერით შექმნილი სახლი. კონტეინერი წარმოადგენს უსაფრთხო, პრაქტიკულ და ეკონომიურ მზა საცხოვრებელს, რომელსაც გარკვეული დეტალები სჭირდება საბოლოო სახის მისაცემად და წლიდან წლამდე მეტ ფუნქციურ თვისებას იძენს.

კატია აღნიშნავს, რომ კონტეინერის სახლად გადაქცევა, თითქოს, მარტივი და ეკონომიურია, თუმცა, ეს პროცესი ასევე დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, მთავარი სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ კონტეინერის შეძენისას ის ნედლი პროდუქტი იყო და შემდგომ ძალიან გაუჭირდა ხელოსნის პოვნა რედიზაინისთვის. თუმცა, ბევრი კვლევისა და ინსპირაციის ფონზე, კონტეინერი ხის მასალით შეიფუთა და მიეცა კომფორტული, პატარა კოტეჯის იერსახე.

პირველ სართულზე განთავსდა სამზარეულოს კუთხე, სველი წერტილი და მისაღები. ეს სივრცე სულ რამდენიმე კვადრატული მეტრია, მაგრამ აქ ყველა საჭირო ფუნქციური ზონა გვხვდება. ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია საძინებელი, სადაც ყველაფერი სტუმრების კომფორტისა და მყუდროებისთვის არის შერჩეული.

 

აქ ყველა დეტალია გათვალისწინებული, რათა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს, მაგრამ, ამავდროულად, მარტივ პირობებში დაისვენოს“.

კატიასთვის მთავარი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ შეექმნა პროექტი, რომელიც მოერგებოდა ხედს და ექნებოდა მარტივი „სოფლის სახლის განწყობა“. როგორც მიღებული შედეგიდან ჩანს, მან დასახულ მიზანს ნამდვილად მიაღწია.

„ტერასის“ პროექტის ავტორს ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას დიზაინერის დახმარება არ დასჭირდა და ყველაფერი საკუთარი შთაგონებითა და მეგობრების რჩევით გააკეთა.

„აგური, ხე და შეშის ღუმელი – ეს იყო მთავარი კომპონენტები და ამის ირგვლივ მოხდა ყველა დეტალის აწყობა. ყველაფერი გაკეთებულია ხელით, დაწყებული მაგიდიდან, დასრულებული სამზარეულოს კუთხით. ჩვენს სტუმარს არ აქვს მოლოდინი, რომ ის ჯავშნის სასტუმროს ნომერს, არამედ ის შედის მარტივ გარემოში ლამაზი ხედით“.

როგორც კატია გვიამბობს, თავდაპირველად „ტერასა“ „ბექფექერ ტურისტებზე“ იყო გათვლილი და აქტიურად იჯავშნებოდა, თუმცა პანდემიის პერიოდში ეს დინამიკა შესუსტდა, შემდეგ კი საქართველოში დახურულმა წვეულებებმა იმატა და „ტერასა“ სტუმრების საყვარელი ლოკაცია გახდა, სადაც იხდიან ქორწილებსა და დაბადების დღეებს. დღეს ეს სივრცე წარმოადგენს ადგილს, სადაც ადამიანებს უხარიათ შეკრება როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

კატია აბსანძე გვიზიარებს სამომავლო გეგმებსაც და გვიამბობს, რომ ახლო მომავალში პროექტის გაფართოებას და ერთგული სტუმრებისთვის აუზისა და დამატებითი სივრცეების მოწყობას აპირებს.

ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

სამზარეულო, როგორც სახლის გული – Swan-ის ბრენდის ფილოსოფია

ინდივიდუალური ხედვა და გულწრფელი დიზაინი – ინტერვიუ ნინო ნოზაძესთან