2025 წლის ზაფხული განსაკუთრებული აღმოჩნდა Idaaf Architects-ისთვის — ნანა ზაალიშვილის არქიტექტურული სტუდიის მიერ შექმნილი ავეჯის ელემენტები სამჯერ მოხვდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალში, British Vogue-ში. ივნისის ნომერში მკითხველს გააცნეს სტუდიის „Brick floor lamp“ სანათები, ივლისში — უნიკალური ფორმის „Drop“ მაგიდა, აგვისტოში კი ჟურნალის ფურცლებზე „Element“-ის სერიიდან სკამი “Diabazi” და ყავის მაგიდა გამოჩნდა.
British Vogue განიხილება როგორც კულტურის, მოდის, არქიტექტურისა და ხელოვნების გლობალური პლატფორმა — სივრცე, სადაც თავმოყრილია თანამედროვე შემოქმედებითი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გამოხატულებები. სწორედ ამიტომ, ქართული სტუდიის პროექტების გამოჩენა ამ გვერდებზე არ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკურ აღიარებას — ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიზაინ-ენერგიის ნათელი დემონსტრირება.
Idaaf Architects-ის მიდგომა არქიტექტურასა და დიზაინში ყოველთვის ეყრდნობა ღრმა კვლევას — განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ კულტურასა და მასალას. ავეჯის თითოეული ობიექტი არა მხოლოდ ფიზიკური საგანია, არამედ ისტორიის მატარებელი არტეფაქტი, სადაც ჰარმონიულად თანაარსებობს ბუნებრივი მასალების ტექსტურა, ტრადიციული ხელსაქმის მიმართ პატივისცემა და თანამედროვე ფორმის კვლევა.
Idaaf Architects-ის პროექტების აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართული დიზაინი იმ გზაზე დგას, სადაც კულტურული თვითმყოფადობა და გლობალური ენა თანაბრად მნიშვნელოვანია — და სწორედ ამ ბალანსში იბადება ის შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზეც პოულობს საკუთარ ადგილს.