„ბუნებასთან ერთად“ — ეს არის იდეა, რომელიც „ლისი დეველოპმენტის“ ყველა პროექტს აერთიანებს და სხვადასხვა ფორმით ავლენს, თუ როგორ შეიძლება, არქიტექტურა ლანდშაფტის გაგრძელებად იქცეს. სწორედ ამ ფილოსოფიის კიდევ ერთი გამოხატულებაა „ბუკნარი ჰოტელი“ — ახალი სასტუმრო შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ივნისიდან პირველ სტუმრებს უმასპინძლებს.

ბუკნარი ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს — სივრცეში, სადაც სუბტროპიკული ტყე და ზღვა ერთმანეთში ბუნებრივად გადადის. სწორედ ეს განსაკუთრებული ლანდშაფტი იქცა პროექტის მთავარ ღირებულებად. აქ ბუნება უბრალოდ გარემო არ არის — ის თავად ინტერიერის ნაწილი ხდება. სასტუმროს ყველა ნომრიდან პანორამული ხედები იშლება ზღვასა და აჭარის მთებზე, რის გამოც სივრცის აღქმა მხოლოდ კედლებითა და ინტერიერის დეტალებით აღარ შემოიფარგლება. დღის სხვადასხვა მონაკვეთში სინათლე, ტყის სილუეტები, ზღვის ფერი და ჰორიზონტის ცვლილება ინტერიერში გადმოდის და მას მუდმივად ცვალებად ხასიათს სძენს.
„ბუკნარი ჰოტელის“ არქიტექტურა სწორედ ამ კავშირის გაძლიერებას ემსახურება. პროექტზე მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიამ Architects of Invention-მა იმუშავა. შენობა ისეა განთავსებული, რომ ბუნებრივი ხედები სივრცის მთავარი აქცენტი გახდეს — თითქოს ინტერიერი და ექსტერიერი ერთმანეთის გაგრძელებაა. ეს მიდგომა განსაკუთრებით იგრძნობა საერთო სივრცეებში, სადაც ზღვის ხაზი, ხეების მასივი და ბუნებრივი სინათლე მუდმივად თან ახლავს სტუმრის გამოცდილებას.
100-ნომრიანი სასტუმრო მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, სპას, ლაუნჯს, სამასაჟე ოთახებსა და საკონფერენციო სივრცეებს, ხოლო გარე ინფრასტრუქტურა — პადელის მოედანს, სასეირნო ბილიკებსა და რეკრეაციულ ზონებს. თუმცა, ამ პროექტის მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ფუნქციური მრავალფეროვნება, არამედ გარემოსთან ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმაა — განცდა, რომ ბუნება შენობის გარეთ კი არა, თავად ინტერიერის ნაწილია.




ეს ხედვა „ლისი დეველოპმენტის“ ურბანული ფილოსოფიის გაგრძელებაა. კომპანია უკვე 15 წელია ქმნის პროექტებს, სადაც არქიტექტურა და ბუნება კონკურენციაში კი არა, თანაარსებობაშია. სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა „მწვანე ქალაქი ლისზე“, რომელმაც თბილისში სრულიად ახალი საცხოვრებელი მოდელი დაამკვიდრა და ლისის ტბის ტერიტორიის განვითარებასაც შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ კომპანია პირველი იყო ქართულ ბაზარზე, რომელმაც 2010 წელს დანერგა “80/20 პრინციპი”, რაც გულისხმობს იმას, რომ ტერიტორიის 80% გამწვანებასა და რეკრეაციას ეთმობა, ხოლო შენობები მხოლოდ 20%-ზეა განთავსებული. ეს პრინციპი „ბუკნარშიც“ გრძელდება, სადაც მთავარი ყურადღება არა მხოლოდ მშენებლობაზე, არამედ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გამოცდილების ხარისხზეა გამახვილებული.
„ბუკნარი ჰოტელი“ ბუკნარი რეზორტის განვითარების პირველი ეტაპია. „ლისი დეველოპმენტი“ 9 ჰექტარ ტერიტორიაზე გრძელვადიან პროექტს ახორციელებს, რომლის გენერალურ გეგმაზეც საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიები — WATG, Leku და ქართული სტუდია TIMM მუშაობენ. სამომავლოდ პროექტი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, Beach Club-ს, კომერციულ და გასართობ სივრცეებსაც გააერთიანებს.

20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით შექმნილი სასტუმრო ერთდროულად წარმოადგენს როგორც ახალ ტურისტულ მიმართულებას, ისე თანამედროვე ხედვას შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრების შესახებ — სივრცეს, სადაც არქიტექტურა ბუნებას არ ფარავს, არამედ მასთან ერთად არსებობს. „ბუკნარი ჰოტელი“ არის ადგილი, სადაც მთავარი შთაბეჭდილება, შესაძლოა, არც კონკრეტული ინტერიერის დეტალი იყოს და არც არქიტექტურული ფორმა — არამედ ის განცდა, რომ ზღვა, ტყე, სინათლე და ჰორიზონტი თავად იქცევა იმ სივრცედ, სადაც ცხოვრობ, ისვენებ და დროს ატარებ.

[R]










