in

„ჰარმონიული ეკლექტიზმით“ შექმნილი ბინა შატბერაშვილის ქუჩაზე — ნია ნინიძის ინტერიერი

შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომლის საერთო ფართობი 131 მ2-ია, ნია ნინიძეს ეკუთვნის. ნია, მეუღლის მსგავსად, პროფესიით ბიზნესადმინისტრატორია და წლებია, „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში მუშაობს. ინტერიერის დიზაინთან პირდაპირი შეხება აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა, სხვადასხვა ინტერიერის თვალიერება ყოველთვის ხიბლავდა.

ბინა წყვილმა 2021 წელს იმავე ქუჩაზე შეიძინა, სადაც მანამდე ცხოვრობდა და სახლს აქირავებდა. სწორედ ამან განაპირობა მომავალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობის  შერჩევაც.

„ვფიქრობ, ამ ბინის არჩევის მთავარი მიზეზი მისი მდებარეობა იყო, რადგან გაქირავების ბიზნესის მართვა გაცილებით მარტივი იქნებოდა. მგონია, რომ კორპუსს, რამდენიმე მიზეზის გამო, განსაკუთრებული მდებარეობა აქვს — თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ვაკეში მდებარეობს; ტურისტებისთვის ბევრი კაფე და რესტორანია, აქვეა მზიურის პარკი და „ღვინის ქარხანაც“. ჩვენი ქუჩა შემაღლებულ ადგილასაა, ამიტომ აქ სუფთა ჰაერი და, სხვა უბნებთან შედარებით, რამდენიმე გრადუსით დაბალი ტემპერატურაა, რაც ზაფხულში განსაკუთრებულად იგრძნობა. ამ ქუჩიდან კუს ტბაზე საფეხმავლო გადასასვლელია, რომლითაც პანდემიის დროს ხშირად ვსარგებლობდით“, — გვიამბობს ნია.

წყვილმა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში შეიძინა, თუმცა, სასურველი შედეგის მისაღებად მისი გადაკეთება გახდა საჭირო. სივრცის თავდაპირველი გეგმარება შეიცვალა, რადგან, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, სახლი არასწორად და საკმაოდ მოუხერხებლად იყო დაგეგმარებული. შესაბამისად, ადგილის გაზრდის მიზნით, ერთ-ერთი კედელი მოიხსნა. სამზარეულო და მისაღები გაერთიანდა, საბოლოო ჯამში კი ოთახის ფართობმა 50 მ2 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში გამოყენებული დომინანტური სალათისფერი და ნარინჯისფერი ტონალობები თეთრი კედლებითა და ღია ხისფერი იატაკითაა დაბალანსებული. გამწვანება სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და სივრცეს უფრო მიმზიდველსა და მყუდროს ხდის.

ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, რომ ინტერიერის შექმნის პროცესში შთაგონების წყარო წყვილის საყვარელი ქვეყანა, იტალია აღმოჩნდა, რომლის ესთეტიკაც მთელ სახლში იგრძნობა.

„იტალია განსაკუთრებულად გვიყვარს. ზაფხულში კამპანიის რეგიონში და მის დედაქალაქ ნეაპოლში, ამალფის ყურესა და კუნძულ კაპრიზე ვიმოგზაურეთ. კამპანიის რეგიონი გამორჩეული მხარეა ფერადი ფასადებით, ხალხით სავსე ქუჩებითა და ლიმონის ხეებით… ვეცადეთ, იტალიის სახასიათო შტრიხები დიზაინში გადაგვეტანა, თუნდაც დეკორის ან ნივთის სახით. გადავწყვიტეთ, დიზაინის საფუძველი ამ ქვეყნის ფერადოვნება ყოფილიყო. სახლის გეგმარებაც საინტერესოა — ბინის ცენტრში შემოსასვლელია, რომელიც ყველა ოთახს აერთიანებს. გვინდოდა, ეს დერეფანი „ქუჩად“ გვექცია და, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიის ქუჩის ფერებში (აგურისფერსა და ყვითელში) შეგვეღება. კარიც სახასიათო ბეჟ ფერშია გადაწყვეტილი. გვაქვს ტიპური იტალიური მწვანე დარაბებიც,” – გვიამბობს ნია 

ბინის მეპატრონეები ეცადნენ, რომ ოთახები ამა თუ იმ ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშნით გამოეყოთ. მაგალითად, დიდ საძინებელში კედლის ფერებითა და პოსტერების გამოყენებით, რომისთვის დამახასიათებელი შტრიხებია შეტანილი. აქ ასევე ვხვდებით კოლოსეუმის მსგავს თაღებსაც.

მეორე საძინებელი ფლორენციის სანტა მარია დელ ფიორესთვის დამახასიათებელ ბეტონისფერსა და შავ ზოლებშია მოწყობილი. აქ თითქმის ყველა ნივთს, ფარდისა და საწოლის ჩათვლით, შავი წვრილი ზოლები აქვს.

რაც შეეხება პატარა აბაზანას, ის კაპრისთვის დამახასიათებელ ლურჯ და ყვითელ გამაშია გადაწყვეტილი. გამოყენებულია კაპრის სტილის კერამიკის ფილები. პატარა თაღისებრ თაროსაც ამ მხარის არქიტექტურაში ვხვდებით.

ჩვენი იდეები საკმაოდ გაბედული და დროის თვალსაზრისით, ნაკლებად განხორციელებადი ჩანდა, თუმცა, მგონია, რომ კარგი შედეგი მივიღეთ.

საკმაოდ ელეგანტურია სამზარეულოს დიზაინიც. მწვანე ფერის კერამიკული ფილები და შავ-თეთრი ტონალობა საინტერესოდ ეხამება მისაღები ზონის ინტერიერს.  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „SMEG“-ის რეტრო სტილის წითელ მაცივარს, რომელიც სამზარეულოს მთავარ აქცენტად გვევლინება.

მაცხოვრებლებისთვის გამორჩეული ნივთია აივნის მაგიდა, რომლის დამზადების პროცესში თავად მონაწილეობდნენ. როგორც ნია აღნიშნავს, მაგიდის დიზაინი ერთ-ერთ კაფეში ნახეს და მოიხიბლნენ. პროგრამა ArchiCad-ის გამოყენებით, მისმა მეუღლემ ნახაზი შეადგინა, რომლის მიხედვითაც ლითონის კონსტრუქცია გამოიჭრა. კონსტრუქციას მსხვილი მილები დაუმაგრდა და თერმულად შეიღება, საბოლოდ კი საკმაოდ მიმზიდველი სახე მიღო.

 

სახლი მრავალფეროვნებითა და ფერადოვნებით გამოირჩევა. ინტერიერში იტალიური განწყობა იგრძნობა. გარემო ნებისმიერ ადამიანს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს.

„ვფიქრობ, ბინა ეკლექტური დიზაინის მშვენიერი ნიმუშია, თუმცა, ამავდროულად, ჰარმონიულიცაა. ხშირად სრულიად სხვა განწყობით დავბრუნებულვარ შინ და ამ გარემოს დადებითი გავლენა მოუხდენია. ამას ყველა სტუმარიც აღნიშნავს. ალბათ, ესაა სახლის მთავარი ფუნქციაც. იტალიაც ხომ ასეთია. ამ სივრცეში ნამდვილად შევძელით იმის მიღწევა, რაც გვსურდა“, – გვეუბნება ნია.

რბილი ავეჯი: ქართული საწარმო “ჯი&ჯი”

იატაკის საფარი: „დანი“, „ლეგორუმი“,

აბაზანის ფილები: „კერამა მარაცი“, „ლეგორუმი“, „ვენეტო დიზაინი“

კედლის მოპირკეთება: შპალერი – „ნიუ დიზაინი“, საღებავი – „კაპაროლი“ (კაპასილანი, ამფიბოლინი).

განათება: „დომინო“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რემონტის შეცდომები — მარიტა ბოქოლიშვილის გამოცდილება

Miele-ს სარეცხი მანქანა – რა გამოარჩევს მას მსოფლიო ბრენდებისგან?