in

როგორი უნდა იყოს ვენტილაცია სააბაზანოში?

IPS
IPS

სააბაზანო არის ოთახი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ტენიანობა, ამიტომ ეს სივრცე საიმედო და ეფექტურ ვენტილაციას საჭიროებს. არსებობს ორი სახის ვენტილაცია: ბუნებრივი (გრავიტაცია) და არაბუნებრივი.

პირველ შემთხვევაში, ოთახი ტენიანი ჰაერისგან ბუნებრივად თავისუფლდება. სუფთა ჰაერი სივრცეში კარის ქვეშ არსებული ღიობით შემოედინება, ხოლო ტენიანი ჰაერი სააბაზანოდან კედელში არსებული ღიობებიდან სავენტილაციო არხის საშუალებით გადის.

ჰაერის გასასვლელი ღიობი კარისგან რაც შეიძლება შორს უნდა გააკეთოთ — ამ შემთხვევაში ჰაერის ნაკადი უფრო ძლიერი იქნება. თუ სააბაზანოში ევროფანჯარა გაქვთ, კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს „მიკრო ვენტილაციის“ რეჟიმის საშუალებით.

ყველაზე ეფექტური ვარიანტია, როდესაც სავენტილაციო ღიობში დამონტაჟებულია საჭირო სიმძლავრის ვენტილატორი. მისი ჩართვის მექანიზმი შეიძლება შუქის ასანთებ ჩამრთველთან იყოს დაკავშირებული, თუმცა თუ თქვენი სააბაზანო ძალიან ნოტიაო, უმჯობესია, ვენტილატორისთვის ცალკე ჩამრთველი დაამონტაჟოთ. შესაძლებელია ელექტრონული სისტემების სხვადასხვა ვარიანტების გამოყენება, როგორიც არის, მაგალითად, ტაიმერი.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. თუ აბაზანაში დამონტაჟებულია გაზის წყლის გამაცხელებელი, საჭიროა ძალიან ეფექტური და გამართულად მოქმედი ვენტილაცია და ამ შემთხვევაში საჭიროა კომპეტენტური ექსპერტის რჩევა. დამატებითი ვენტილატორის გამოყენება შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცეს, რადგან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საკვამურებიდან მავნე გამონაბოლქვი აირების შეწოვას.

მრავალბინიან კორპუსებში ვენტილაცია ხორციელდება ცალკეული არხებით, სართულების მიხედვით ჩართვის გარკვეული თანმიმდევრობით. ამ შემთხვევებში დასაშვებია ცალკეული გამწოვი ვენტილატორების არსებობა, რომლებსაც გააჩნია გამშვები სარქველი, რათა ბინებს შორის სავენტილაციო არხებით ჰაერის გადინებას ხელი შეუშალოს.

სააბაზანოში სათანადო და მაღალეფექტური ვენტილაციის სისტემა თავიდან აგაცილებთ შემდეგ პრობლემებს:

  • ტენიანობის აქტიური კონდენსაცია ფილებზე, სარკეებზე, მინის ზედაპირებზე და ფანჯრებზე.
  • სოკოვანი ობი.
  • ხის ზედაპირების გაფუჭება და ლითონის კონსტრუქციების კოროზია.
  • უსიამოვნო სუნი.

კარგი ვენტილაცია აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. წინასწარ დაფიქრდით ყველაფერზე, რაც დაგეხმარებათ, თქვენი სააბაზანო ყველაზე კომფორტულ და მყუდრო სივრცედ აქციოთ.

როგორ შევარჩიოთ ავეჯისათვის საკარკასე მასალა?

შთამაგონებელი იდეები პატარა სააბაზანოს მოსაწყობად