თბილისის ურბანული განვითარების ისტორიაში იშვიათად ჩნდება პროექტი, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის ჩარჩოებს სცდება და ქალაქის ახალი ნაწილის ფორმირებას ისახავს მიზნად. სწორედ ასეთია Ave.New — 8 ჰექტარზე გადაჭიმული მრავალფუნქციური ურბანული ეკოსისტემა, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივანსა და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის ვითარდება და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დეველოპერულ ინიციატივად მოიაზრება.
პროექტის არსი მხოლოდ შენობების განლაგებაში არ მდგომარეობს. Ave.New-ს კონცეფციის ცენტრში დგას ადამიანების, ქუჩების, ფუნქციების, გამოცდილებებისა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირების იდეა. სწორედ ამ ხედვამ წარმოშვა პროექტის ყველაზე გამორჩეული ელემენტიც — საქართველოში პირველი რეკრეაციული ხიდი, რომელიც ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ბევრად მეტია და ახალი საზოგადოებრივი სივრცის, ახალი ურბანული გამოცდილების სიმბოლოდ გვევლინება.
პროექტის არქიტექტურული კონცეფცია „სტუდიო 9“-ს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მასშტაბურობა ადამიანურ აღქმასა და ყოველდღიურ კომფორტთან ჰარმონიაში იქნებოდა. არქიტექტორებმა კომპლექსი განიხილეს არა როგორც ცალკეული შენობების ერთობლიობა, არამედ როგორც ცოცხალი ურბანული ორგანიზმი — სივრცე, სადაც მოძრაობის სცენარი, ხედები, ღია საზოგადოებრივი ზონები, კომერციული ფუნქციები და რეკრეაცია ერთიან სისტემად მუშაობს. შედეგად, შეიქმნა გარემო, რომელიც ერთდროულად პასუხობს თანამედროვე ქალაქის დინამიკას და ადამიანების მოთხოვნას უფრო მწვანე, უსაფრთხო და კომფორტულ ყოველდღიურობაზე.
Homeis.ge-სთან საუბარში Ave.New-სა და „სტუდიო 9“-ს გუნდები სწორედ ამ ხედვაზე, პროექტის ურბანულ ფილოსოფიაზე და იმაზე გვიამბობენ, თუ როგორ შეიძლება ერთმა პროექტმა არა მხოლოდ ახალი უბანი, არამედ ქალაქის განვითარების ახალი მოდელიც შექმნას.

Ave.New — ახალი გამზირი არ პოზიციონირდება მხოლოდ როგორც საცხოვრებელი კომპლექსი. რა იყო მთავარი ხედვა, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ ეს პროექტი ახალ ურბანულ ცენტრად ჩამოყალიბებულიყო და არა იზოლირებულ დეველოპერულ ობიექტად?
Ave.New: Ave.New-ს შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსის განვითარება. თავიდანვე გვინდოდა, შეგვექმნა ახალი ურბანული ცენტრი – დამაკავშირებელი, რომელიც ქალაქის ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდებოდა და არა იზოლირებული სივრცე.
ამ ხედვას ეფუძნებოდა როგორც პროექტის დაგეგმვა, ისე ბრენდის კონცეფცია. Windfor’s-ის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ ნეიმინგზე, ვიზუალურ იდენტობასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, რომლის მთავარი ამოცანა ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა იყო — ადგილის, სადაც ადამიანები არა მხოლოდ ცხოვრობენ, არამედ თავად ქმნიან სამეზობლოს იდენტობას და მონაწილეობენ საცხოვრებელი გარემოს განვითარებაში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი “დამაკავშირებლობაა” — ქალაქის, ადამიანების, ინტერესებისა და ცხოვრების სტილის. როგორ გადაიქცა ეს იდეა კონკრეტულ დეველოპერულ სტრატეგიად?
Ave.New: „დამაკავშირებლობა“ Ave.New-სთვის მხოლოდ კონცეფცია არ არის — ეს არის პროექტის განვითარების და გეგმარების მთავარი პრინციპი.
ამ კონცეფციამ განსაზღვრა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ფუნქციური გადაწყვეტილებები. პროექტში ერთმანეთთანაა დაკავშირებული საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე, რეკრეაციული, სპორტული და საზოგადოებრივი სივრცეები. ამავე იდეის გაგრძელებაა საქართველოში პირველი რეკრეაციული ხიდიც, რომელიც არა მხოლოდ ორ ფიზიკურ წერტილს, არამედ ადამიანებსა და მათ ყოველდღიურ გამოცდილებებს აკავშირებს.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სივრცე, რომელიც ცოცხალი იქნება დღის ნებისმიერ მონაკვეთში და სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ბუნებრივი ინტერაქციის შესაძლებლობა ექნებათ.

Ave.New-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურას — ახალი გზა, მრავალდონიანი პარკინგი, გამიჯნული საფეხმავლო და სატრანსპორტო მოძრაობა. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს დეველოპერული პროექტებისთვის ქალაქის რეალურ ურბანულ პრობლემებზე პასუხის გაცემა?
Ave.New: თანამედროვე დეველოპერული პროექტები მხოლოდ ნაგებობის მშენებლობით აღარ განისაზღვრება. მათ უნდა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალაქი და მისი მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
Ave.New-ში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დაეთმო. პროექტი ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო გზის გაყვანას, მრავალდონიან საპარკინგე სივრცეს, ქვეითებისა და საავტომობილო მოძრაობის გამიჯვნას და უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნას. ჩვენი აზრით, ცხოვრების ხარისხს სწორედ ასეთი სისტემური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს.


პროექტის ცენტრალური ელემენტი — რეკრეაციული ხიდი — ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, ძლიერ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს. როგორ ფიქრობდით ამ სივრცეზე – როგორც ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, თუ როგორც ახალ ურბანულ გამოცდილებაზე ქალაქისთვის?
სტუდიო 9: პროექტზე მუშაობის დაწყებისას ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა, სწორად აგვეთვისებინა დაახლოებით 8 ჰექტარის ფართობის ტერიტორია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მის პარალელურ ქუჩას — ფარნავაზ მეფის გამზირს შორის არის მოქცეული.
პროექტირების პროცესში მნიშვნელოვანი მოცემულობა გახდა თბილისის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში ახალი გზის გაყვანა იყო დაგეგმილი. შედეგად, ნაკვეთი ორ დამოუკიდებელ ნაწილად იყოფოდა. ბუნებრივია, ერთ-ერთ შესაძლო გადაწყვეტას წარმოადგენდა ამ ორი სივრცის განცალკევებით დაგეგმარება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება შემოვლითი გზით ან მიწისქვეშა გადასასვლელით. თუმცა, ამ შემთხვევაში პროექტი დაკარგავდა ერთიანობასა და იმ სივრცით იდენტობას, რომლის შექმნაც ჩვენი მთავარი მიზანი იყო.
სწორედ ამ გამოწვევამ გვიბიძგა განსხვავებული გადაწყვეტისკენ. გადავწყვიტეთ, ტერიტორიის ორი ნაწილი შინაარსობრივად და ფუნქციურად არ გამოგვეყო ერთმანეთისგან და ისინი ხიდის მეშვეობით დაგვეკავშირებინა. ამ იდეამ საშუალება მოგვცა, შეგვენარჩუნებინა სივრცის ერთიანი აღქმა და შეგვექმნა უწყვეტი ურბანული გარემო.
რეკრეაციული ხიდი თავისი მასშტაბით — როგორც სიგრძით, ისე სიგანით — იმდენად შთამბეჭდავია, რომ ერთი შეხედვით თითქოს პროექტს ორ ნაწილად ჰყოფს. თუმცა, რეალურად, მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ამ სივრცეების გაერთიანება და ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებაა.
ხიდის ინტეგრაციით პროექტმა გამორჩეული ევროპული ხასიათი შეიძინა. ის არა მხოლოდ არქიტექტურული ელემენტია, არამედ სრულფასოვანი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ღიაა როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე ქალაქის სხვა სტუმრებისთვის. ამგვარად, ხიდი იქცევა შეხვედრების, დასვენებისა და ურბანული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად.

ამასთანავე, პროექტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო და საჯარო სივრცეების ბალანსს. მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული ხიდი სრულად საზოგადოებრივ ფუნქციას ატარებს, თითოეულ საცხოვრებელ ბლოკს ექნება საკუთარი, დაცული ეზო და შიდა ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შედეგად, პროექტი წარმატებით აერთიანებს აქტიურ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და კერძო ცხოვრებისათვის აუცილებელ სიმშვიდესა და კომფორტს.
[R]






