in

როგორ ავირიდოთ მიწისძვრის ნეგატიური შედეგები? – 5 რჩევა უსაფრთხო ინტერიერის მოსაწყობად

საცხოვრებელში კომფორტისა და უსაფრთხოების განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ სახლის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც სტიქიური მოვლენების დროს ჩვენს დაცულობას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ხშირია მიწისძვრის შემთხვევები, განსაკუთრებით სეისმურად ისეთ აქტიურ ზონებში, როგორიც საქართველოა. თუმცა სწორად დაგეგმარებული და მოწყობილი სივრცით მაქსიმალურად შესაძლებელია საფრთხისა და დაზიანების შემცირება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც სასურველია ინტერიერის შექმნისას გაითვალისწინოთ, რათა მიწისძვრის დროს თავი უფრო დაცულად იგრძნოთ.

ავეჯის განლაგება

უსაფრთხოების დასაცავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავეჯის სწორად განლაგებაა. დიზაინერები გვირჩევენ, რომ წიგნის თაროები და მასიური კარადები კედელზე მყარად მივამაგროთ, რათა ავეჯმა მიწისძვრის დროს წონასწორობა შეინარჩუნოს. უმჯობესია, დიდი, მძიმე ნივთები ქვედა თაროებზე, იატაკის ზედაპირთან ახლოს განვალაგოთ, რათა  დაცემის რისკი და ვარდნის სიძლიერე შემცირდეს.

გასათვალისწინებელია საწოლის მდებარეობაც. სასურველია, ის არ დადგათ ფანჯრებთან, გარე კედლებთან და შემინულ ტიხრებთან, რადგან მიწისძვრის დროს შესაძლოა მინა დაზიანდეს. თავი შეიკავეთ საწოლის თავზე აქსესუარების, სურათებისა თუ სარკის განთავსებისგან, რათა ძილის დროს მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი.

ავეჯის დიზაინი

ავეჯის შერჩევისას, მასალასთან ერთად, საყურადღებოა პროდუქტის დიზაინიც. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ავეჯის შეძენისას უპირატესობა მომრგვალებული კიდეებისა და რბილი კუთხეების მქონე მოდელს მივანიჭოთ, რათა მიწისძვრის შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანოთ ტრავმის რისკი.

სანათი მოწყობილობები

ყურადღება მიაქციეთ სანათებს, რათა ისინი მაქსიმალურად მყარად იყოს მიმაგრებული ჭერსა და კედელზე. სპეციალისტები თვლიან, რომ მასიური ჭაღების ნაცვლად, მეტად უსაფრთხოა პატარა სანათებისა და წერტილოვანი განათების გამოყენება, რადგან რხევის დროს მაქსიმალურად შემცირდეს დაზიანების ალბათობა.

ტექნიკა

ტექნიკის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დანადგარი მტკიცედ იდგეს ზედაპირზე, რათა რხევისას არ დაზიანდეს. ამიტომ, სასურველია, ჩაშენებული ტექნიკის ან დამატებითი წებოვანი მისამაგრებელი ხელსაწყოებს გამოყენება, რათა მაქსიმალურად დაიცვათ ტექნიკისა და საკუთარი თავის უსაფრთხოება. 

კონსულტაცია სპეციალისტთან

და რაც მთავარია, რემონტის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, კონსულტაცია გაიაროთ დარგის სპეციალისტთან იმისათვის, რომ კარგად შეაფასოთ სახლის სეისმომედეგობა. საჭიროების შემთხვევაში კი  ჭერი, კედლები და იატაკი დამატებითი ხარისხიანი, მყარი მასალით გაამაგროთ, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოთ უსაფრთხოება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სიმწვანით გარშემორტყმული მდიდრული სახლი ლოს-ანჯელესში

რა სირთულებთანაა დაკავშირებული ასაწევი მექანიზმის მქონე ფანჯრების დამზადება საქართველოში?