მარიტა ბოქოლიშვილის ბინის ინტერიერს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მარიტა ინტერიერის დიზაინითაა გატაცებული, ამიტომაც საკუთარი სახლი თავად, დიზაინერის დახმარების გარეშე მოაწყო. დღეს იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც რემონტის დროს შეიძინა.
შეცდომა #1: სამზარეულოს გეგმარების არქონა
მარიტა მიიჩნევს, რომ რემონტამდე ბინის გეგმარების შემუშავება აუცილებელია, რათა სივრცე მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული იყოს. მისი აზრით, განსაკუთრებულ დაგეგმარებას სამზარეულო მოითხოვს, რომელშიც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო წერტილი იყრის თავს, მათ გადანაწილებას კი შესაბამისი ცოდნა სჭირდება.
„უპირველესად, ბინის ზუსტი გეგმარების შემუშავებაა აუცილებელი. განსაკუთრებით ეს ეხება სამზარეულოს. თუ მთლიანი გეგმარების შესაქმნელად პროფესიონალის დაქირავებისთვის ბიუჯეტი არ გყოფნით, შეგიძლიათ, მხოლოდ სამზარეულოს ნახაზი გააკეთებინოთ. ამ სივრცეში ყველაზე მეტი ელექტროწერტილი იყრის თავს, ამიტომ საჭიროა, წინასწარ ზუსტად განსაზღვროთ წვრილი ტექნიკის ადგილიც კი“, — აღნიშნავს მარიტა.
შეცდომა #2: კედლის არასწორი ფერის შერჩევა
ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, კედლები რაც შეიძლება ნეიტრალურ ფერში შევღებოთ, რათა, დიზაინის მხრივ, არ შევიზღუდოთ:
„ეცადეთ, კედლები, საძინებლის გარდა (აქ შეგიძლიათ, უფრო თავისუფალი იყოთ), რაც შეიძლება ნეიტრალური ფერით გააფორმოთ. მნიშვნელობა არ აქვს, შპალერს გამოიყენებთ თუ საღებავს. ეს იატაკის საფარსაც ეხება, რომელიც, სასურველია, ნატურალური ხის ფერი იყოს. დიზაინის მხრივ, ამ შემთხვევაში მეტი თავისუფლება მოგეცემათ, რადგან მკვეთრი ფერები, როგორც წესი, ყველაფერს არ უხდება“.
შეცდომა #3: იატაკქვეშა გათბობის არარსებობა სააბაზანოში
მარიტას თქმით, ძალიან ნანობს, რომ სააბაზანოში თავიდანვე არ დაამონტაჟა იატაკქვეშა გათბობა. სწორედ ამიტომ, გვირჩევს, აუცილებლად ვიზრუნოთ ამ საკითხზე და, სულ მცირე, რადიატორი მაინც გამოვიყენოთ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვის სააბაზანოს მოწყობა გვსურს). გათბობის გარეშე ოთახი ცივი და ნესტიანია, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობს.
შეცდომა #4: გაუფრთხილებლობა მკვეთრი ფერების გამოყენებისას
მარიტა გვირჩევს, მკვეთრი ფერების გამოყენებას მოვერიდოთ, განსაკუთრებით კი ისეთ საგნებზე, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევცვლით, რადგან, შესაძლოა, გადაწყვეტილება მალევე ვინანოთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვანი სახლები არ მიყვარს, ყველას ვურჩევ, მკვეთრ ფერებთან სიფრთხილე გამოიჩინონ. განსაკუთრებით მოერიდეთ მათ გამოყენებას ავეჯზე. წითელი დივანი შეიძლება გამოცვალოთ, მაგრამ წითელ სამზარეულოს მარტივად ვერ ჩაანაცვლებთ. ამიტომ, ნუ მიიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ზუსტად ისაა, რაც ნამდვილად გინდათ“.
შეცდომა #5: წერტილოვანი განათების არარსებობა
იმის მიუხედავად, რომ მარიტას პრინციპული გადაწყვეტილება იყო, ბინაში წერტილოვანი განათება არ დაემონტაჟებინა, ახლა ამას ნანობს: „ჩემი სურვილით, წერტილოვანი განათება არ გამოგვიყენებია, სანათებისა და ბრების არჩევა კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გირჩევთ, ზოგიერთ ადგილას მაინც დაამონტაჟოთ წერტილოვანი განათება, რომელიც, გარდა იმისა, რომ მომხიბვლელია, ფინანსურად გაცილებით ხელმისაწვდომია“.
შეცდომა #6: საკუთარი სტილისა და გემოვნების უგულებელყოფა
მარიტა მიიჩნევს, რომ გემოვნებიან ადამიანს, რომელსაც ესთეტიკური მგრძნობელობა განვითარებული აქვს, დიზაინერის დახმარების გარეშეც შეუძლია ლამაზი გარემოს შექმნა.
„ეცადეთ, ბინა რაც შეიძლება თბილ ტონებში მოაწყოთ. შემოიტანეთ ფერები, თუნდაც, სურათის ჩარჩოებით. აუცილებლად დატვირთეთ ინტერიერი ბუნებრივი გამწვანებით. ნუ გამოიყენებთ დაძველების ეფექტის მქონე ფილებს. არასოდეს იჩქაროთ მასალის შერჩევა და არ დაზოგოთ თანხა სანტექნიკაზე. მთავარია, ბინა სწორად იყოს დაგეგმარებული, დიზაინს კი სტილისა და გემოვნების მქონე ადამიანი თავადაც მშვენივრად გაართმევს თავს“, — აღნიშნავს მარიტა.