in

უხილავი კარი — მონტაჟის სპეციფიკა და ფასები ქართულ ბაზარზე

უხილავი კარი, იგივე კარი ჩარჩოს გარეშე, თანამედროვე ინტერიერში დიდი მოწონებით სარგებლობს. ამგვარი კარი სივრცის მინიმალისტურ, ჰარმონიულ იერსახეს ქმნის და ინტერიერში ერთიანობის განცდა შეაქვს. ამიტომაცაა, რომ ის თანამედროვე დიზაინერთა რჩეული პროდუქტია და არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. ესენია:

დახვეწილი სტილი — სტანდარტულ კართან შედარებით, უხილავი კარის მთავარი უპირატესობა ელეგანტურობა და მომხიბვლელობაა. ორიგინალური და მრავალფეროვანი დიზაინის წყალობით, ამ ტიპის კარი ნებისმიერ სივრცეს მიმზიდველობას შესძენს და მასში დახვეწილ მინიმალიზმს შეიტანს.

სივრცის ვიზუალურად გაზრდა — გამორჩეული დიზაინის წყალობით, უხილავი კარი ვიზუალურად ზრდის სივრცის ფართობს და მას ერთიან იერსახეს ანიჭებს. ამავდროულად კი, ინტერიერში სიმსუბუქე შეაქვს. იმის გამო, რომ კარი კედელს ერწყმის, მისი დეკორატიული დანიშნულებით გამოყენებაც შესაძლებელია.

მდგრადობა — უხილავი კარი ისეთივე გამძლეა, როგორიც – სტანდარტული. ამასთანავე, მისი მოვლა მარტივია: ორიგინალური დიზაინის გამო, ზედაპირზე მტვრისა და ჭუჭყის დაგროვებისთვის მცირე ადგილია, რის გამოც მისი წმენდა ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

უხილავი კარის მონტაჟის სპეციფიკისა და პროდუქტის ღირებულების გასარკვევად ოთახშორისი კარის საწარმოს, „დორ არტს“ მივმართეთ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, უხილავი კარი MDF-ისგან მზადდება, თუმცა კარის ჩარჩო ორგვარია — MDF-ის ან ალუმინის კონსტრუქციაზე დამზადებული. გამძლეობისა და ხარისხის თვალსაზრისით, ორივე მასალა ერთნაირია. ერთადერთი განსხვავება დიზაინია: მომხმარებელთა ნაწილს მოსწონს, როდესაც ჩარჩოს ალუმინის ვერცხლისფერი კანტი დაჰყვება.

„ამ ტიპის კარის დასამზადებლად თანამედროვე ბაზარზე MDF-ი გამოიყენება, რომელიც აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, რათა პროდუქტმა მდგრადობა შეინარჩუნოს. ჩვენს საწარმოში უმაღლესი ხარისხის მასალას ვიყენებთ — ევროპულ, ავსტრიულ MDF-ს, იტალიურ საღებავებსა და იტალიურ ფარულ ანჯამებს. ამასთანავე, კარს დამატებით 10-12 მმ-იანი სისქის MDF-ს ვაკრავთ (ხშირად 6 მმ-ს აკრავენ ხოლმე), რათა უფრო მტკიცე იყოს. სტანდარტული ზომის კარს სამი ანჯამა უმაგრდება, არასტანდარტულისთვის კი მათი რაოდენობა წონის მიხედვით ითვლება. მასალის შერჩევასთან ერთად, მის დამუშავებასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

დარგის სპეციალისტი გვირჩევს, კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციის გზით, რემონტის დაგეგმვის პროცესშივე შევარჩიოთ კარის შესაბამისი მოდელი, რათა ღიობისა და ფრთის ზომები, ასევე, კედლის დამუშავების სპეციფიკა წინასწარ განისაზღვროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი დამუშავებისა და მონტაჟის გამო, კარისა და კედლის დაზიანების ალბათობა იზრდება.

დორ არტის“ წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უხილავი კარის ჩარჩო არ ჩანს, სინამდვილეში, ის კედელშია დამალული და საგანგებო დამუშავება სჭირდება: „ზოგადად, ღიობისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს 220-80 სმ (სიგრძე, სიგანე), მაგრამ, რადგან უმეტესობას ჰგონია, რომ უხილავ კარს ჩარჩო არ აქვს, ვარაუდობენ, რომ კარის ფრთის სიგანეც 80 სმ იქნება. ეს არასწორია. ღიობის ადგილს თავსა და გვერდებზე დაახლოებით 5 სმ აკლდება, ამიტომ კარის ფრთის სიგრძე და სიგანე, შესაბამისად, 215-70 სმ გამოდის. თუმცა, 70 სმ სიგანე ხშირად ეპატარავებათ. იმისათვის, რომ დიდი და ლამაზი კარი მივიღოთ, მომხმარებელს ვურჩევთ, ღიობის სიგრძე-სიგანისთვის 230-90 სმ ივარაუდონ. აქედან გამომდინარე, კარის ფრთაც 225-80 სმ იქნება. სწორედ ამ ყველაფრის გამოსათვლელადაა აუცილებელი წინასწარი კონსულტაცია, რომლის წყალობითაც რემონტის დროს წარმოქმნილ პრობლემებს გამორიცხავთ“, – გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.

როგორც სპეციალისტი ამბობს, უხილავი კარი კედლის მოპირკეთების დასრულებამდე, იატაკის დაგების შემდეგ მონტაჟდება. მონტაჟისას მნიშვნელოვანია კედლებისა და იატაკის იდეალური სისწორე. არასტანდარტული კარის შემთხვევაში კი, რომელიც იატაკიდან ჭერამდე თავსდება, ჭერის სისწორესაც დიდი ყურადღება ექცევა. მონტაჟის შემდეგ აუცილებელია, ჩარჩოსა და კედელს შორის არსებული ღიობი ხარისხიანი მასალით დამუშავდეს — საგანგებო გიფსოთი, სილიკონის შემცვლელი ფითხითა და ლენტებით, სხვა შემთხვევაში, მონტაჟის შემდეგ ღიობის ადგილას ბზარები ჩნდება და კარისა და კედლის იერსახე ზიანდება.

რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, „დორ არტში“ ამბობენ, რომ MDF-ის კონსტრუქციით დამზადებული სტანდარტული კარის (230-90 სმ) ფასი 1200 ლარიდან იწყება, ალუმინის კონსტრუქციით დამზადებულისა კი – 1450 ლარიდან. სახელურის გარდა, ფასში შედის ყველაფერი, მათ შორის, მონტაჟიც.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

იდეები პატარა სამზარეულოს მოსაწყობად – #Homeisინსპირაცია

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევისას დაშვებული 15 შეცდომა