სახლის მოწყობისას ხშირია ფუნქციური ზონების მკაფიოდ დაყოფა — მისაღები, საძინებელი, სამზარეულო… მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, არცთუ იშვიათად შეუმჩნეველი სივრცე, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც კითხვა უყვარს — ეს არის საკითხავი კუთხე. წიგნის კუთხე შეიძლება იყოს მოულოდნელად ინტეგრირებული საერთო ინტერიერში, ან სპეციალურად შექმნილი მყუდრო სივრცე მხოლოდ ამისთვის. კარგად დაგეგმილი განათება, კომფორტული სავარძელი და წიგნებით მდიდარი თაროები ქმნის გარემოს, სადაც დრო სხვა ტემპით მიედინება. დღეს გთავაზობთ 3 საინტერესო პროექტს საქართველოდან, სადაც საკითხავი ზონა იდეალურად ერწყმის საერთო სივრცეს.
პირველ პროექტში წარმოდგენილია ინტერიერი, სადაც წიგნების სივრცე და სასადილო ზონა ერთიან კომპოზიციაშია გაერთიანებული. ბიბლიოთეკა განთავსებულია შუშის თაროებზე, რომლებიც ორ ძლიერ ლითონის საყრდენს ეყრდნობა და ავსებს მთლიან კედელს, სადაც ჩაშენებულია მინიმალისტური ბუხარიც. თაროებზე განლაგებული წიგნები და დეკორატიული ობიექტები ქმნის მრავალშრიან ვიზუალურ ეფექტს. მუქი ტონალობები, შავი კერამიკული მაგიდა და სკამები მკვეთრად ეხმიანება თაროების სტრუქტურას, რაც სივრცეს დახვეწილ და დინამიკურ სახეს აძლევს.
მეორე ინტერიერი ბევრად უფრო ნათელი და ბუნებრივია. აქ საკითხავი კუთხე ორგანულად ერწყმის მისაღებ ოთახს და გამოყოფილია ღია ხის თაროებით, რომლებიც კედელს მიუყვება ჭერამდე. ხის ზედაპირი სითბოსა და სიმშვიდის განცდას ტოვებს. რბილი განათება, რომელიც ჭერს გასდევს, ინტერიერს ზომიერად ანათებს, ხოლო მწვანე მცენარეები და ბუნებრივი განათება გარე ხედით განაპირობებს სივრცის ჰარმონიულობას. კუთხეში განლაგებული ხის სამუშაო მაგიდა კი მიანიშნებს, რომ ეს სივრცე არა მხოლოდ კითხვისთვის, არამედ პროდუქტიული მუშაობისთვისაც იდეალურია.
მესამე პროექტში ბიბლიოთეკა კლასიკური მისაღების ფონზე ჩნდება. წიგნების გრძელი და სფონტანურად განლაგებული სვეტი ერთდროულად ორგანიზებულად და სპონტანურად გამოიყურება. თეთრი ავეჯი, მინიმალისტური დეტალები და მინის მაგიდა ქმნის მსუბუქ ატმოსფეროს, რომლის ფონზე წიგნების “კოშკი” განზრახ დეკორატიულ ელემენტად გარდაიქმნება.
ყოველი ეს პროექტი ერთ საერთო სათქმელს გვაწვდის: წიგნებისადმი სიყვარული ყოველთვის პოულობს საკუთარ ადგილს ინტერიერში — იქნება ეს ფუნქციური ბიბლიოთეკა, მყუდრო კუთხე, თუ არტისტული კომპოზიცია. კითხვისთვის შექმნილი სივრცე კი მხოლოდ პრაქტიკული კი არა, ემოციური და ესთეტიკური რესურსიცაა სახლისთვის.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2