in

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი – ნინო იმნაძის ხედვა

Alliance Group
Alliance Group

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი ნინო იმნაძის საინტერესო პროფესიულ საქმიანობასა და არქიტექტურულ ხედვას ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. დღევანდელ სტატიაში კი შემოგთავაზებთ იმ ობიექტებს, რომლებიც ნინო იმნაძის აზრით, ქართულ არქიტექტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ნინო იმნაძე

1. ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტრო  

ნინო იმნაძე ქართული თანამედროვე არქიტექტურის ისტორიაში გასული საუკუნის 80-იანი წლების პერიოდს — ე.წ. გვიანდელ მოდერნიზმს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ  ამ დროის არქიტექტურა მრავალფეროვნებით, მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, ახალი არქიტექტურული ფორმის ძიებით გამოირჩევა. ეს სწორედ ის მემკვიდრეობაა, რომელიც საბჭოთა კავშირში აღმოცენდა და სრულიად განსხვავებული სახე მიიღო იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი გაბატონებული ტიპობრიობისგან. ამ კუთხით გამორჩეული ობიექტია ახლანდელი საქართველოს ბანკის შენობა, ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტრო, რომელიც არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ, ზურაბ ჯალაღანიასთან ერთად დააპროექტა.

„ნაგებობა, რომლის აღქმის სიმძაფრეს ვერ ანალებს დრო. თითქოს ყველაფერი ნათელი და ცხადია — ფორმათა დინამიკა სივრცეში, სტრუქტურა, კონსტრუქცია, ძლიერი დიალოგი ადგილთან, შეთანხმება გარემოსთან. არქიტექტურა, რომლის აღწერა უსასრულო ინტერპრეტაციებისკენ გვიბიძგებს, ერთ კადრს მიჰყვება მეორე, მესამე, მეათე, მეოცე და ა. შ. ავტორის მიდგომა რაციონალური და ლოგიკურია. მისი ანალოგი არ მოიძებნება“, — აღნიშნავს ნინო იმნაძე.

2. არქეოლოგიური მუზეუმი დიღომში

ნინო იმნაძე მიიჩნევს, რომ შოთა ყავლაშვილისა და შოთა გვანცელაძის შემოქმედებას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული არქიტექტურის განვითარებაში და მათი პროექტებიდან განსაკუთრებით დიღომში მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმს გამოყოფს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, აღნიშნული ნაგებობა არაერთი სტუდენტური კვლევის მიზეზი და უცხოელი პროფესიონალების მხრიდან დიდი ინტერესის ობიექტი გამხარა.

პროექტი თავისი ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ის ქალაქის შესასვლელში, „თრელა-გორას“ წვერზე მდებარეობს და გარემოზე დომინირებს. ნაგებობის არქიტექტურულ სახეს ჰორიზონტალურად, ერთი მეორეს მიყოლებით განლაგებული სამი წრიული ფორმის მოცულობა ქმნის, რომელიც ადრე არსებულ, უფუნქციოდ დარჩენილ ცილინდრული ფორმის წყლის რეზერვუარზეა აღმოცენებული. ამასთანავე, მთავარი შესასვლელის თავზე, კონსოლურად მძლავრად წინ გამოწეული კონსტრუქცია მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილის მიერ შექმნილი ელეგანტური ბარელიეფით არის მორთული.

3. მესტიის მუზეუმი

ნინო იმნაძე ქართული არქიტექტურული ნიმუშებიდან გაგა კიკნაძისა და ლევან მუშკუდიანის მიერ დაპროექტებულ მესტიის მუზეუმსაც ასახელებს, რომელიც მისი აზრით, სრულიად ახალ კონცეფციაზეა დაფუძნებული: „მუზეუმი ახალ საუკუნეში აღარაა მხოლოდ ექსპონატების შეგროვების, კონსერვაციისა და გამოფენის ადგილი, იგი ურბანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება“. შესაბამისად, აღნიშნული შენობა არა მხოლოდ მონოფუნქციურ ნაგებობად, არამედ კულტურის ცენტრად და სოციალურ სივრცედ ყალიბდება, რომელიც ყველასთვის ღიაა. ამ ნაგებობაში კარგად ჩანს დროისა და ადგილის კონტექსტი,  კულტურული მემკვიდრეობისა თუ ლანდშაფტისადმი პატივისცემა. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ დრო და ადგილი განსაზღვრავს პროექტის კონცეფციას, ფუნქციურ პროგრამას, სივრცულ-არქიტექტურულ გადაწყვეტას და მხატვრულ-ესთეტიკურ სახეს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ავტორი: მეკო მეტრეველი

სკანდინავიურ სტილში მოწყობილი მყუდრო სახლი სტოკჰოლმში

სტაბილიზებული ხავსი — გამოყენება, უპირატესობები და ღირებულება ქართულ ბაზარზე