in ,

WOM – ლიზა ხუნდაძისა და ელენე პაპიაშვილის თვალით დანახული არქიტექტურა და დიზაინი

Alliance Group
Alliance Group

WOM არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდიაა, რომელიც ორი მეგობრის, ელენე პაპიაშვილისა და ლიზა ხუნდაძის მიერ დაარსდა. ელენე და ლიზა ერთმანეთს პირველად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ, სადაც ერთად შეისწავლეს არქიტექტურა და მიიღეს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდგომ კი ერთად  შეუდგნენ მუშაობას. საკუთარ ხედვებსა და ნამუშევრებზე დღეს WOM-ის დამფუძნებლები თავად გვიამბობენ.

როდის გაჩნდა სტუდია WOM-ის დაარსების იდეა?

აკადემიის დასრულების შემდეგ ბევრი პროექტი შევასრულეთ ერთობლივად და შესაბამისად, მივიღეთ ერთად მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. ამასთანავე, ჩვენი ხედვა ბევრი საკითხის მიმართ ემთხვეოდა ერთმანეთს. ერთად მუშაობის პროცესი იყო სასიამოვნო. ასევე საინტერესო იყო ჩვენი იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება. სწორედ აქედან გამომდინარე, 2018 წელს დავაარსეთ WOM-ი.

რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი? როგორ იქმნება ისინი? 

ჩვენი ნამუშევრები, პირველ რიგში, გამოხატავენ ჩვენს ხასიათს და ჩვენს დამოკიდებულებას გარემოსადმი. ვთვლით, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საერთო ხედვისა და ღირებულებების ქონა მაშინ, როცა ორი ან რამდენიმე ადამიანი ერთად მუშაობს. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაც ჩნდება, რაც თავის მხრივ, ბევრად საინტერესოს ხდის მთელს პროცესს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რა გზით წავალთ ამა თუ იმ პროექტზე მუშაობის პროცესში, გამომდინარეობს უშუალოდ იმ სივრციდან, რომელზეც გვიწევს მუშაობა. პირველ რიგში, ხდება სივრცის კვლევა, შესწავლა, შემდგომ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და კონცეფციის შექმნა.

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს? განვითარების რა ეტაპზეა ის დღეს?

დღესდღეობით ჩვენთან არსებობს საკმაოდ ბევრი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია. საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა ამ სფეროში. ქვეყნის მასშტაბით ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ იქმნება ახალი საინტერესო სივრცეები, თუმცა, ეს საკმაოდ მცირე ნაწილია ქვეყანაში მიმდინარე ქაოსური სამშენებლო პროცესების ფონზე. დღეს ჩვენს სფეროში საკმაოდ რთულ გამოწვევად რჩება დასახული ჩანაფიქრის სრულყოფილად განხორციელება. მიზეზი შეიძლება იყოს ტექნოლოგიების დაბალი განვითარება. ვფიქრობთ,  მნიშვნელოვანია, ამ კუთხით განათლების სფეროს განვითარება და სიახლეების შემოტანა.

რას გვეტყვით დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკაზე? რამდენად ღიაა ქართველი მომხმარებელი სიახლეებისა და თანამედროვე ტრენდების მიმართ? 

ჩვენი სფეროს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილია დამკვეთთან ურთიერთობა. ყველა შემთხვევა განსხვავებულია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. ბუნებრივია, ბევრად მეტი თავისუფლება გვაქვს, როდესაც ვმუშაობთ საჯარო სივრცეების შექმნაზე. ყველაზე მეტად დამკვეთი ჩართულია მაშინ, როცა მის პირად საცხოვრებელ სივრცეზე ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია იმ ადამიანის ხასიათისა და პირადი სამყაროს გათვალისწინება, ვისთვისაც იქმნება ეს კონკრეტული სივრცე. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა ისეთ დამკვეთთან მუშაობა, რომელიც არ უშინდება ახალ გამოწვევებს. სწორედ ეს დამოკიდებულებაა გადამწყვეტი ჩვენი სფეროს განვითარებისთვის.

სკანდინავიური ბინა ხის დეტალებითა და პასტელური ტონებით

კონტენტის შემქმნელის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!