in

კერძო სახლი ფრეზეთში – Of a home studio-ს ნამუშევარი

Of a home studio-ს მიერ შესრულებული ინტერიერის დიზაინის პროექტი სოფელ ფრეზეთში მდებარე 140 კვადრატული მეტრის სახლში, წარმოადგენს საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც ბუნებისა და მასალების ჰარმონიას უსვამს ხაზს. თბილისის მახლობლად განთავსებული ობიექტი იქცა სიმშვიდისა და სიმყუდროვის ადგილად, რომელიც ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახური თავყრილობებისთვის, ასევე ქალაქგარეთ დასვენებისთვის.

პროექტის კონცეფცია დაფუძნებულია ბუნებრივი მასალების გამოყენებაზე. ხის ტექსტურები, ქვის ელემენტები და თბილი ნეიტრალური ფერების პალიტრა ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება და დასვენება ბუნებრივად ერთიანდება.

არქიტექტურა: Dadiani Architects

მისაღები ოთახი სახლის მთავარი შეკრების სივრცეა — ღია დაგეგმარება აერთიანებს მოსასვენებელს, სასადილოსა და სამზარეულოს. ფართო ფანჯრები ინტერიერს ავსებს ბუნებრივი სინათლით და აძლიერებს კავშირს გარე სამყაროსთან, ხოლო მთავარი აქცენტი, მარმარილოს ბუხარი, ოთახს ავსებს სითბოთი და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ბუხრის გვერდით განთავსებული ღია თაროები ფუნქციურობასთან ერთად, დეკორატიულ როლსაც ასრულებს, მის წინ მოწყობილი მოსასვენებელი ზონა კი იდეალურ ფონს ქმნის ოჯახური შეხვედრებისთვის.

სამზარეულო მინიმალიზმისა და ფუნქციონალურობის პრინციპებზეა აგებული. მარმარილოს კუნძული არა მხოლოდ სამუშაო ზედაპირია, არამედ საუზმისა და სათავსოს სივრცეც. ფანჯრის ხაზში განთავსებული სამუშაო ზედაპირი კიდევ უფრო აძლიერებს სინათლისა და ბუნების ურთიერთობას. განსაკუთრებული ყურადღება იატაკს ექცევა, რომელიც შესრულებულია Marazzi-ის მოზაიკური ფილებით, ხოლო ფანჯრის ქვეშ განთავსებული რბილი მოსაჯდომი სივრცე სამზარეულოს მატებს დამატებით სიმყუდროვეს.

დერეფანი სახლის სხვადასხვა ზონას აერთიანებს და ხაზს უსვამს ინტერიერის მთლიანობას. ხის კარები და Faro-ს სანათების მინიმალისტური დეტალები მშვიდ განწყობას ქმნის და სივრცეებს ბუნებრივად აკავშირებს.

საძინებლებში შენარჩუნებულია სიმარტივის პრინციპი: ინტეგრირებული კარადები და ხის მოპირკეთებით შესრულებული სამუშაო სივრცეები თბილ, კომფორტულ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

ეს პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ინტერიერის დიზაინი გახდეს ცხოვრების სტილის ნაწილი და არა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა. Of an Home Studio-მ შეძლო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბუნებრივი მასალები, სინათლე და ფუნქციურობა ერთიანდება თანხვედრილ კომპოზიციაში. ფრეზეთის სახლი არ არის მხოლოდ თავშეყრის ან დასვენების ადგილი — ეს არის სივრცე, რომელიც ყოველდღიურობას ანიჭებს სიმშვიდეს, ხოლო განსაკუთრებულ მომენტებს გამორჩეულ ფონს უქმნის.

პროექტის ავტორები: სოფო წივილაძე, თეო გობეჯიშვილი

დიზაინ სტუდია: “of a home studio”

არქიტექტურა: Dadiani Architects

ფოტოგრაფი: სოფო წივილაძე, თეო გობეჯიშვილი

სტუდიოს ტიპის ბინები საქართველოდან – Homeis.ge-ს 7 რჩეული პროექტი

Cersaie 2025 – Atlas Concorde-ის „One Space“ კონცეფცია და ახალი კოლექციები