18 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა საერთაშორისო კონკურსის — „არქიტექტურული პრემია 2025“ — დაჯილდოების ცერემონია. ტრადიცია, რომელიც 2006 წელს ჟურნალ „სტილის“ ინიციატივით დაიწყო და მოგვიანებით „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ თანამონაწილეობით გაგრძელდა, წელს უკვე მეცხრამეტედ შედგა. ამასთან, წელს ორი მნიშვნელოვანი იუბილე აღინიშნა — „სტილი“ 25 წლის გახდა, ხოლო არქიტექტორთა ასოციაცია — 15-ის.
კონკურსი წლების განმავლობაში გახდა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, წარმოსახვასა და გამოცდილებას. ამ პერიოდში მასში წარმოდგენილი იყო 4000-მდე ნამუშევარი, ხოლო პარტნიორებად 100-მდე სამშენებლო, არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია ჩაერთო. კონკურსი მოიცავს ქალაქგეგმარების, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროებს და ხელს უწყობს პროფესიულ დიალოგს, ინოვაციებსა და გემოვნების ჩამოყალიბებას — იქ, სადაც არქიტექტურა არა მხოლოდ ფორმაა, არამედ კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.
ახალი სტრუქტურა და შეფასების ფორმატი
წლევანდელი კონკურსი სიახლით დაიწყო — რიგ ნომინაციებში წარმოდგენილ ობიექტებს შორის აღმოჩნდა რამდენიმე ერთნაირი ტიპის პროექტი, რის გამოც ორგანიზატორებმა ისინი ქვე-ნომინაციებად დაყვეს და დამოუკიდებლად შეაფასეს. შედეგად, ტრადიციული 11 ნომინაცია 18 კატეგორიად გაფართოვდა, ხოლო საკონკურსო ნამუშევართა რაოდენობამ ორასს მიაღწია.
კონკურსის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სტუდენტურ კატეგორიებს დაეთმო — ხუთი ნომინაცია, რომელიც ახალგაზრდა არქიტექტორებისა და დიზაინერების ნიჭს წარმოაჩენს. „არქიტექტურული პრემია“ უკვე 19 წელია აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, საკუთარი ხედვა ფართო საზოგადოებას გააცნონ, და მათი ბევრი გამარჯვებული დღეს დამოუკიდებელი პროფესიონალია. წელსაც, წარმოდგენილი 45 ნამუშევარი გამოირჩეოდა იდეების მრავალფეროვნებითა და შემოქმედებითი სითამამით.

შეფასების პროცესში მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური — მათ შორის იტალიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი არქიტექტორები და დიზაინერები.
გამარჯვებულები და განსაკუთრებული ნამუშევრები
ნომინაციაში „საზოგადოებრივი შენობა (რეალიზებული)” ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა შენობამ, რომლის ავტორია კომპანია „თბილ ქალაქ-პროექტი“. არქიტექტორები: ლევან სიამაშვილი, ქეთევან გიორგაძე, ნინი მამალაძე, მარიამ ლეკიშვილი, გიგი ასათიანი, კობა ხვედელიძე, საბა ბეჟაშვილი, სანდრო სიამაშვილი, მარიამ გეგეშიძე, დიკო ბითაძე, საბა ღუდუშაური და ელენე ნემსაძე. ობიექტი გამოირჩევა ფუნქციურობითა და არქიტექტურულად გაწონასწორებული ესთეტიკით.
ნომინაციაში „საუკეთესო რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)” გამარჯვება მიენიჭა პროექტს „კომბინატი“ — საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში (ავტორები: არქიტექტორები მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია; კომპანია „Material Editors“). პროექტი ნათლად წარმოაჩენს კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციის მნიშვნელობას, სადაც ისტორიული ავთენტურობა და თანამედროვეობის სუნთქვა თანაარსებობს.
ნომინაციაში „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)” საუკეთესოდ დასახელდა სახლი ოქროყანაში (არქიტექტორები: დავით ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ჩხენკელი, ნიკოლოზ ჩაჩხიანი) — მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პირადი სივრცე გახდეს ამავე დროს არქიტექტურული სტილისა და მსოფლმხედველობის გამოხატულება.
დიზაინის კატეგორიაში ყურადღება მიიპყრო კომპანია „ჯაოკენის“ ახალმა პრემიუმ სივრცემ „კონცეპტორი“ (დიზაინერი ნინო ჟღენტი), რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში „საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)”.
ნომინაციაში „საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)” გამარჯვება მოიპოვა თხინვალას სახლის ინტერიერმა (დიზაინერი მარიკა ბეროშვილი, კომპანია „ფორტისი“).
განსაკუთრებული აღიარება ერგოთ ახალგაზრდა დიზაინერებს თამთა გოცაძესა და ნუკი ბოკუჩავას, რომლებმაც ავეჯის დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვეს კონცეპტუალური სკამით „PE Chair“ — ნამუშევრით, რომელმაც უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
გამარჯვებული სტუდენტები
ნომინაციაში „საუკეთესო ქალაქგეგმარებითი სტუდენტური პროექტი” გამარჯვებულად დასახელდა ფეიქართა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განვითარების კონცეფცია (ავტორები: ავთანდილ ახალბედაშვილი, ბაქარ ბალიაშვილი; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).
ნომინაციაში „სტუდენტური პროექტი” გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბოლქვაძის ნამუშევარმა „ციფრული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ (ხელმძღვანელი დავით ვაზაგაშვილი; საქართველოს უნივერსიტეტი).
ნომინაციაში „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობის სტუდენტური პროექტი” ჟიურის მიერ გამარჯვებულად დასახელდა მარიამ სხირტლაძის „La Pom — სიდრის ჰაბი გორში“ (ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
ინოვაციისა და მემკვიდრეობის დიალოგი
„არქიტექტურული პრემია 2025“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არქიტექტურა მხოლოდ ესთეტიკის სფერო არ არის — ის სივრცის ფორმირების ხელოვნებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქალაქებს, ყოველდღიურობასა და კულტურულ ცნობიერებას. ამ ეტაპზე ღონისძიება დასრულებულია, ორგანიზატორები კი იწვევენ არქიტექტორებს, დიზაინერებსა და სტუდენტებს მონაწილეობის მისაღებად კონკურსის შემდეგ გამოცემაში — „არქიტექტურული პრემია 2026“.
კონკურსის ყველა ფინალისტისა და ლაურეატის ნამუშევრების გაცნობა შემდეგ ბმულზე: www.archiaward.com.
ღონისძიების მედია მხარდამჭერია ჟურნალი Homeis.ge































