in

“ურბანიკა“ 10 წლისაა: განვლილი გზის გულწრფელი შეფასება ირაკლი მურღულიასგან

რა არის ქალაქი თუ არა სივრცე, სადაც არქიტექტურა, საზოგადოება და გარემო ყოველდღიურად ცვლიან ერთმანეთის ფორმას? სწორედ ამ დიალოგში ქმნიან თავიანთ იდენტობას თანამედროვე ქალაქები — და სწორედ ამ დიალოგის შუაგულში იმყოფება ქართული ქალაქგეგმარებითი კომპანია „ურბანიკა“, რომელიც წელს თავის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ ათწლეულის განმავლობაში „ურბანიკამ“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ურბანულ განვითარებაში — გაანალიზა, დაგეგმა, და გარდაქმნა ქალაქური გარემო ისეთი მიდგომით, რომელიც არქიტექტურულ ხედვას საზოგადოებრივ საჭიროებებზე პასუხისმგებლობით აერთიანებს.

თუმცა, “ურბანიკას” ისტორია ბევრად ადრე იწყება და ამ საინტერესო პროფესიული გზის შესახებ დღეს სტუდიის დამფუძნებელი, ირაკლი მურღულია გვესაუბრება, რომელიც გვიამბობს კომპანიის ფილოსოფიაზე, სამუშაო სტილსა და მნიშვნელოვან პროექტებზე.

როგორ დაიწყო “ურბანიკას” ისტორია? 

მიუხედავად იმისა, რომ „ურბანიკა“ მხოლოდ 10 წლისაა, ჩვენი, როგორც ოჯახის არქიტექტურული თავგადასავალი წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. ბაბუაჩემის, ბიძინა მურღულიას აშენებულია “ნახევარი” თბილისი… მამაჩემი, მერაბი 1980 წლიდან აქტიური არქიტექტორია და უამრავი პროექტის ავტორი. მე და მამაჩემი 2000 წლიდან მოყოლებული ერთად ვმუშაობდით, თუმცა იმ დროს ქალაქგეგმარებაზე არანაირი მოთხოვნა არ არსებობდა და მხოლოდ არქიტექტურულ პროექტებს ვაკეთებდით. შემდგომ იყო პერიოდი, როცა მე ჯერ გერმანიაში წავედი, შემდგომ კი საჯარო მოხელე გავხდი და შესაბამისად, თანამშრომლობა რაღაც პერიოდით განელდა. 2013 წლიდან, გავთავისუფლდი რა საჯარო სამსახურიდან, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა კომპანია, რომელიც როგორც არქიტექტურულ, ისე ქალაქგეგმარებით პროექტებზე იმუშავებდა. ასე გაჩნდა “ურბანიკა”. სახელიც მეტადრე მარკეტინგული სვლა იყო, ვინაიდან ქალაქგეგმარებითი კომპანიები დეფიციტი იყო მაშინაც და პრინციპში, ახლაც არც თუ ისე მრავლადაა…

რა იყო თქვენი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი და როგორ იმოქმედა მან სტუდიის მომავალზე?

ერთ-ერთი პირველი არქიტექტურული პროექტი იყო “საგას” ოფისი ბელიაშვილის ქუჩაზე. საწყის ეტაპზე ყველაფერს განსაკუთრებულად უდგები და ეს პროექტიც, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. ქალაქგეგმარებითი პროექტებიდან პირველი იყო “გრინჰილი”, საცხოვრებელი კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე.

რა თქმა უნდა, ორივე ამ პროექტმა გავლენა მოახდინა კომპანიის განვითარებაზე. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ორივე დამკვეთთან დღემდე გვაქვს საქმიანი ურთიერთობა და ახლაც კი მიმდინარე პროექტები გვაკავშირებს მათთან.

როგორ შეიმუშავეთ არქიტექტურული ხედვა და რომელი ღირებულებები გახდა “ურბანიკას” იდენტობის საფუძველი?

პირველი, რაზეც უარი ვთქვით, იყო ისეთი პროექტების კეთება, რომელიც შეიძლება საკანონმდებლო ჩარჩოებში ექცევა, მაგრამ მაინც არასწორია, მაგალითად: კოეფიციენტის მატება, ფუნქციური ზონის ცვლილება, მაქსიმალური სიმაღლის გადაჭარბება და ა.შ. არც ერთხელ არ გაგვიკეთებია ისეთი პროექტი, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქალაქის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა გაშორებს დამკვეთების ყველაზე აქტიურ ფენას, თუმცა… მშვიდად ძილს არაფერი სჯობს.

რა განსაზღვრავს თქვენთვის წარმატებულ არქიტექტურულ პროექტს?

ბალანსი! ძნელია მონახო ის ოქროს შუალედი, რომლითაც კმაყოფილი რჩება ყველა:

  • დამკვეთი – თავისი ეკონომიკური გათვლებით.
  • მყიდველი – რომელმაც ფული უნდა გადაიხადოს.
  • მეზობლები – რომლებსაც აშინებთ ყოველი ახალი მშენებლობა.
  • მერია – რომლისთვისაც ახალი ნებართვის გაცემა შესაძლოა ახალი თავსატეხი გახდეს.
  • და რაც მთავარია, მაცხოვრებელი – ვიღაცისთვის ვქმნით საცხოვრებელ გარემოს – ბინა, ეზო, პარკინგი, ქუჩა, სკვერი… ეს ყველაფერი მოქმედებს ამ ადამიანზე, მის ხასიათზე, მის ჯანმრთელობაზე… ჩვენი დახაზული არ რჩება ქაღალდზე ან მეხსიერების დისკზე. ეს რეალიზდება და ნებისმიერი ხარვეზი უცილობლად ვლინდება ვიღაცის ცხოვრებაში…

ვცდილობთ, დავიცვათ ეს ბალანსი და ალბათ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ყველა პროექტი რეალიზებულია, აშენდა და იქ ხალხი ცხოვრობს (იმედია ბედნიერად 🙂 )

როგორია თქვენი დამოკიდებულება ადგილობრივ კონტექსტთან – გარემოსთან, ისტორიულ შრესთან, ქალაქის ტექსტურასთან?

გარდა არქიტექტურული პროექტებისა, ჩვენი კომპანია ამუშავებს გრგ/გდგ-ებს და ქალაქების გენ-გეგმებს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ქალაქგეგმარებაა ჩვენი მთავარი ძალა. გარემოსთან ადაპტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების დამუშავებისას. შევდივართ ისეთ დასახლებებში, როგორიცაა ბაკურიანი, სურამი, ქუთაისი, მანგლისი და ყოველ ჯერზე ვხვდებით უცხო გარემოში. შეიძლება იცნობდე ქალაქს, მაგრამ როცა გენგეგმას აკეთებ, როცა ათასობით ადამიანის მომავალს განსაზღვრავ, მნიშვნელოვანია სხვანაირად დაინახო იქაურობა. ირგებ იქაურ ჩვევებს, სიღრმეებში მიჰყვები იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს, ხდები იქაური მაცხოვრებელი, მერე ტურისტი, მერე მოხელე, მერე დასაქმებული, მერე გამვლელი და ყველას თვალით უყურებ რა უჭირთ და რა ულხინთ… რა აკლია ქალაქს და რა არის ზედმეტი… სად უნდა დახმარება და სად გაძლიერება… ნებისმიერი გადაწყვეტილება ბევრ ფილტრს გადის: აქ სიმაღლე შევზღუდოთ, თუ პირიქით, წავახალისოთ მშენებლობა… ისტორიული უბნის საზღვარი სად გავატაროთ და რომელ შენობას დავუდგინოთ ვიზუალური დაცვის არეალი. როგორ დავიცვათ ხალხი მდინარისგან და მდინარე ხალხისგან… ეს არაა მარტო არქიტექტურა ან ქალაქგეგმარება – ამ პროცესში მრავალი პროფესიის ადამიანი მონაწილეობს და აქაც მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა საუკეთესო შედეგი დადო… საუკეთესო შედეგი იმისთვის, რომ გარემო უკეთესი გახდეს…

რომელ პროექტებს გამოყოფდით როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს ან გარდამტეხს სტუდიისთვის ამ 10 წლის განმავლობაში?

ალბათ “გრინჰილი”. თან, პირველი ქალაქგეგმარებითი პროექტია და თან, ყველაზე მსხვილი. ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ნელ-ნელა ფინალისკენ გადის, მაგრამ ამ ობიექტზე რომ მივდივარ, ასე მგონია, სახლში ვარ. გრგ-ც ჩვენ გავაკეთეთ და ხუთივე არქიტექტურული პროექტიც. ზედამხედველობაც ჩვენია და ყველა დეტალს საკუთარი სხეულივით ვიცნობთ.

აგრეთვე ბაკურიანის გენგეგმა – სხვა გამოწვევა იყო… დღემდე არ ვიცი მივუსწარით თუ არა ცოცხალს (:)), მაგრამ შეძლებისდაგვარად გადავარჩინეთ. ამ პროექტში ჩვენ და ჩვენი პარტნიორი კომპანია AB (არქიტექტურული ბიურო) ვიღებდით მონაწილეობას. მახსოვს, როგორ გვიხაროდა ტენდერში გამარჯვება. დიდ დროს ვატარებდით იქ და ბევრი ინოვაციური იდეაც ჩავდეთ ამ პროექტში. ფაქტობრივად, შევაჩერეთ უკონტროლო მშენებლობა. დავგეგმეთ ახალი პროექტები, რომლებიც მალევე განხორციელდა (მაგალითად, ახალი საბაგიროები დიდველზე, ახალი სათხილამურო ტრასები, შემოვლითი გზა, ბიატლონის ტრასა და ა.შ.). რომ ვხედავთ, ეს ყველაფერი როგორ ხორციელდება, ამაზე კარგი არაფერია.

რომელი პროექტი გახსენდებათ ყველაზე რთულად და რატომ?

ვერაფერს ვიხსენებ ასეთს 🙂

როგორ შეიცვალა არქიტექტურული სფერო საქართველოში ამ 10 წლის განმავლობაში და როგორ მოახერხეთ ამ ცვლილებებთან ადაპტირება?

რა თქმა უნდა, შეიცვალა და ალბათ უკეთესობისკენ. გაიზარდა კონკურენცია და შესაბამისად, ხარისხი. სახელმწიფოს მხრიდანაც გაიზარდა მოთხოვნები (რაც კარგია) და შესაბამისად, უფრო დაიხვეწა პროდუქტი. ჩვენც ვიზრდებით და ვცდილობთ, უკეთესები გავხდეთ. ალბათ გამოგვდის კიდეც, რადგან არასდროს ვკარგავთ დამკვეთებს – ვისაც ერთ პროექტს გავუკეთებთ, შემდეგზეც ჩვენ გვაკითხავს. დამკვეთის გარეშე კი არქიტექტორობა შეუძლებელია…

რა გამოწვევებს აწყდება დღეს ახალგაზრდა არქიტექტორი საქართველოში და როგორ ცდილობთ თქვენ, როგორც სტუდია, ამ პროცესში მხარდაჭერას?

თითქმის ყველა ჩვენი თანამშრომელი ჩემი სტუდენტი იყო. შეუძლებელია ნიჭიერი ახალგაზრდა არ დააფასო. ნებისმიერი კარგი მოსწავლე ან ჩვენთან მოგვყავს, ან ნაცნობ არქიტექტურულ კომპანიაში ვასაქმებთ. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში თითქმის 1000 არქიტექტორი ემატება „ბაზარს“, მხოლოდ 10% აგრძელებს თავისი სპეციალობით მუშაობას. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დიდი რაოდენობით ხდება სტუდენტების მიღება სასწავლებლებში ამ პროფესიის დასაუფლებლად. ვფიქრობ, გასამკაცრებელია მისაღები გამოცდები და შემდგომ სწავლის პროცესი, რათა ხარისხი იყოს განმსაზღვრელი და არა რაოდენობა…

გვიამბეთ „ურბანიკას“ შიდა დინამიკის შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკმაოდ მეგობრული გუნდი გყავთ. როგორია თქვენი მუშაობის სტილი ამ მხრივ?

როგორც ზევით მოგახსენეთ, უნივერსიტეტიდან საუკეთესოები მოხვდნენ ჩვენთან. ეს მათი დამსახურებაა და ჩვენი სიძლიერე. გარდა იმისა, რომ პროფესიონალები არიან და თავისი საქმე იციან კარგად, იციან მეგობრობა, გუნდურად მუშაობა და გვერდით დგომა. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ სამსახურში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. მარტო ის რად ღირს, რომ შვებულებიდან დაბრუნება უხარიათ… მეც ასე ვარ, მათთან თანამშრომლობა და მეგობრობა სიამოვნებას მანიჭებს და ვცდილობთ, ეს ურთიერთობა მუდმივად გავაუმჯობესოთ. ყოველი ახალი პროექტი (მით უმეტეს თუ თბილისში არაა) ახალი თავგადასავალია, ყოველი „მიზეზი“ გართობის საწინდარი…

რას ისურვებდით, რომ იყოს “ურბანიკას” შემდეგი ეტაპი? გაქვთ თუ არა ისეთი პროექტი ან მიმართულება, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ?

არ ვფიქრობთ არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი გუნდის გაფართოებას. ვფიქრობ, მსხვილი კომპანია ვერ შეძლებს ვერც მუშაობის ხარისხის კონტროლს და ვერც ასეთი  მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.

გვიფიქრია „ცოტა“ დეველოპმენტზეც, მაგრამ ჯერ არ გვიცდია – ვერ მოვიცალეთ მაგისთვის 🙂

როგორ წარმოგიდგენიათ “ურბანიკა” მომდევნო 10 წელში?

კარგად.

 

სტუდია “იდააფ არქიტექტორები” ვენეციის ბიენალეს მანიფესტს ინსტალაცია „ალიზით” პასუხობს

Mon Chou – ჯადოსნური წლები და ახალი თავგადასავალი