in

ნათელი ბინა სხვენში- თამუნა კანდელაკის ნამუშევარი ვერაზე

ვერაზე მდებარე თამუნა კანდელაკის მიერ განხორციელებული ინტერიერის დიზაინის პროექტი თავისი მცირე, თუმცა კარგად გააზრებული სივრცით გამოირჩევა. სულ რაღაც 68 კვ.მ-ზე განლაგებული საცხოვრებელი გარემო სხვენში მდებარეობს, რაც პროექტის ავტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა – დახრილი ჭერი, არასტანდარტული გადახურვა და მისი გამომწვევი გეგმაზომიერი სირთულეები დიზაინის კუთხით სივრცეს არა მხოლოდ გამოწვევად, არამედ უნიკალურ შესაძლებლობად აქცევს.

პროექტის მთავარი ამოცანა იყო მყუდრო, თბილი და ფუნქციური საცხოვრებლის შექმნა. თამუნა კანდელაკმა სივრცის ბუნებიდან გამომდინარე, შეიმუშავა დიზაინის კონცეფცია, რომლის თანახმად დახრილი ჭერები და სხვენისთვის დამახასიათებელი განლაგება გარდაიქმნა გამოსაჩენ არქიტექტურულ ელემენტებად, რაც საბოლოოდ, განსაზღვრავს ინტერიერის იდენტობას. სივრცე ოსტატურად არის ზონირებული: მცირე ჰოლი, სამზარეულო ინტეგრირებული მისაღებ და სასადილო ზონებთან, მოსასვენებელი ოთახი, საძინებელი და სველი წერტილი. ეს არის ლოგიკურად გამართული სისტემა, სადაც ყოველი კუთხე ოპტიმალურად არის გამოყენებული.

მისაღები ზონა, რომელიც ინტეგრირებულია სამზარეულოსთან, ბინის ცენტრს წარმოადგენს — აქ იგრძნობა სკანდინავიური სიმყუდროვე და ჰაეროვნობა. ღია ფერის ხის იატაკი, თეთრი ჭერის კოჭები და პასტელურ ტონებში შესრულებული კედლები ვიზუალურად ზრდის სივრცეს. განსაკუთრებული ეფექტი იქმნება მას შემდეგ, რაც ყურადღება დეტალებზე გადაგვაქვს: ჭერზე ჩამოკიდებული საქანელა — მოულოდნელი, მაგრამ ბავშვურად სახალისო ელემენტია, რომელიც ინტერიერს თავისუფლებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას მატებს.

სამზარეულო კომპაქტური, თუმცა მაქსიმალურად ფუნქციურია. ნატურალური ხის ფაქტურით გაფორმებული კარადები და ღია თაროები ქმნის თბილ ატმოსფეროს, რომელსაც სრულყოფილად ერწყმის მწვანე კედელი და მრგვალი სასადილო მაგიდა კერამიკის ფეხებით — თამუნა კანდელაკის მიერ საკუთარ სახელოსნოში შექმნილი უნიკალური ელემენტი სპეციალურად ამ პროექტისთვის. მაგიდასთან განლაგებული რატანის ავეჯი კი ხასიათით უკავშირდება სკანდინავიურ და იაპონურ ესთეტიკას.

სამზარეულოს შუშის ტიხრით ემიჯნება უმშვენიერესი მოსასვენებელი ზონა, რომელიც გაჯერებულია ბუნებრივი სინათლით — ჭერის ფანჯრებიდან შემომავალი სხივები და ღია ტონებში გადაწყვეტილი სივრცე ჰარმონიულ სიმშვიდეს ქმნის. აქ განთავსებულია მწვანე დივანი, რომელიც იდეალურ პირობებს ქმნის განტვირთვისა და დასვენებისთვის.

თვალში საცემია სარკის ეფექტური გამოყენება სივრცეში – ჰოლისა და მისაღების მხარეს სრულად სარკით დაფარული კედლები სივრცეს ვიზუალურად ზრდის და სინათლის ნაკადს აძლიერებს.

საძინებელი განათებულია ორი ჭერის ფანჯრით, რაც დღის შუქის მაქსიმალურ ნაკადს უზრუნველყოფს და ოთახს სინათლესა და სიმსუბუქეს ანიჭებს. კედლებთან განლაგებული დაბალი ხის ავეჯი — თაროები და კომოდი — ჭერის დახრილობას ითვალისწინებს და სივრცის რაციონალურ გამოყენებას უწყობს ხელს. ღია ხის ტექსტურა თანხვედრაშია ბუნებრივ იატაკთან და ოთახში თბილ ატმოსფეროს ქმნის.

ბინის მანსარდული მდებარეობა და არასტანდარტული არქიტექტურული ფორმები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორები ყოფილიყო, ამ შემთხვევაში გადაიქცა დიზაინის ძირითად ინსპირაციად. თამუნა კანდელაკმა შეძლო ამ სივრცის გარდაქმნა სკანდინავიური სიმყუდროვისა და ბუნებრივი სილამაზის მატარებელ ინტერიერად, რომელიც თანაბრად ფუნქციურიცაა და ვიზუალურად შთამბეჭდავიც.

პროექტის ავტორი: თამუნა კანდელაკი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რა უნდა გაითვალიწინოთ სენსორული შემრევის შეძენისას? – 4 მთავარი მახასიათებელი

დაცული: გერმანული სამზარეულო ხელმისაწვდომ ფასად – რას გვთავაზობს კომპანია “ელიტში” წარმოდგენილი ბრენდი nobilia