in

„ბინა 96“ – მარიტა ბოქოლიშვილის ინტერიერი დიდუბეში

მარიტა ბოქოლიშვილის სახლი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, დიდუბეში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 167 მ2-ია. მარიტა დიდი ხნის განმავლობაში საბანკო სფეროში მუშაობდა, თუმცა ინტერიერის დიზაინი ყოველთვის აინტერესებდა. ჩვენმა რესპონდენტმა სამსახურებრივი პაუზის აღების შემდეგ საყვარელი სფეროს საფუძვლიანად შესწავლა გადაწყვიტა და „IT STEP“ აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე კერძო შეკვეთაზეც იმუშავა. მიიჩნევს, რომ ახალი ბინის რემონტის პროცესში საკუთარი ხედვა და სურვილები სრულყოფილად გამოავლინა.

ბინის მესაკუთრეებმა საცხოვრებელი 2021 წელს შეიძინეს.

„მეუღლესა და ორ ბავშვთან ერთად 10 წელი შედარებით პატარა ბინაში ვცხოვრობდი. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, ბუნებრივია, პირადი სივრცე დასჭირდათ, ამიტომ ახალი ბინის ძებნა დავიწყე, რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამი საძინებელი. ადგილმდებარეობა არ შეგვიცვლია, ადრეც წერეთელზე ვცხოვრობდით. ძალიან მოგვწონს ეს ადგილი“, – გვიყვება მარიტა.

შეძენისას ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში იყო. მარიტა და მისი მეუღლე რემონტის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, რაც მათთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ინტერიერის დიზაინზე მარიტამ დამოუკიდებლად იმუშავა, მასალის შერჩევაში კი მეუღლე დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებიც მონაწილეობდნენ თავიანთი ოთახის დიზაინის შექმნაში.

გეგმარება სრულად ხელუხლებელი დატოვეს. მხოლოდ სამზარეულოს კარის მდებარეობა შეიცვალა, რადგან პროექტის ავტორს სურდა, სივრცის ორივე მხარეს კარადები ყოფილიყო. თითქმის უცვლელი დარჩა ბეტონის კიბეც, რომელსაც მოაჯირი დაემატა და დამუშავდა, მის უჯრედში კი პატარა სამუშაო კუთხე მოეწყო, სადაც  ხის მაგიდა განთავსდა.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, სურდა, ბინა მაქსიმალურად მყუდრო გამოსულიყო, რის გამოც ბევრი ფერადი ელემენტი გამოიყენა: „არ მიყვარს ნაცრისფერი სახლები, ამიტომ მინდოდა, ბინა რაც შეიძლება მყუდრო და თბილი, ასე ვთქვათ, „სახლური“ ყოფილიყო. ვეცადე, ინტერიერში ფერადი აქცენტები შემეტანა. მაგალითად, მთავარი შემოსასვლელი კარი, კიბის მოაჯირი და აბაზანის ავეჯი ჩემს საყვარელ ნარინჯისფერ ტონშია გადაწყვეტილი. მთავარი კარის ფერზე დიდხანს ვიფიქრე, ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც გავეცანი. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და სკანდინავიის ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ მთავარი კარის ფერს, ამიტომ საბოლოოდ, ჩემი საყვარელი ტონი შევარჩიე“.

მისაღებში ვხვდებით სასადილო ზონას, რომელშიც სასიამოვნო განწყობა იგრძნობა. იატაკზე გამოყენებულია ღია ხისფერი საფარი, რომლის თეთრ კედლებთან კომბინაციაც საოცრად თბილ გარემოს განაპირობებს. ხის მასალისგან დამზადებული კომფორტული დივნები მყუდრო კუთხეს ქმნის. ყურადღებას იქცევს ხის სასადილო მაგიდა, რომელიც, დანარჩენ ავეჯთან ერთად, ოთახის ხასიათს განსაზღვრავს. გამორჩეულია წიგნების პატარა კუთხეც, რომელიც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ჰმატებს სახლს. გამწვანება, საინტერესო აქსესუარები და დიზაინობიექტები, ასევე, ბეტონის კიბე და მოაჯირი ინტერიერს ორიგინალურ იერს სძენს.

იზოლირებული სამზარეულო დახვეწილი და ელეგანტური იერსახით გამოირჩევა. მასში თეთრი და თბილი ნაცრისფერი ტონალობა ჭარბობს, რომელსაც აქცენტირებული წითელი აცოცხლებს. მოგრძო, კომპაქტური სამზარეულო სრულყოფილადაა ათვისებული და ის მეპატრონის ჩანაფიქრის მიხედვით შესრულდა. როგორც მარიტა გვიამბობს, მის შთაგონების წყაროდ ამ შემთხვევაში ინგლისური სამზარეულო იქცა. სიმყუდროვის შესაქმნელად გამოყენებული დახვეწილი დიზაინის სკამები და წითელი აქცენტები სივრცეს საოცარ მომხიბვლელობას სძენს და სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

საძინებლებში ფერადი დეტალები უფრო თამამადაა გამოყენებული. ისინი ინტერიერს სიმსუბუქესა და სიხალისეს სძენს. თითოეული ოთახი მცხოვრებთა საჭიროებებს ერგება და მყუდრო, ჰარმონიულ გარემოს ქმნის.

სახლის გამორჩეული ნაწილია სააბაზანოებიც, რომლებიც ორიგინალურ სტილშია გადაწყვეტილი. განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთ მათგანში გამოყენებული ნარინჯისფერი დეტალები, რომელთაც ინტერიერში საინტერესო შტრიხები შეაქვს.

ხის მასალის წყალობით, ბინაში თბილი ინტერიერი შეიქმნა. მასში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მკვეთრი ნარინჯისფერი დეტალები, რომლებიც სახლის ყველა ზონაში ფიგურირებს და საერთო სტილს ინარჩუნებს.

სარემონტო ჯგუფი: „Brigard Art“

იატაკის საფარი, აბაზანის ფილები: „ესპანური სახლი“

შემრევები:  „AQUAROOM“ – ბრენდი „GROHE“

შპალერი: „Rasch“

განათება: „New Light“

დივანი: „ბელუქსი“

საწოლები:  „Ashley Home“, „MYSA“

სკამები: „LABORATORY MY HOME“ , „MODERN HOUSE“

ჟალუზები: „დიო“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ხატვის სიყვარულით ნაპოვნი პროფესია – ინტერვიუ ლალიკო შაშიაშვილთან

Es Pou – მარია კასტელო მარტინეზის პროექტი ესპანეთში