სამშენებლო სექტორი ქართულ ბიზნესრეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, თუმცა ამავდროულად, რისკებითა და გამოწვევებით სავსე ინდუსტრიაა. ამ გარემოში 20-წლიანი სტაბილურობის შენარჩუნება და მუდმივი ზრდა კი – იშვიათი გამონაკლისი. სწორედ ასეთია LIM Group-ის ისტორია, რომელიც 2006 წელს, სულ რაღაც 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალითა და დიდი ამბიციით დაიწყო, დღეს კი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას წარმოადგენს. კომპანია სრულ საპროექტო და სამშენებლო ციკლს ფარავს და მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში, მთავარ ღირებულებებს არ ღალატობს. როგორ იქცა მცირე წამოწყება ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ, რომელიც დღეს კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სახლებს აშენებს? „ლიმ გრუფის“ განვითარების გზაზე, ბაზრის ტრანსფორმაციასა და მშენებლობის „უხილავ მხარეებზე“ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი მგელაძე გვესაუბრა.

პირველ რიგში, გვიამბეთ, რას წარმოადგენს „ლიმ გრუფი“ და რა სერვისებს სთავაზობთ დამკვეთებს?
„ლიმ გრუფი“ 2006 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე 20 წელი შეგვისრულდება. ამ ხნის განმავლობაში, სამშენებლო სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სრულ ციკლს – დაწყებული შენობის პროექტირებიდან, სამშენებლო ნებართვების აღებით, რა თქმა უნდა, შენობის მშენებლობით და ზედამხედველობით, აშენებული შენობის ექსპლოატაციაში მიღებით დასრულებული.
დროთა განმავლობაში მოხდა საქმიანობის დივერსიფიკაცია. ვაშენებთ როგორც კერძო სახლებს, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს: ქარხნებს, მშრალ საცავებს, ღვინის საწარმოებს და ა.შ. ასევე, გვაქვს არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობაზე სარესტავრაციო სამუშაოების გამოცდილება, რაც დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა არის კომპანიისთვის დაუბრუნოს ახალი სიცოცხლე ძველ შენობებს. ასევე, ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. დღესდღეობით, „ლიმ გრუფი“ არის ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება, სადაც 5-მდე კომპანია შედის, მათ შორის: „ლიმ კონსტრაქშენი“, „ლიმ ვილიჯი“, „ლიმ ინვესტი“, „ლიმ მედიქალსი“ და „ლიმ არქიტექტურა & დიზაინი“. თუმცა, მთავარი ლოკომოტივი მაინც სამშენებლო მიმართულებაა.
რაც შეეხება სახელწოდებას, LIM ჩემი ინიციალებია – ლანჩხუთელი ირაკლი მგელაძე. ლანჩხუთში დავიბადე და გავიზარდე, ეს სახელიც სწორედ ჩემი ფესვების პატივსაცემად შევარჩიე, რაც დამატებით სტიმულს მაძლევს.

საინტერესოა, როგორ დაიწყეთ ეს საქმე 20 წლის წინ – საიდან გაჩნდა იდეა და როგორ შეაფასებდით განვლილ გზას?
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში სამი რამ არის, რაც ყველა მამაკაცმა „იცის“: ღვინის დაწურვა, მასპინძლობა და მშენებლობა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ამ სამ სფეროში ყველა ერკვევა ყველას ახსოვს, როგორ ააშენა სახლი ბაბუამ, რა მასალები გამოიყენა მაშინ, ეს გენეტიკურად მოგვდევს ქართველებს.
მშენებლობაზე მოთხოვნა მაშინაც იყო და დღესაც გახლავთ. 2000-იანი წლების დასაწყისში დავინახეთ მზარდი მოთხოვნა და კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება მივიღეთ. დასაწყისი მარტივი არ ყოფილა. მანამდე ამ სფეროში არ მიმუშავია. მთავარი მოტივაცია ოჯახის რჩენა და საქმის კეთების სურვილი იყო. „ლიმ გრუფი“, ფაქტობრივად, 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალით დაფუძნდა. ნულიდან დავიწყეთ. ჩემი პირველი ობიექტი თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე იყო, სადაც საცხოვრებელი სახლის სახურავს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ობიექტებზე სამარშრუტო ტაქსით და უფრო ხშირად ფეხითაც კი დავდიოდით, რომ დაზოგილი თანხით ხელოსნებისთვის საკვები გვეყიდა.

20 წელი საკმაოდ დიდი დროა. როგორ შეიცვალა და დაიხვეწა შესრულების ხარისხი ამ პერიოდში?
ხარისხი პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერებასთან. მშენებლობის პროცესში დამკვეთი და შემსრულებელი თანამონაწილეები არიან. დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, გამოცდილი და წარმატებული კომპანია ვართ, რაც განპირობებულია ხარისხის, ვადებისა და დამკვეთის მოთხოვნების სინთეზით.
ჩვენი დამკვეთები არიან ადამიანები და კომპანიები, რომლებიც დღეს ქართულ ბიზნესს ქმნიან. მათთან ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ ხშირად მათი საცხოვრებელი სივრცეების შენებლობასაც ჩვენ გვანდობენ. ჩვენი მთავარი პრინციპი სტაბილურობაა – ყველა შესრულებულ სამუშაოზე გავცემთ გრძელვადიან, 5-10 წლიან გარანტიას. ჩვენ არსად მივდივართ, ბაზარზე ვრჩებით და პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე წლების შემდეგაც.
ასევე, ჩვენ კარგად ვიცნობთ და პატივს ვცემთ კონკურენტებს. ყველას წარმატებას ვუსურვებ. „ლიმ გრუფი“ უპირატესობა ჩვენს 20-წლიან სტაბილურობაში და იმ გამოცდილებაშია, რომელიც ურთულესი ნაბიჯების გადადგმით დაგვიგროვდა.

როგორია თქვენთან თანამშრომლობის პროცესი?
კომუნიკაცია, ერთი შეხედვით, მარტივია – სოციალური ქსელი, ტელეფონი და ა.შ. თუმცა, მე პირადად ვარ ჩართული პროცესში და პირველ ზარსაც მე ვპასუხობ. აქ მაქვს ერთი მკაფიო პოზიცია: თუ დამკვეთს არ აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული, რა უნდა, და საუბარს იწყებს კითხვით „რა ჯდება კვადრატული?“, ჩვენ ასეთ დროს პასუხს არ ვცემთ. შეუძლებელია ფასის თქმა არარსებულ პროექტზე. ეს იქნება დამკვეთის შეცდომაში შეყვანა. ბაზარზე ხშირად ხდება, რომ ეუბნებიან დაბალ ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ ობიექტი აიღონ, რაც არასწორია.
ჩვენ გვაქვს ცალკე მიმართულება – „ლიმ არქიტექტურა და დიზაინი“. ჩვენ ვეხმარებით დამკვეთს ყველაფერში: გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული დასკვნები, არქიტექტურა, მშენებლობის ნებართვის მოპოვება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზუსტად გვეცოდინება, რა უნდა დამკვეთს, ვიწყებთ თანამშრომლობას.

ვისაუბროთ თქვენს სამიზნე სეგმენტზე. როგორც ვიცი, ემსახურებით როგორც ბიზნესებს, ისე ფიზიკურ პირებს.
დიახ, ორივე მიმართულებით ვმუშაობთ. ბიზნესის შემთხვევაში, როცა კომპანია გაფართოებას, მაგალითად, სასაწყობე ან სამაცივრე მეურნეობის აშენებას გეგმავს, ეს ძალიან სენსიტიური თემაა. მათ სჭირდებათ სანდო და გამოცდილი შემსრულებელი, რომ პროექტი სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს.
აქ ჩვენი გამოცდილება გადამწყვეტია. მაგალითად, საწყობის ევროსტანდარტით აშენებას ბევრი ნიუანსის გათვალისწინება სჭირდება და ამ ცოდნას ჩვენს დამკვეთებს ვუზიარებთ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ სახლებს, აქ უფრო მეტი დეტალია გასათვალისწინებელი. მშენებლობის პროცესში ხშირად იცვლება დამკვეთის ან არქიტექტორის ხედვა. ჩვენ მოქნილები ვართ და ვცდილობთ, ეს პროცესი დამკვეთისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
ვადები სამშენებლო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
მშენებლობაში დრო ფულია. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით – „გუშინ“. ჩვენთვის დღე და ღამე არ არსებობს, მუდმივად ობიექტზე ვართ. ვადების დარღვევა, პირველ რიგში, კომპანიას აზარალებს. ჩემთვის მთავარია დაგეგმარება. თუ ობიექტი თავიდანვე სწორად არის დაგეგმილი, იქ პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია, მყარად და სტაბილურად განვაგრძოთ ზრდა. ასევე, გვინდა შევცვალოთ სტერეოტიპი მშენებლების შესახებ. როგორც გითხარით, ქართველ კაცს გენეტიკაში აქვს კოდი: დაწუროს ღვინო, შეწვას მწვადი და ააშენოს სახლი. ჩვენ გვინდა, რომ ამ უკანასკნელში ჩვენი პროფესიონალიზმით დავეხმაროთ.
ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა დამკვეთი დასრულებულ ობიექტს უყურებს და ამბობს: „ჩვენ ეს შევძელით“. როცა დამკვეთი შენს გვერდით დგას და კმაყოფილია, ამაზე დიდი მოტივაცია მშენებლისთვის არ არსებობს.
[R]





