in

ბინისა და სახლის ბუნებრივი განიავების მეთოდები და სქემები

თანამედროვე სახლები ისეა აგებული და მოპირკეთებული, რომ რაც შეიძლება ჰერმეტული იყოს. ხმისა და სითბოს საიზოლაციო ორმაგი მინის ფანჯრები და მჭიდროდ დახურული კარები არ ტოვებს ჰაერის ნაკადის ოთახში შემოღწევის გზას, არადა, შიდა მიკროკლიმატის დასარეგულირებლად ჰაერის მიმოცვლა აუცილებელია. საამისოდ ყველაზე მარტივი გზა შენობის ბუნებრივი განიავებაა. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.

ბუნებრივი განიავების სქემა

ბუნებრივი განიავება ჰაერის გრავიტაციული გაცვლის პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნორმალური მუშაობისთვის მექანიზმები და ელექტროენერგია საჭირო არ არის. ოთახსა და გარე სივრცეს შორის ჰაერის ნაკადის მოძრაობას წნევის სხვაობა იწვევს, რომელიც ქარის სიძლიერის, ტემპერატურის ან ტენიანობის მიხედვით იცვლება. სისტემის სათანადო მოწყობის საშუალებით სახლში სუფთა ჰაერის საკმარისი მარაგის მიღება და დაბინძურებული ჰაერის განდევნაა შესაძლებელი.

განვიხილოთ, როგორ მიმდინარეობს ჰაერის გრავიტაციული გაცვლის პროცესი.

  1. ჰაერის ნაკადი ქუჩიდან სახლში ფანჯრის ჩარჩოებში არსებული ცარიელი სივრცეების, სავენტილაციო ხვრელებისა და ისეთი კარების მეშვეობით შემოდის, რომლებიც მჭიდროდ არ იხურება.
  2. ნაკადი ოთახში მოძრაობს და თანდათან შიდა ჰაერს ერევა. იმისათვის, რომ პროცესი არ შეჩერდეს, ოთახებს შორის ღია კარები და ცარიელი სივრცეები უნდა იყოს.
  3. დაბინძურებული ჰაერი სავენტილაციო არხების მეშვეობით გარეთ გადის. არხების გამოსასვლელები ისეთ ოთახებშია მოთავსებული, რომლებშიც ტემპერატურა ან ტენიანობა მუდმივად იცვლება, მაგალითად, სამზარეულოში, სააბაზანოში და ა. შ.

ბუნებრივი განიავების სისტემის სახეები

ბუნებრივი განიავების სისტემა სამ ტიპად იყოფა. ესენია:

  • არაორგანიზებული. ნაკადი შემოდის ქუჩიდან, ვრცელდება ოთახებში და გარეთ მხოლოდ გრავიტაციის მეშვეობით გამოიდევნება, რაც ღია ფანჯრებით ან კარებით მიიღწევა. ამ შემთხვევაში დამატებითი ელემენტები არ მონტაჟდება.
  • ორგანიზებული. ჰაერის ნაკადის მოძრაობის გასამარტივებლად დამონტაჟებულია საგანგებო ელემენტები. მათი რაოდენობა და მდებარეობა შესაბამისი გამოთვლის შედეგად განისაზღვრება. ეს სქემა ყველაზე ეფექტურია.
  • ფორსირებული ვენტილაცია ან ჰაერის გამოდევნა. პირველ შემთხვევაში მეტი ყურადღება ექცევა ჰაერის ნარევის მიღებას, მეორეში — მის გადევნას.

გრავიტაციული სქემის უპირატესობები და ნაკლოვანებები

გრავიტაციული ტიპის სისტემის დაყენების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მის ყველა უპირატესობასა და ნაკლოვანებას უნდა იცნობდეთ. მოდით, ისინი მოკლედ მიმოვიხილოთ.

უპირატესობები

  • სქემა არ ითვალისწინებს ელექტროტექნიკის დამონტაჟებას, შესაბამისად, მისი ქსელთან მიერთება საჭირო არ არის.
  • ვენტილატორებისა და სხვა მექანიზმების არარსებობა სტრუქტურის უხმაურო მუშაობას უზრუნველყოფს.
  • შეგიძლიათ, სისტემას ახალი ელემენტები დაუკავშიროთ და პროცესი უფრო ეფექტური გახადოთ.
  • მისი მონტაჟი მარტივი და იაფია.
  • სქემის პერიოდული მოვლა მის დასუფთავებას გულისხმობს, რაც თავად, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გარეშე შეგიძლიათ.

ნაკლოვანებები

  • ამგვარი სქემა ზამთარში სითბოს შენარჩუნებას ართულებს, რის გამოც გათბობის ხარჯი იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარება დაპროექტების ეტაპზე შესაძლებელია.
  • უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცხელ ამინდში განიავების სისტემის ეფექტურობა მცირდება. პრობლემის მოგვარებაში ვენტილატორი დაგეხმარებათ.

სქემის შემადგენელი ელემენტები

თეორიულად, გრავიტაციული სისტემის მუშაობისთვის აღჭურვილობა საჭირო არ არის. ამგვარად მისი არაორგანიზებული ტიპი მუშაობს. მას წნევის რეგულირება არ შეუძლია, რის გამოც ამინდზეა დამოკიდებული და არაეფექტურია. იმისათვის, რომ სისტემამ სათანადოდ იმუშაოს, ცალკეული ელემენტებით უნდა აიწყოს. მოდით, მოკლედ დავახასიათოთ ისინი.

  • კედლის ვენტილატორი – უზრუნველყოფს ქუჩიდან ჰაერის ნაკადის შემოდინებას და აშორებს გამონაბოლქვი აირების ნარევს.
  • ფანჯრის ვენტილატორი – სარქველი ფანჯრის ჩარჩოშია მოთავსებული. ის, შესაძლოა, ნაკადის მექანიკური ან ავტომატური რეგულატორით იყოს აღჭურვილი. თუ მოდელს ასეთი რეგულატორი არ აქვს, ტემპერატურის უეცარი ცვლილების დროს სწორად ვერ იმუშავებს.
  • ცხაურები – კარებში, საჭიროების შემთხვევაში კი შიდა ტიხრებშიც მონტაჟდება. ისინი ჰაერის ნაკადს ოთახებში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
  • სავენტილაციო მილები – მათი მეშვეობით დაბინძურებული ჰაერის მასები სხვენისკენ ან სახლის საერთო სავენტილაციო შახტისკენ მიედინება.
  • დეფლექტორი – მილის ბოლოში მონტაჟდება. განსაკუთრებული ფორმის წყალობით, ის თითქოს წყვეტს ჰაერის ნაკადს, რის გამოც მის გარშემო დაბალი წნევის ზონა იქმნება.

რჩევები ბუნებრივი განიავების შესაქმნელად

გრავიტაციული განიავების სისტემის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია, ჰაერის ნაკადი ყველა ოთახში თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ახლა კი ჩამოვთვალოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი განიავების სისტემის შესაქმნელად.

  • სუფთა ჰაერი ყველა ოთახს უნდა მიეწოდებოდეს.
  • საჰაერო მილები ან სავენტილაციო არხები უნდა დამონტაჟდეს სახლის სამრეცხაოში, სააბაზანოში ან სამზარეულოში.
  • როგორც გამწოვები, ასევე ჰაერის შემოდინების წყაროები უნდა დამონტაჟდეს ოთახებში, რომლებშიც: 1. გაზის დანადგარებია განთავსებული; რომლებიც უახლოესი სავენტილაციო არხიდან ორი ან მეტი კარითაა გამოყოფილი; 3. სამზარეულო და მისაღები გაერთიანებულია; 4. სპორტდარბაზია მოწყობილი.

პრიალა თუ მქრქალი – რომელი ზედაპირი ჯობია სამზარეულოს ავეჯისთვის?

სტუდიოს ტიპის ბინა ფერადი აქცენტებით ატენის ქუჩაზე – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი