თბილისის უბნებში სეირნობისას ხშირად წარმოგვიდგენია, რამდენ ისტორიულ ფენას ინახავს მდიდარი მატიანეს მქონე საქართველოს დედაქალაქი. მრავალსაუკუნოვან ლაბირინთში გზის გასაკვლევად საკმარისია, დაკვირვებით მიმოვიხედოთ და გარემოს ჩავუღრმავდეთ. განაშენიანებას, პირველ რიგში, არქიტექტურა ქმნის და, როგორც ერთ–ერთი მთავარი ურბანული ელემენტი, თავად ქალაქის ამოცნობაში გვეხმარება.
არაერთხელ გაგვიგია, რომ არქიტექტურა ეპოქის ყველაზე ზუსტი ანარეკლია. კედლები, რომლებიც უძლებს დროს და გადის საუკუნეების გამოცდას, ყოველთვის აღბეჭდავს საკუთარ თავზე იმ მოვლენებს, რომელთა თვითმხილველიც ხდება. ჩვენ კი ისღა გვრჩება, ამ კედლებზე დაკვირვებისას მათზე აღბეჭდილი სურათები ამოვიცნოთ.
ურბანული ხელოვნება საზოგადოებრივ სინამდვილეს მხატვრულ სახეებში ასახავს და შესაბამისად, ღირებულებების ცვალებადობის სინქრონულად ვითარდება ქალაქიც. ასეთ მზარდ ცოცხალ სისტემაში, სივრცეების თანამედროვე მოთხოვნილებებზე მორგებისას აუცილებელია, არ დაგვავიწყდეს, რას მოგვითხრობს ქუჩები, ხიდები, აივნები თუ ეზოები.
როდესაც ავთენტურობა საფრთხის წინაშე დგება, ქალაქის, როგორც კულუტრული მემკვიდრეობის იდენტობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ვუბრუნდებოდეთ წარსულს და ვიცავდეთ მისგან შემორჩენილ თავისებურებებს. ეპოქის მრავალწახნაგოვან სარკეში ჩახედვა რთული ამოცანაა, თუმცა ქალაქს სიცოცხლეს სწორედ ისეთი ადამიანები უბრუნებენ, როგორიც „უბნის“ გუნდია.
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მის არქიტექტურასა და ბუნებრივ მახასიათებლებზე დაკვირვება. ორგანიზაცია მიზნად ისახავს გააღრმაოს ცოდნა თბილისის არქიტექტურის და ლანდშაფტის შესახებ, გახადოს ის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის და აამაღლოს მისი ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით.
მათი კვლევის პირველი ეტაპი ეთმობა თბილისის რელიეფს და ქალაქის ურბანულ
ქსოვილთან მისი კავშირის შესწავლას. „უბანს“ რამდენიმე მიმართულება აქვს, მათ
შორის არის საჯარო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტარდება გამოფენები და ლექციები. მაგალითად, გამოფენამ „ქვები და წყლები“ თვალსაჩინო გახადა ბუნებრივი და სოციალური გარემოს ურთიერთობის გავლენა ურბანული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაზე. „უბნის“ მომავალი გამოფენა თებერვალში გაიმართება. ღონისძიებაზე გამოიფინება იტალიელი არქიტექტორის რენატო რიცის და IUAV ვენეციის გუნდის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის შედეგები, სადაც მონაწილეებმა შექმნეს თბილისის ლანდშაფტის მოდელები.
ცენტრი ურბანული ორიენტირებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევის ახალ მიდგომებს ნერგავს. მათი უახლესი პუბლიკაცია თბილისის უძველეს უბანს – კალას ეძღვნება. ეს არის ქალაქის უბნების გზამკვლევთა სერიის პირველი გამოშვება და განკუთვნილია არქიტექტურით, ურბანული მემკვიდრეობითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. კალა უბანს განსაკუთრებული მხატვრული იერსახე აქვს, რასაც მისი ურბანული ქსოვილი, სივრცითი სტრუქტურა, არქიტექტურის ლანდშაფტთან ჰარმონიული კავშირი და ცალკეულ შენობათა ღირებულება განსაზღვრავს. პუბლიკაცია, აკადემიურ და სახელოვნებო კვლევით მიდგომებზე დაყრდნობით, გადმოსცემს უბნის ისტორიულ კონტექსტს და აფიქსირებს მის თანამედროვე რეალობას.

გამოცემა „კალა“ იწვევს მკითხველს, ხელახლა აღმოაჩინოს ქალაქი და მის ცნობიერებაში გააცოცხლოს თბილისის ურბანული მეხსიერება. გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და შექმნილია არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობით დაინტერესებული პირებისთვის.

„უბნის“ ერთ–ერთი ახალი ინიციატივაა თბილისის უბნების გზამკვლევთა სერიის გამოცემა. ,,კალა“ ამ სერიის პირველი პუბლიკაციაა. გამოცემა ნაწილია კვლევითი პროგრამის, სახელწოდებით ,,ქვები“, რომელიც თბილისის ლანდშაფტზეა ფოკუსირებული და ამ უკანასკნელის და ნაშენი გარემოს ურთიერთმიმართების შესწავლაზეა ორიენტირებული.
კალა თბილისის ერთ–ერთი უძველესი უბანია, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს და თავის უნიკალურ, გამორჩეულ იერსახეს დღესაც ინარჩუნებს. ამ უბანში მკაფიოდ ვლინდება შემდეგი თავისებურებები: რთულ რელიეფზე მორგებული განაშენიანება, შუა საუკუნეების ურბანული ქსოვილი, ვიწრო ქუჩების არარეგულარული მოხაზულობა, ეზოების სისტემა, სხვადასხვა კულტურის კვალი არქიტექტურულ დეტალებში, ყოველდღიური ცხოვრებისა და ისტორიული მემკვიდრეობის თანაარსებობა და სხვ.
ტრადიცული გზამკვლევებისგან განსხვავებით, აღნიშნულ პუბლიკაციაში კალა დახასიათებულია უბნის ცალკეული ელემენტებით, როგორებიცაა: ლანდშაფტი, ქუჩა, მოედანი, შენობა, კიბე, ურბანული კავშირები. გზამკვლევში უბნის ისტორიასთან ერთად მოცემულია ჩანართების სერია, ამონარიდები მწერლების, ხელოვნების ისტორიკოსების, არქიტექტორების, მოგზაურების ნაშრომებიდან. აგრეთვე თანამედროვე და საარქივო ფოტომასალა, უბნის რუკა, ცალკეული შენობების გეგმები და ა.შ.,” – გვიამბობენ „უბნის“ წარმომომადგენლები
პუბლიკაციის პრეზენტაცია „ლოკო პარკის“ მხარდაჭერით, 29 ნოემბერს, თბილისში, „კონა წიგნების“ სივრცეში შედგება და მას წარადგენენ „უბნის“ თანადამფუძნებლები, სერიის იდეის ავტორი – დავით ბროდსკი და პუბლიკაციის სამეცნიერო–რედაქტორი ანა ჩორგოლაშვილი. ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება გზამკვლევის შეძენაც.
პუბლიკაციის შეძენა უკვე შესაძლებელია წიგნის მაღაზიებში, სრული სიის ნახვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე.














