in

Basetale-ის „soft steel chair 2“ და „candle holder planter“ ნიუ-იორკის დიზაინის სცენაზე

ქართული დიზაინ სტუდია Basetale კიდევ ერთხელ ამტკიცებს საკუთარ საერთაშორისო პოტენციალს – ამჯერად მათი ნამუშევრები ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინ პლატფორმაზე, Collectible Fair-ზე გამოჩნდა.

Basetale-ის დამფუძნებლები – თინათინ ძირკვაძე და იკი ანთელავა

პირველი ნაბიჯები ამ თანამშრომლობისკენ მილანში, Alcova-ს სივრცეში გადაიდგა, სადაც Basetale-ის კოლექცია Room–File-ის დამფუძნებელმა, ავეჯისა და კონცეპტუალური დიზაინის ავტორმა ჯირა ჯოშუამ აღმოაჩინა და მოიწონა. ამის შემდეგ დაიწყო მიმოწერა, რომელიც ნიუ-იორკის გამოფენით დაგვირგვინდა და დღეს Basetale-ის ნამუშევრები Room–File-ის კურატორობით უკვე ამერიკულ აუდიტორიას წარუდგა.

Room–File არის სააგენტო, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი დიზაინერების მხარდაჭერაზე. მისი კურატორი და დამფუძნებელი ჯირა აღნიშნავს, რომ ის დიზაინერებს სწორედ იმ დახმარებას სთავაზობს, რასაც თავის დროზე თავად ეძებდა: შესაძლებლობას, საკუთარი ნამუშევრები თამამ და დახვეწილ კონტექსტში წარმოადგინონ. სააგენტო ქმნის გამორჩეულ ინსტალაციებს, რომლებიც კონცეპტუალურ ხედვასა და თანამედროვეობას აერთიანებს.

Basetale მონაწილეობდა Room–File-ის მიმდინარე კურატორულ სერიაში Flowers on the Table”. ეს სერია სასადილო მაგიდის სცენურ ინტერპრეტაციას ეხება – მაგიდა მხოლოდ სასადილო ადგილად კი არა, არამედ ადამიანებსა და ობიექტებს შორის სიახლოვის ჩამომყალიბებელ ჩარჩოდ წარმოჩინდება. სწორედ ამ კონტექსტში წარმოდგენილია Basetale-ის ორი პროდუქტი: soft steel chair 2 და ახალი აქსესუარი – candle holder planter, შანდალი ყვავილისთვის.

სტუდიისთვის განსაკუთრებული აღიარება გახდა ისიც, რომ Basetale-ი მოხვდა Collectible Insider’s Pick-ში, სადაც კრეატიული დირექტორი ჯექსონ ვიდერჰოფტი საკუთარ რჩეულებს ასახელებს. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქართული ბრენდის დიზაინი არა მხოლოდ გამოფენის მონაწილეა, არამედ საერთაშორისო პროფესიონალების ყურადღების ცენტრშია.

Basetale-ის გუნდისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია – ნიუ-იორკში გამოფენამ უკვე ახალი გეგმები და შესაძლო თანამშრომლობები გახსნა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართველი დიზაინერების ხმას გლობალურ ასპარეზზე.

რის შეძენას შეძლებ Dressup.ge-ზე თუ ჯაპანდის სტილი გიზიდავს