in

სტუდიოს ტიპის ბინა ფერადი აქცენტებით ატენის ქუჩაზე – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი

ორ-ოთახიანი სტუდიოს ტიპის ბინა, რომლის ფართობი 53 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ატენის ქუჩაზე მდებარეობს და მის დიზაინზე THE WALL Design Studio-ს დამფუძნებელმა, რუსა თუმანიშვილმა იმუშავა. პროექტის ავტორის თანახმად, დამკვეთს მთავარი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ბინას ჰქონოდა ბევრი ფერადი აქცენტი და არ დაკარგულიყო სივრცის აღქმა.

სამუშაოს დაწყების ეტაპზე დიზაინერს ბინაში ტიხრები აშენებული დახვდა. თუმცა, სასურველი შედეგის მისაღწევად რუსამ გეგმარებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა: შესასვლელში მოიხსნა ჰოლის კედელი, გაერთიანდა სამზარეულო და მისაღები ზონები, საძინებლის კედელი კი 45 გრადუსით დაიხარა, რამაც სივრცის ვიზუალურად გაზრდის საშუალებას შეუწყო ხელი.

ინტერიერი უმთავრესად თეთრ ტონშია გადაწყვეტილი, თუმცა მონოქრომული გამა გახალისებულია მკვეთრი აქცენტებით, რაც საინტერესო კედლის დეკორით არის გადმოცემული სამივე ფუნქციურ ზონაში.

ამ მხრივ ყურადღებას იქცევს მისაღებში არსებული ცნობილი ბრენდის, Wall&deco- ს პანო წითელი დომინანტი ფერით, რომელსაც სივრცეში გამორჩეული განწყობა შემოაქვს.

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია Kerama Marazzi-ის უმშვენიერესი ფერადი მოზაიკის ტიპის დეკორატიული ფილა აბაზანაში, რომელიც სრულიად საუცხოოდ გამოიყურება ნაზ თეთრ ფონზე.

იგივე კონცეფცია გრძელდება საძინებელშიც – საწოლის მხარეს კედელი დატვირთულია ფერადი კედლის ქაღალდითა და ხის ფაქტურის კომბინაციით.

რუსა თუმანიშვილმა წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს და საპროექტო დავალებას იდეალურად გაართვა თავი. დამკვეთის სურვილის თანახმად, ბინაში გვხვდება ბევრი მკვეთრი ფერი, რაც დიზაინერმა სადა, საბაზისო ფერებით დააბალანსა. ამას გარდა, პროექტში გამოყენებულია ბეტონის ჭერი. ამ ტექნიკის საშუალებით ინტერიერი ნაკლებად “მსუყე” ჩანს, ვინაიდან ბეტონი თავისთავად არის უხეში და საკმაოდ მძიმე მასალა, რაც საერთო ჯამში, სივრცეში იდეალურ ბალანსს ქმნის.

პროექტის ავტორი: რუსა თუმანიშვილი

დიზაინ სტუდია: THE WALL Design Studio

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

ბინისა და სახლის ბუნებრივი განიავების მეთოდები და სქემები

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები საძინებელში?