in

მინიმალისტური სახლი ლისზე — ზაალ გუგუშვილის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთ საინტერესო და სახასიათო სახლს გაგაცნობთ, რომელიც ზაალ გუგუშვილს ეკუთვნის, სადაც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელი ლისის მიმდებარედ, გუდავას ქუჩაზე მდებარეობს და 400 მ2-ს მოიცავს (300 მ2 საცხოვრებელი ფართი, ვერანდა – 100 მ2 ).

ზაალი ბავშვობიდან ხატავდა, დაამთავრა ხელოვნების სკოლაც, შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, 3 წლის განმავლობაში სწავლობდა. მოგვიანებით პროფესია შეიცვალა და სწავლა ეკონომიკის მიმართულებით განაგრძო. როგორც თავად ამბობს, არქიტექტურისა და დიზაინისგან რადიკალურად განსხვავებულ არაერთ სფეროში იმუშავა, თუმცა ბოლოს კვლავ ინტერიერის დიზაინს დაუბრუნდა. 2023 წელს ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია და მეგობრებთან ერთად კომპანია დააფუძნა, რომელიც არქიტექტურის, მშენებლობის, ინტერიერის დიზაინისა და რემონტის მიმართულებით საქმიანობს.

„სახლი მეგობრებთან ერთად ავაშენე. მშენებლობის პროცესში გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად აქ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად, რადგან ადგილმდებარეობა ძალიან მოგვეწონა – ლისის ტბასთან სიახლოვე და ქალაქის ულამაზესი ხედი ამ ადგილის მთავარი უპირატესობაა. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სახლის ფართობიც: გვინდოდა, ბავშვებს საკუთარი ოთახები და გასართობი სივრცე ჰქონოდათ“— აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ის გვიყვება, რომ რემონტის დროს არქიტექტორის მიერ შემუშავებული თავდაპირველი გეგმარება შეიცვალა, რაც მთავარ საძინებელში საგარდერობო სივრცის, ასევე, სამუშაო ოთახისა და დამოუკიდებელი სამზარეულოს მოწყობის სურვილმა განაპირობა. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, სახლის მესაკუთრემ მასზე დამოუკიდებლად იმუშავა. მას სურდა, სახლი მინიმალისტური და თანამედროვე სტილების სინთეზით მოწყობილიყო, ამიტომ ინტერიერი სისადავითა და სიმარტივით გამოირჩევა.

სახლის ექსტერიერი წარმოადგენს ბუნებრივი ქვის (ტრავერტინი) და ჭრელი აგურის სინთეზს. რაც შავი ალუმინის ვიტრაჟებთან და მინის მოაჯირებთან ერთად საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

სახლში ნულ სართულზე განთავსებული ჰოლიდან შევდივართ, კიბით ავდივართ პირველ სართულზე, სადაც მდებარეობს გამჭოლი მისაღები, რომელიც ეზოში გადის ვიტრაჟული კარით, რაც საშუალებას იძლევა მისაღები და ეზო ერთ მთლიან სივრცეში მოექცეს.

ეზო ტერასულია და არსებული მონოლითური კედელი მოხატულია იმგვარად, რომ შეიქმნას სივრცის შეგრძნება. ამავე სართულზე განთავსებულია დამოუკიდებელი სამზარეულო, კაბინეტი და სველი წერტილი.

კიბით ავდივართ მეორე სართულზე, სადაც ოთხი თითქმის თანაბარი ფართის საძინებელი მდებარეობს, ამასთან მთავარ საძინებელს აქვს საგარდერობო სივრცე, საიდანაც საძინებლის აბაზანაში შევდივართ. ამავე სართულზე მდებარეობს საერთო აბაზანა და მცირე სამრეცხაო კუთხე.

საცხოვრებელს მიმზიდველ იერს სძენს 60 მ2 ფართობზე მოწყობილი მისაღები სივრცე, რომელიც ორივე მხრიდან ვიტრაჟულია. მსგავსი გადაწყვეტა ოთახს სინათლეს და მეტ მოცულობას ანიჭებს. პროექტის ავტორი გამოარჩევს ორიგინალური დიზაინის ავეჯს, რომელიც სახლის ექსკლუზიურ ხასიათს განაპირობებს.

„მეტალის ბუხარს ჰარმონიულად ერწყმის მეტალის ხელნაკეთი თაროები, რომლებზეც წიგნებთან ერთად სხვადასხვა დიზაინობიექტი და აქსესუარია განლაგებული. ამავე ხაზს აგრძელებს მეტალის ხელნაკეთი ავეჯი — ტელევიზორის კონსოლი და ჩაშენებულ კარადა. ინტერიერის განსაკუთრებული ელემენტია „Driade“-ს სავარძელი “Nemo”, რომელიც, სივრცეში გამოყენებულ სხვადასხვა აქსესუართან ერთად, სახლს სახასიათო სტილსა და მომხიბვლელ იერს სძენს“, – გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მეტალისა და მინის ჰარმონიული სინთეზით საინტერესო იერსახე იქმნება, რომელსაც ინდივიდუალურობას ხელნაკეთი ნივთები მატებს. მინიმალიზმისა და თანამედროვეობის შერწყმით საკმაოდ კომფორტული და მსუბუქი სივრცე მიიღება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თავს მშვიდად და მყუდროდ აგრძნობინებს.

„ვფიქრობ, საკმაოდ სახასიათო და გამორჩეული ინტერიერი გამოვიდა. ერთიანობისა და ჰარმონიულობის განცდა მეტალისა და მინის სინთეზით მიიღწევა, ხოლო სწორი გეგმარების შედეგად, ძალიან კომფორტული საცხოვრებელი სივრცე შეიქმნა“, – აღნიშნავს პროექტის ავტორი.

იატაკის საფარი: მისაღები – „Basa Ceramica“, საძინებლები – „გალერეა დემასი“

აბაზანის ფილები: „ბელ მეზონი“, „Diesel“

შემრევები: „აქვარუმი“, „Grohe“

კედლის მოპირკეთება: „ჯაოკენი“, „ნიუ დიზაინი“

განათება: „ახალი ნათება“, „Eglo, Faro“, „Nowodvorski“

ავეჯი: „ბელ მეზონი“ – „Driade Nemo“, „Roly Poly“, „სალოტი“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა უნდა შეიცვალოს ინტერიერში, რომელიც მოსაწყენად გვეჩვენება?

ვინტაჟური აგარაკი შვედეთში