in

რემონტის შეცდომები — ნია ნინიძის გამოცდილება

შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე ნია ნინიძის სახლს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ინტერიერი ნიამ და მისმა მეუღლემ საკუთარი გემოვნებითა და საყვარელი ქვეყნის, იტალიის შთაგონებით მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი, რემონტის მიმდინარეობისას გარკვეული სირთულეები წარმოიშვა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ნია საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება და რემონტთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს.

შეცდომა #1: არასწორი გეგმარება

წყვილმა სახლი თეთრი კარკასის მდგომარეობაში შეიძინა, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად  სივრცის გადაკეთება და კედლის დემონტაჟი გახდა საჭირო, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ნია გვირჩევს, რომ თავიდანვე ზუსტად დავგეგმოთ პროექტი და სწორად შევასრულოთ გეგმარება, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და არასწორი პროექტირებისგან გამოწვეული  შედეგები.

„სასურველი მდგომარეობის მისაღებად ბინის გადაკეთება მოგვიწია. სივრცის გასაზრდელად რამდენიმე კედელი დავანგრიეთ, რადგან არასწორი და მოუხერხებელი იყო. სანამ სარემონტო სამუშაოებს დავიწყებდით, ვფიქრობდით რამდენად გვიღირდა, რადგან კედლის დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა საკმაოდ ძვირი ჯდება. საბოლოოდ ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით და გეგმარება შევცვალეთ. ყველას ვურჩევდი, თავიდანვე სწორად დაგეგმოს სივრცე, რადგან არასწორი პროექტირება უამრავ პრობლემას ქმნის, რემონტის შემდგომი ცვლილებები კი ორმაგი ხარჯია“, — ამბობს ნია

შეცდომა #2: ხელოსნების დაგვიანებით მოძიება

ნია მიიჩნევს, რომ რემონტის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პროფესიონალი კადრების დროულად მოძიება აღმოჩნდა. რადგან მათ თავიანთი განრიგი აქვთ, ხშირ შემთხვევაში, წინასწარ გაფრთხილებისას 2-3 თვით ადრეც  სრულად დაკავებულნი არიან. ამიტომ აუცილებელია კონკრეტული ხელოსნის დროულად მოძიება და  წინასწარ დაჯავშნა, რათა  სარემონტო სამუშაოები შეუფერხებლად წარიმართოს.

ასევე, ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, რომ ხელოსნის შერჩევამდე სხვების რეკომენდაციებს მოვუსმინოთ და სპეციალისტის ნამუშევრებს თავად გავეცნოთ, რათა კვალიფიციური და სანდრო კადრი შევარჩიოთ — „ხშირად ხელოსნები მათთვის ყველაზე მარტივ, არცთუ ხარისხიან მასალას გვირჩევენ. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობდით, თავად გაგვერკვია პროდუქტის მახასიათებლები, გამოყენებისთვის რეკომენდებული პირობები და ეკოლოგიურობის მაჩვენებელი, რამაც საკმაოდ დიდი დრო დაგვახარჯვინა“.

შეცდომა #3: ელექტრობისა და გათბობა-გაგრილების წერტილების არასწორი გეგმარება

ნია თვლის, რომ როზეტებისა და ჩამრთველების სწორი გადანაწილება კომფორტული ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამისათვის კი საჭიროა ავეჯის მდებარეობის წინასწარ განსაზღვრაც, რათა ელექტრო წერტილები სივრცეს ზუსტად მოარგოთ.

„ელექტრო გაყვანილობის ხარისხი არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ მომავალში ბინის კომფორტულ გამოყენებასაც განაპირობებს. ელექტრობის დაგეგმვამდე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, სად რა ავეჯს განათავსებთ. მაგალითად, ჩვენ საძინებლის მოწყობისას თავიდანვე ვერ შევარჩიეთ სასურველი სტილისა და ზომის ტუმბოები, რის გამოც რემონტის დასრულებისას როზეტების გადაადგილება მოგვიხდა. შესაბამისად, უმჯობესია, წინასწარ იფიქროთ შესაბამის ავეჯზე, რათა სიმეტრია არ დაირღვეს და ელექტრო წერტილები თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას დაამონტაჟოთ“.

ნია გვესაუბრება გათბობა-გაგრილების სისტემებზეც და რემონტის დაწყებისას მათი ადგილის გათვალისწინებას გვირჩევს. „უმჯობესია, თავიდანვე  გათვალოთ კონდიციონერის მდებარეობა და რემონტის პროცესში გახვრიტოთ შესაბამისი ადგილი. როგორც წესი, ამ სამუშაოს რემონტის დასრულებისას აკეთებენ, რაც არასწორია და სახლის დაბინძურებას იწვევს“.

შეცდომა #4: სანათების არასწორი შერჩევა

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ოთახის მოცულობიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ჭერის განათების ზონებად დაყოფა. „საერთო ოთახში, სადაც სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია, უკეთესია ინდივიდუალური სანათი და ჩამრთველი დაამონტაჟოთ. სამზარეულოს ზონაში კომფორტულია რელსის სანათის გამოყენება, რომელიც საშუალებას გაძლევთ სინათლე სასურველი მიმართულებით მართოთ. ვფიქრობ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის სასადილო მაგიდის თავზე არსებული განათება, რომელიც ამ ზონასაც გამოკვეთს“.

ნია ყურადღებას ამახვილებს ნათურების ფერსა და ინტენსივობაზეც და მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად  თბილი ნათების უპირატესობაზე საუბრობს.

„ნათების შერჩევისას მნიშვნელოვანია ფერთან შეხამებაც, რადგან ნათების ტემპერატურა ფერს მთლიანად ცვლის. მაგალითად, კაპაროლის შოურუმში არის სპეციალური მანათობელი, რომლის მეშვეობითაც შერჩეულ ფერს ამა თუ იმ ნათებაზე მოსინჯავთ და გაიგებთ, როგორ გამოიყურება სასურველი ტონალობა“.  

შეცდომა #5: სტანდარტული კარის საკეტების გამოყენება

ნია ჩვენს მკითხველს ჭკვიანი საკეტების ე.წ „Smart Locks“-ების მოხმარებას ურჩევს, რომლებიც ჩვეულებრივი, სტანდარტული საკეტებისგან განსხვავებით ძალიან კომფორტული და ბევრად უსაფრთხოა.

„ვფიქრობ, არ არის საჭირო გასაღების ტარება, რომელიც შეიძლება ადვილად დაიკარგოს. უფრო ადვილია დროებითი კოდებისა და ელექტრონული გასაღების შექმნა სტუმრებისა და დასუფთავების სამსახურებისთვის. ამგვარი სისტემა ბევრად უსაფრთხოა და სმარტფონების გამოყენებით კონტროლსაც ამარტივებს“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

გასაჭიმი ჭერი და მისი მთავარი უპირატესობები

რა უპირატესობები აქვს სახლში ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენებას?