in

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად

სამზარეულო ბინის გულია. აქ კერძებს ვამზადებთ, სტუმრებს ვუმასპინძლდებით და ძვირფას ადამიანებთან ფინჯანი ყავის თანხლებით ტკბილ მუსაიფში დროს ვატარებთ. დღეს გვინდა 7 სასარგებლო რჩევა შემოგთავაზოთ, რომლებიც სამზარეულოს უფრო მყუდრო და სტუმართმოყვარეს გახდის.

ხე

ბუნებრივი ფაქტურები ყველაზე მინიმალისტურ ინტერიერსაც კი სიმყუდროვეს მატებს.  სამზარეულოს გაფორმებისთვის ხის გამოყენება ნუ შეგაშინებთ. სწორად დამუშავებულ მასალას  ნესტისა და ტემპერატურული რყევების არ ეშინია, თანაც ხისგან დამზადებული ავეჯი ადვილად რესტავრირდება, ამიტომაც ის დიდხანს, არაერთი ათწლეულის მანძილზე მოგემსახურებათ.

ვინტაჟი

სხვადასხვა სტილებისა და პერიოდების კომბინაცია ინტერიერს უფრო გამოხატულსა და თვითმყოფადს ხდის. ვინტაჟური სკამების წყვილი, ძველი „ბუფეტი“ და ბებიის სკივრიდან ამოღებული მაგიდის გადასაფარებელი თბილი ნოსტალგიის განცდას ბადებს.

ღია თაროები

მიუხედავად პრაქტიკულობისა, არ ღირს ლამაზი ჭურჭლის დახშული ფასადების მიღმა დამალვა. სწორედ უმნიშვნელო დეტალები – საყვარელი ფინჯნები და ყავა, შვებულებიდან ჩამოტანილი ლამბაქები და სანელებლების მომცრო ქილები მასპინძლების ინდივიდუალურობას ასახავს და ინტერიერს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს. ამასთან კარადებზე უარის თქმა არ არის აუცილებელი, საკმარისია რამდენიმე ღია თარო. სამზარეულოში ასევე შესაძლებელია შუშის კარებიანი „ბუფეტის“ დადგმაც, რომელიც მტვრის დაგროვებას ხელს შეუშლის.

ბარის მაგიდა

ბარის მაგიდა ბრწყინვალე გამოსავალია გაერთიანებული სამზარეულოსა და სტუდიოს ტიპის ბინებისთვის. ის ფუნქციური ზონების ვიზუალურ დაყოფას უზრუნველყოფს და ამავე დროს ძალიან მოხერხებულია საკვების მიღებისა და სტუმრებთან ურთიერთობისთვის.

ხელნაკეთი დეკორი

ტექნიკური პროგრესისა და სერიული წარმოების ეპოქაში, ხელნაკეთი ნივთები განსაკუთრებით ფასეულია. კერამიკული თასებისა და ვაზების არასრულყოფილი ფორმები, როტანგის ან ბამბუკის დაწნული აბაჟურები და ადგილობრივი ოსტატების მიერ შესრულებული ხის ნაკეთობების უხეში ფაქტურა განუმეორებელ საშინაო ატმოსფეროს ქმნის.

სპილენძი

სპილენძის თბილ ფერსა და ელვარებას სამზარეულოში სტუმართმოყვარე გარემო და ამავდროულად ინტერიერში თავშეკავებული ფუფუნება შემოაქვს. სპილენძის აქცენტები შესაძლებელია კარადის სახელურების ან ფასადების ჩანართების სახით გაკეთდეს, ასევე დახვეწილი თაროების, სანათების დეტალებისა და სამზარეულოს შემრევების გზით.

ბუნებრივი ფერები

ნატურალური ელფერები, როგორიცაა ბეჟი, ყავისფერი, ლურჯი და მწვანე, ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის, რაც ასე გვაკლია დიდ ქალაქებში. ისინი გვახსენებს ტყეში სეირნობას ან ზაფხულის ბინდბუნდს, რომელიც ზღვის სანაპიროზე გაგვიტარებია და ინტერიერს სითბოთი და სიმშვიდით ავსებს.

Rut Bryk – თანამედროვე ფინური კერამიკის გურუ

სახლი კონტრასტული ინტერიერით – Tad.atelier-ის ნამუშევარი