in ,

ქართული პერსპექტივა მილანის 2026 წლის დიზაინის კვირეულზე

ნიკოლოზ ლეკვეიშვილის, ანა გრიგოლიასა და რუსუდან თუმანიშვილის შეფასებები

ახლა, როდესაც მილანის დიზაინის კვირეულიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, შეგვიძლია ამ მასშტაბურ მოვლენას დისტანციიდან შევხედოთ და გავიაზროთ ის – არა მხოლოდ როგორც შთამბეჭდავი გამოფენებისა და ინსტალაციების ერთობლიობა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც თანამედროვე დიზაინის მიმართულებებს განსაზღვრავს.

მილანის დიზაინის კვირეული დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად მიიჩნევა, რომელიც აერთიანებს როგორც Salone del Mobile-ს – ინდუსტრიული და ავეჯის დიზაინის მთავარ გამოფენას, ისე Fuorisalone-ს – ქალაქის მასშტაბით გაშლილ ექსპერიმენტულ პროექტებსა და ინსტალაციებს. სწორედ ამ მრავალშრიანი ფორმატის გამო, კვირეული სცდება მხოლოდ პროდუქტის პრეზენტაციას და იქცევა იდეების გაცვლისა და პროფესიული დიალოგის სივრცედ.

წლიდან წლამდე, მილანი არა მხოლოდ აჩვენებს, არამედ გარკვეულწილად, აყალიბებს  დიზაინის მიმართულებას – იქნება ეს მდგრადობის საკითხები, ტექნოლოგიებთან ინტეგრაცია თუ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომები. ამჯერადაც, 2026 წლის მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში გაერთიანდა სხვადასხვა პროფესიონალების განსხვავებული გამოცდილებები და შეხედულებები და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დიზაინი გლობალური ენაა, რომელიც კულტურებსა და ხედვებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს.

თუმცა, ამ გლობალური სურათის სრულად აღსაქმელად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური გამოცდილებებიც – ის, თუ როგორ აღიქვამენ ამ პროცესს თავად პროფესიონალები. მილანის დიზაინის კვირეული ქართველი ვიზიტორებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა – ისინი არა მხოლოდ ეცნობიან თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს, არამედ ქმნიან ახალ პროფესიულ კავშირებს და იღებენ შთაგონებას, რომელიც შემდეგ ქართულ სივრცეებშიც აისახება. 

ამ სტატიაში მილანის 2026 წლის დიზაინის კვირეულს სწორედ ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერების პერსპექტივიდან შევხედავთ. ისინი გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებსა და შეფასებებს, რომლებიც გვეხმარება, რომ ეს საერთაშორისო მოვლენა უფრო ლოკალურ კონტექსტში დავინახოთ.

შთაბეჭდილებები

მილანის დიზაინის კვირეული, მიუხედავად მისი მასშტაბისა, საბოლოოდ, მაინც ინდივიდუალური გამოცდილებებისგან შედგება. თითოეული ვიზიტორი ამ მრავალფეროვან გარემოში საკუთარ მარშრუტს და ინტერპრეტაციას მიყვება, რის შედეგადაც კვირეული სხვადასხვაგვარად აღიქმება. ქართველი არქიტექტორებისთვისაც წლევანდელი გამოცდილება განსხვავებული აქცენტებით გამოირჩეოდა – ზოგისთვის ეს იყო კონკრეტული გამოფენა, ზოგისთვის ინსტალაცია ან სივრცე, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია დატოვა. სწორედ ამ პირად შთაბეჭდილებებში იკვეთება ის მრავალფეროვნება, რომელიც მილანის დიზაინის კვირეულს ასე გამორჩეულს ხდის. 

არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი (TIMM Architecture):

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Anselm Kiefer-ის გამოფენამ – “Alchemist”-მა დატოვა Palazzo Reale-ში. ფორმალურად, ეს დიზაინის კვირეულის ნაწილი არ იყო, მაგრამ ზუსტად მაშინ გაიხსნა და ჩემთვის მთელი კვირეულის აღქმა განსაზღვრა.

”Alchemist”, Anselm Kiefer-ის მიერ, © ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

Triennale-ში ცალკე უნდა აღინიშნოს ორი გამოფენა. Eames-ების შემოქმედებაზე გაკეთებული ექსპოზიცია ფილმებით, იდეებით და, რაც მთავარია, მათი ერთ-ერთი სახლის ერთი-ერთში მაკეტით – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეტროსპექტივა, რაც ოდესმე მინახავს. იქვე Toyo Ito-ს კურირებით იყო გამოფენილი Andrea Branzi-ს შემოქმედება. ის ფაქტი, რომ ერთი მონუმენტური ფიგურა მეორის ნამუშევარს კითხულობს, თავისთავად ცალკე ღირებული აქტი იყო.

”The Eames Houses”, © Gianluca Di Ioia
Andrea Branzi by Toyo Ito, Continuous Present, Triennale Milano Photo © Andrea Rossetti

Fuorisalone-დან, როგორც ყოველთვის, Alcova ყველაზე ძლიერი დარჩა, თუმცა მის გვერდით თამამად დავასახელებდი Convey-ს, სადაც Rooms და Around the Studio იყო წარმოდგენილი.“ 

არქიტექტორი ანა გრიგოლია (Material Editors):

ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება უზბეკეთის პავილიონმა დატოვა, რომელიც ერთდროულად გიყვებოდა ისტორიას, ქმნიდა სივრცეს და ტოვებდა განცდას.
კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არალის ზღვის ისტორიაა, რომელიც თითქმის გაქრა და მის ნაცვლადაც დარჩა ცარიელი, მარილიანი ლანდშაფტი. თუმცა, ეს თემა არ არის გადმოცემული მძიმე ან აპოკალიფტური ტონით. პირიქით, ყურადღებას ამახვილებს გამძლეობაზე და ცვლილების მიუხედავად, კულტურის გადარჩენაზე. სწორედ ამ ცვლილებების ძალას უკავშირდება სათაურიც „When Apricots Blossom“, რომელიც ჰამიდ ოლიმჯანის ლექსიდან მოდის და უზბეკურ კულტურაში გაზაფხულთან, განახლებასთან და ახალი შესაძლებლობების იდეასთან არის დაკავშირებული.

უჟანგავი ფოლადის თხელი ვერტიკალური მილები ლერწმის მსგავს ფორმებს ქმნიდა და სივრცეში წრიული მოძრაობისკენ გიბიძგებდა. მასში იგრძნობოდა არალის ზღვის ტალღების ასოციაციაც. რბილი სინათლე და სიჩუმე ქმნიდა გარემოს, სადაც არაფერი იყო პირდაპირ ნათქვამი, ყველაფერი უფრო შეგრძნებად მოდიოდა. გარეთ იდგა იურტის თანამედროვე ინტერპრეტაცია, თავშესაფარი, ადგილი საუბრისთვის და ერთად ყოფნისთვის. ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან არ იყო უბრალოდ ფორმა, არამედ კულტურის გადმოცემის, ისტორიის მოყოლის და ემოციური გამოცდილების ინსტრუმენტი.

”THRESHOLD“, Objects of Common Interest-ის მიერ Dooor-ისთვის © Alcova

მეორე ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი სივრცე Objects of Common Interest-ის ინსტალაცია იყო Alcova-ზე, სადაც ყველაზე ექსპერიმენტული იდეები იკრიბება. ნარინჯისფერი ფარდის შიგნით შედიოდი თეთრ, მანათობელ, დიფუზიურ სივრცეში. პირველი მოულოდნელობა ბატუტივით რბილი, ელასტიკური იატაკი იყო – ყველა, ვინც ნაბიჯს ადგამდა, ინსტიქტურად იღიმოდა და რამდენიმე წამში სხვა მდგომარეობაში გადადიოდა, თითქოს პორტალში იყო. ეს იყო მაგალითი, როგორ ქმნის სინათლე სივრცეს, განწყობას და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის შეგრძნებას.“ 

არქიტექტორი რუსუდან თუმანიშვილი (The Wall Design Studio):

წელს ძალიან ბევრი საინტერესო ინსტალაცია იყო სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი მილანის მასშტაბით. გამოვარჩევდი გამოფენას პალაცო კასტილიონში (Palazzo Castiglioni – Apartamento Spagnolo). ასევე, ძალიან შთაბემბეჭდავი იყო წლევანდელი Alcova, რომელიც განლაგებული იყო ძველი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე და Palazzo Litta, სადაც წარმოდგენილი იყო  ძალიან საინტერესო ინსტალაციები“.

დიზაინის ტენდენციები 2026 წელს

წლევანდელ კვირეულზე დიზაინის ყურადღება მკაფიოდ გადავიდა ობიექტიდან გამოცდილებაზე. გამოიკვეთა რბილი, სკულპტურული ფორმები, პასტელური ფერები და მასალების კონტრასტული შერწყმა. 

დიდი ყურადღება დაეთმო “soft industrial” ესთეტიკას, მეტალის უფრო რბილი, სკულპტურული გამოყენება და ზოგადად, ფორმების დამშვიდება. ფერებში გამოიკვეთა პასტელური ტონები, განსაკუთრებით სხვადასხვა ლურჯი, ასევე კონტრასტული კომბინაციები, როგორიცაა ცივი და თბილი მასალების შერევა. მაგალითად, ხელით ნაქარგი ქსოვილების კომბინაცია უჟანგავ ფოლადთან. საერთო სურათში აშკარად ჩანდა, რომ დიზაინი უფრო და უფრო შორდება მხოლოდ ობიექტის იდეას და გადადის გამოცდილებაზე. სივრცე, სინათლე, ხმა, შეგრძნება და მასალა ერთიან სისტემად მუშაობს. ასევე ძლიერად იგრძნობოდა ნარატივზე დაფუძნებული მიდგომა, სადაც პროექტები უკვე “ისტორიებს ყვებიან” და ემოციურ კონტექსტს ქმნიან.“ – ანა გრიგოლია

DESIGNED OBJECTS, CJ ASLAN-ის მიერ © Alcova

საერთო ჯამში, ტენდენცია მიდის უფრო ავთენტური, ემოციურად დატვირთული და ინტელექტუალური დიზაინისკენ. ასევე შესამჩნევი იყო სკულპტურული ობიექტების ზრდა ინტერიერში, სადაც ავეჯი და განათება უფრო მეტად იქცევა არტ ობიექტებად. ბუნებრივი, ტექსტურული და ხშირად დაუმუშავებელი და უხეში ზედაპირები. ინსტალაციებში აქცენტები იყო ბრუტალურ ობიექტებზე, მაგრამ ეს არ იყო მკაცრი, ცივი ესთეტიკა, უფრო “soft brutalism”, სადაც უხეში მასალები (ქვა, ბეტონი, მეტალი) ერწყმის თბილ ტექსტურებსა და სინათლეს.“ – რუსუდან თუმანიშვილი

“On the Soft Edge“, Jane Wright & Jesse Butterfield © Alcova

თუმცა მთავარი აქცენტი გადავიდა იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენენ ქვეყნები საკუთარ თავს. ინდივიდუალური ობიექტების ნაცვლად, წინ წამოვიდა ერთიანი კურატორული ხედვა და კულტურული ნარატივი. შედეგად, დიზაინი უფრო და უფრო აღიქმება, როგორც ქვეყნის იდენტობის გამოხატვის ინსტრუმენტი.

ჩემი დაკვირვებით, წელს მთავარი ის არ იყო, რომელი სტილი ან მასალა დომინირებდა. ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა ის, თუ როგორ წარმოადგენენ ცალკეული ქვეყნები საკუთარ თავს გლობალურ სცენაზე. არა გაბნეული ბრენდების ან ცალკეული დიზაინერების სახით, არამედ ერთიანი საკურატორო პოზიციით. ამ მხრივ წელს განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობოდნენ პოლონეთი და უზბეკეთი, ორივე მათგანი ასევე ჩანდა ვენეციის ბიენალეზეც.

ამის ნათელი მაგალითია პოლონური ექსპოზიცია Torre Velasca-ში. გამოფენა ორ ხაზად იყო აგებული: ერთი ეთმობოდა პოლონური მოდერნიზმის ექსპორტირებულ მემკვიდრეობას, მათ შორის Jorge Zalszupin-ის მაგალითს, პოლონური წარმოშობის არქიტექტორ-დიზაინერისა, რომელმაც არსებითად ჩამოაყალიბა ბრაზილიური მოდერნიზმის ერთ-ერთი ხაზი და პირადად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Oscar Niemeyer-ის გარემოცვაში; მეორე ხაზი კი თანამედროვე პოლონელ ავტორებზე იყო. შედეგად, მაყურებელი ცალკეულ ობიექტებს კი არ ხედავდა, არამედ ქვეყნის თვითცნობიერების მთლიან სურათს, თაობათა შორის ნათელი კავშირის ჩვენებით.

სწორედ ამაში ვხედავ წლევანდელი მილანის მთავარ გასაღებს: ცალკე აღებული ობიექტი ან ბრენდი, რა ხარისხისაც არ უნდა იყოს, აღარ არის საკმარისი. მუშაობს მხოლოდ მთლიანი კულტურული თხრობა.“ – ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

პოლონური მოდერნიზმი © Visteria Foundation

მილანის დიზაინის კვირეულის შეფასება საქართველოს ჭრილში 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მილანის დიზაინის კვირეული დღეს არის სივრცე, სადაც ჩანს არა მხოლოდ დიზაინი, არამედ ის, როგორ პოზიციონირებენ ავტორები და ქვეყნები გლობალურ კონტექსტში. აშკარაა, რომ ინდივიდუალური ობიექტი აღარ არის საკმარისი – გადამწყვეტი ხდება ერთიანი ნარატივი და კულტურული კონტექსტი.

„Milan Design Week დღეს უკვე აღარ არის უბრალოდ დიზაინის გამოფენა. ეს არის სივრცე, სადაც ჩანს თუ როგორ იცვლება აზროვნება, როგორ ვქმნით სივრცეს და რას ვეუბნებით ერთმანეთს დიზაინის ენით.

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უზბეკეთის პავილიონი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს ერთ მთავარ იდეას: ტრადიცია შეიძლება გადაითარგმნოს თანამედროვე ენაზე ისე, რომ არ დაკარგოს თავისი სიღრმე. ყველაზე ძლიერი პროექტები სწორედ იქ ჩნდება, სადაც ადგილობრივი კულტურა ხვდება თანამედროვე დიზაინის აზროვნებას.

ქართველი დიზაინერებისთვის ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი კულტურა აღარ აღიქვან როგორც მხოლოდ მემკვიდრეობა ან ნოსტალგია, არამედ როგორც ცოცხალი მასალა, რომელიც შეიძლება გახდეს თანამედროვე დიზაინის ნაწილი.

სწორედ აქ ჩანს მთავარი – კულტურა არ არის წარსულში ჩარჩენილი ფორმა. ის აგრძელებს ცხოვრებას მაშინ, როცა ახალ კონტექსტში გადადის და ახალ ენაზე იწყებს ლაპარაკს. მილანის დიზაინის კვირეული ამას ყველაზე ნათლად აჩვენებს და სწორედ ეს არის მისი მთავარი ღირებულება.“ – ანა გრიგოლია

„Milan Design Week დღეს აღარ არის მხოლოდ გამოფენა, ეს არის გლობალური დიზაინის ინდუსტრიის მთავარი პლატფორმა, სადაც ყალიბდება ტენდენციები, ხედვები და პროფესიული დიალოგი, სადაც დიზაინი განიხილება არა როგორც პროდუქტი, არამედ როგორც კულტურული და ინტელექტუალური პროცესი.

საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, პირდაპირი წვდომა საერთაშორისო სტანდარტებზე, მასალებზე, ტექნოლოგიებსა და ბრენდებთან თანამშრომლობაზე; ასევე  საკუთარი იდენტობის გააზრება და უფრო თამამად წარმოდგენა გლობალურ კონტექსტში. ქართველი დიზაინერებისთვის ეს პლატფორმა ყველაზე მეტად ღირებულია იმით, რომ აძლევს არა მხოლოდ შთაგონებას, არამედ სწორ კონტექსტს – გავიგოთ სად ვართ დღეს და სად შეიძლება ვიყოთ ხვალ. პირადად მე, აქ მიღებული შთაბეჭდილებები, წლიდან წლამდე მომყვება, – რუსუდან თუმანიშვილი

„მილანის კვირეული წელიწადში ერთადერთი მომენტია, როცა დიზაინის ინდუსტრია ერთ ადგილას იყრის თავს. აქ მხოლოდ ახალი პროდუქცია კი არ ჩანს, არამედ ისიც, ვინ როგორ ხედავს საკუთარ ადგილს ამ დიდ სურათში.

ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, წელს ყველაზე ძლიერი ის ავტორები გამოვიდნენ, ვისაც პროდუქტთან გეოგრაფია ჰქონდა მიბმული, როგორც შინაარსის ნაწილი. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ თუ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად სამხრეთ კავკასიურ პლატფორმას არ შევქმნით, ინდივიდუალურ დონეზე, რაც არ უნდა ხდებოდეს, შეუმჩნეველი დარჩება. ქულები კი იმ პლატფორმას დაეწერება, რომელმაც ეს დიზაინერი გამოფინა.“ – ნიკოლოზ ლეკვეიშვილი 

SOLO ბუტიკიმა “კვინტეტ ლონდონთან” პარტნიორობით ინტერიერის ახალი პროდუქტი წარადგინა