NS Product გვთავაზობს დამოუკიდებელ, ინდივიდუალიზმით გამორჩეულ დიზაინ ნაკეთობებს და უნიკალურ ნივთებს. NS Product-ის ხედვა ნივთების პრაქტიკულ დანიშნულებას ვიზუალურ დახვეწილობასთან აერთიანებს, კონკრეტულად კი – განსაზღვრულ ფუნქციას – ფორმებითა და ფერებით თამაშთან, ხოლო წარსულის ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობას – თანამედროვე გლობალურ ტენდენციებთან.
ღრმად გააზრებული და მინიმალისტური ესთეტიკით, მკაფიო ფორმების უბრალოებითა და ფუნქციურობაზე ორიენტირებული დიზაინით, NS Product-ის ქმნილებები მნახველში უდავო შთაგონებას იწვევს, ხოლო ნებისმიერ სივრცეს მრავალფეროვნებას მატებს. ამ მიდგომით იყო განპირობებული ბრენდის მიმართ ინტერესის ზრდა საერთაშორისო სცენაზეც. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს NS Product-ი ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა და შესაბამისად, ლოკალური კონტექსტიდან დიზაინის გლობალურ სივრცეში აღმოჩნდა, სადაც საკუთარი ბრენდის ინდივიდუალური პოზიცია დაამკვიდრა.
გასული წლის მანძილზე გამოფენილი იყო ნივთები სტუდიის ორი მნიშვნელოვანი კოლექციიდან: სამაგიდო თამაშების სერია „Do.Re.Mi. Games“ და ავეჯი NS Product-ის პირველი პროდუქტების სერიიდან „Take a seat, we are starting“.

პირველ ეტაპზე სტუდიის მიერ შექმნილი ჭადრაკის დაფა აღმოჩნდა ნიუ-იორკის Collectible Fair გამოფენაზე, ხოლო სკამი „სან“ – ლონდონის დიზაინ ფესტივალზე. შემდეგ იმავე თამაშების კოლექცია წარმოდგენილი იყო დუბაის დიზაინის კვირეულზე და ბოლოს, NS Product-ი კვლავ ავეჯის კოლექციით – „სან“ და „ან“ სკამებით – წარსდგა Nomad-ის აბუ დაბის გამოფენაზე.
„სტუდიის საზღვრებს გარეთ გასვლა პატარა ნაბიჯებით დაიწყო. პირველი კონკურსი როსანა ორლანდის გალერეის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც კონცეპტუალური პროექტით მოვხვდით ფინალში. ამის შემდეგ, 2025 წლის ზაფხულში, უკვე ნიუ იორკში Collectible Design Fair-ზე წარმოვადგინეთ ჩვენი ჭადრაკის მაგიდა და ლონდონის დიზიანის კვირეულის ფარგლებში, ძველი მერიის შენობაში გამოფენილი იყო სკამი „სან“ – წითელ ფერში, ლიმიტირებული კოლექციიდან. აღნიშნულ გამოფენებზე მონაწილეობის შემდეგ, იყო დიდი დაინტერესება ჩვენი სტუდიითა და იმ პროდუქტებით, რომლებსაც ამ მცირე დროის განმავლობაში ვქმნიდით. ამას მოჰყვა გამოფენა უკვე დუბაიში, ასევე დიზიანის კვირეულის დროს, სადაც ჩვენი თამაშების კოლექცია ერთი წლის განმავლობაში გაყიდვაში იქნება ISOLA Design-ის ფიზიკურ მაღაზიაში.

ასევე, აბუ დაბიში მნიშვნელოვანი ღონისძიების, Nomad-ის გამოფენების სერიის მონაწილეები გავხდით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ყველაზე განსაკუთრებულ ლოკაციებზე იმართება და ორიენტირებულია „collectible design“ მიმართულებაზე. ამ ღონისძიებაზე ჩვენ მონაწილეობა მივიღთ გალერეა AP Room-თან ერთად, სწორედ ისინი გახდნენ ჩვენი კოლექციის წარმომადგენლები შუა აღმოსავლეთში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „სან“ და „ან“ სკამები მასიური ხის მასალაში, NS Product-ის პირველი კოლექციიდან, – ნინი ჭანტურია, NS Product-ის დამფუძნებელი

როდესაც აღნიშნულ კოლექციებს ვათვალიერებთ, სტუდიოს საერთაშორისო წარმატება სულაც არ არის გასაკვირი – შექმნილი დიზაინები სრულყოფილად ასახავს ბრენდის იდენტობასა და თანამედროვე ეპოქის ხასიათს. კრეატიულობითა და დახვეწილობით შექმნილი თითოეული ნივთი ყოველდღიურობისგან განსხვავებულ გამოცდილებებს ქმნის.
2025 წელი NS Product-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი კუთხით – ამ პერიოდში, სტუდიის საერთაშორისო ხილვადობის ზრდასთან ერთად, მკაფიოდ გამოიხატა მათი დიზაინერული ხედვა. საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურობის თვალსაზრისით, NS Product-ის პოზიციის გაძლიერებამ გავლენა იქონია როგორც დიზაინის ხედვის განვითარებაზე, ასევე მათი, როგორც ბრენდის, მოღვაწეობის აღიარებაზე. ეს კი თავისთავად გახდა პროფესიული ზრდის საფუძველი.

„ჩვენი სტუდიისთვის მნიშვნელოვანი იყო, უფრო ფართო აუდიტორიის მოსაზრება გაგვეგო ჩვენს პროდუქციაზე. ნათლად დავინახეთ, რომ საკმაო დაინტერესება და მოთხოვნაა განსხვავებული, სახასიათო და გარკვეული ისტორიის მატარებელ ელემენტებზე. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქციის იდენტობის შენარჩუნება და ამ კუთხით განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სტუდიის საერთაშორისო აუდიტორიასთან ურთიერთობაში. იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე პროცესის მაყურებლამდე მიტანა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ობიექტის იდეას, ღირებულებასა და ხარისხს,” – ნინი ჭანტურია
საერთო ჯამში, 2025 წელი NS Product-ისთვის გახდა განვითარების, საერთაშორისო ყურადღებისა და პროფესიული ზრდის წელი და შექმნა მტკიცე საფუძველი მომავალი პროექტებისა და ახალი გლობალური თანამშრომლობისთვის. საერთაშორისო აუდიტორიასთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალი იდეებისა და ხედვის მიმართულების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებით დატვირთული წლის დასასრული NS Product-თვის ახალი ეტაპის დასაწყისია – სტუდია 2026 წლისთვის განსაკუთრებულ მოლოდინს გვიქმნის და კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო აქტივობას გეგმავს.

„მომავალი წელი, ვფიქრობთ, დატვირთული იქნება საერთაშორისო გამოფენების კუთხითაც და სხვადასხვა სიახლეების თვალსაზრისითაც, რასაც ეტაპობრივად გავაცნობთ ფართო საზოგადოებას. ახალ კოლექციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ვიმედოვნებთ, საინტერესო იქნება როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის,” – ნინი ჭანტურია




