in

ფოტოგრაფის ბინა ციხისძირში – Grata Studio-ს ნამუშევარი

ციხისძირში, ქობულეთის მახლობლად მდებარე 46.3 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა Grata Studio-ს ნამუშევარია და ის წარმოადგენს კომპაქტურ, თუმცა სახასიათო საცხოვრებელი სივრცის წარმატებულ მაგალითს, სადაც თანამედროვე ესთეტიკა და ფუნქციურობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. პროექტის მთავარი მიზანი იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც მცირე ფართობის მიუხედავად, არ კარგავს სივრცულ ჰაეროვნებას, სიმსუბუქესა და ვიზუალურ ძალას.

“დამკვეთის, ბექა ჩოკოშვილის მთავარი სურვილი გახლდათ ისეთი ინტერიერის შექმნა, სადაც ბუნებრივი მასალების სითბო ნაზად და დაბალანსებულად შეერწყმებოდა ინდუსტრიული ელემენტების სიმკაცრეს. როგორც გემოვნებიანი და საინტერესო ხედვის მქონე ადამიანი, ის აქტიურად იყო ჩართული საპროექტო პროცესში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დიზაინის სრულყოფილ და ჰარმონიულ შედეგს,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები, თამარ დუმბაძე და ნინო გოგიტიძე

დიზაინ კონცეფცია დაფუძნებულია მასალების კონტრასტსა და ბალანსზე. თბილი ხის პანელები კონტრასტს ქმნის ბეტონის ზედაპირებსა და ქრომირებულ დეტალებთან მიმართებაში, რაც სივრცეს სიღრმესა და მრავალშრიანობას სძენს. განსაკუთრებული როლი ენიჭება იატაკს, რომელიც ეპოქსიდის მასალით არის შესრულებული, რაც ინტერიერს უწყვეტ და ვიზუალურად გახსნილ ხასიათს ანიჭებს. მინიმალისტური დაგეგმარება აქცენტს არქიტექტურულ ელემენტებსა და ტექსტურებზე აკეთებს, ეს კი მცირე ფართობს უფრო ფართო და ორგანიზებულ გარემოდ აქცევს.

სივრცის ვიზუალური გახსნის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გამოყენებულია მინაბლოკი, რომელიც აბაზანასა და ძირითად ზონას ერთმანეთისგან ჰყოფს ისე, რომ ბუნებრივი შუქი თავისუფლად მოძრაობს მთელ ინტერიერში. ეს გადაწყვეტა არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ემოციურ დატვირთვასაც ატარებს — აბაზანიდან დანახული მინაბლოკის ტექსტურა ქმნის მშვიდ, თითქმის სპას მსგავს ატმოსფეროს, რაც ამ ტიპის მცირე ფართობის პირობებში საკმაოდ რთულად მიიღწევა.

ინტერიერის კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტია ხის პანელების უწყვეტი ხაზი, რომელიც კედლებიდან ავეჯამდე გადადის და სივრცეს არქიტექტურულ მთლიანობას ანიჭებს. ეს გადაწყვეტა ქმნის ვიზუალურ ერთიანობას და ხაზს უსვამს დიზაინის გააზრებულ, სისტემურ ხასიათს. ამასთანავე, სივრცე არ არის გადატვირთული — თითოეულ მასალას და დეტალს საკუთარი ფუნქცია და ადგილი აქვს, ხოლო ზედმეტი ელემენტები მიზანმიმართულად გამორიცხულია.

შედეგად, მიღებული ინტერიერი თანამედროვე, ატმოსფერული და სასტუმროს სტილის სივრცეა, სადაც თბილი და ინდუსტრიული ელემენტები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. მასალების კონტრასტული შეხამება ქმნის ელეგანტურ, მყუდრო და ამავდროულად ვიზუალურად ძლიერ გარემოს, რომელიც სრულად პასუხობს როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე საინვესტიციო ან სასტუმრო ტიპის გამოყენების მოთხოვნებს.

დიზაინ სტუდია: Grata Studio

პროექტის ავტორები: თამარ დუმბაძე, ნინო გოგიტიძე

ფოტოგრაფი: ბექა ჩოკოშვილი

თანამედროვე ინტერიერი მკვეთრი აქცენტით

Wisteria House – ლანდშაფტთან ურთიერთობით შექმნილი სახლი ავსტრალიაში