in

მუსიკით შთაგონებული ინტერიერი დიღომში — მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

დიღომში მდებარე 70 კვადრატული მეტრის ბინა, რომლის ინტერიერის დიზაინი მარიამ ძამაშვილმა შექმნა, ახალგაზრდა პროგრამისტისთვისაა განკუთვნილი. პროექტის ავტორის თქმით, დამკვეთის მთავარი სურვილი იყო მიეღო განსხვავებული, ინდივიდუალური და ვიზუალურად გამორჩეული სივრცე, რომელიც სტანდარტული ინტერიერული გადაწყვეტებისგან მკვეთრად იქნებოდა გამიჯნული. დიზაინერს სრული შემოქმედებითი თავისუფლება მიეცა, რამაც შესაძლებლობა შექმნა, პროექტი დამკვეთის ინტერესებისა და ცხოვრების სტილის გარშემო განვითარებულიყო.

ინტერიერის კონცეფციის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი მუსიკამ ითამაშა. დამკვეთი სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს ფლობს და მისი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მრავალფუნქციური ოთახის მოწყობა, რომელიც ერთდროულად სამუშაო, დასვენებისა და მუსიკისთვის განკუთვნილი სივრცე იქნებოდა. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა ბინის ყველაზე გამორჩეული ზონა, სადაც განთავსებულია გიტარები, ფირსაკრავი, წიგნების თაროები და სხვა პერსონალური ნივთები.

მუსიკალური თემატიკა სივრცის არქიტექტურულ დეტალებშიც იკითხება. ოთახის ჭერზე მოწყობილი მრგვალი განათება, რომლის შიგნით ხელით შესრულებული მხატვრობაა განთავსებული, ვინილის ფირფიტით არის შთაგონებული. ამავე ოთახში მოწყობილია დეკორატიული კედელი გიტარის ფორმის ელემენტებით. კონსტრუქცია თაბაშირ-მუყაოსგანაა დამზადებული, ხელით მოხატული და ინტეგრირებული ლენტური განათებით გამოკვეთილი.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, პროექტის რეალიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიონალმა ხელოსნებმა და მხატვრებმა შეიტანეს. დეკორატიული ელემენტების დიდი ნაწილი ხელით არის შესრულებული, რაც ინტერიერს დამატებით ინდივიდუალობას სძენს.

მასალების თვალსაზრისით, შემოსასვლელში, სველი წერტილების ნაწილში და სამზარეულოს სამუშაო ზონაში გამოყენებულია მუქი ტერაცოს ეფექტის კერამოგრანიტი, ხოლო საცხოვრებელი სივრცეების იატაკის საფარად პარკეტია შერჩეული. არასტანდარტული გადაწყვეტით გამოირჩევა სამზარეულოც — ზედა კარადების ფასადები სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფრეზირებითაა დამუშავებული, რაც ინტერიერის საერთო კონცეფციას ორგანულად ერწყმის.

პროექტში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის განათება, რაც მობინადრეს შესაძლებლობას აძლევს, გარემოს განწყობა და ატმოსფერო საჭიროების მიხედვით შეცვალოს.

ინტერიერში განსაკუთრებული ადგილი უკავია დეკორატიულ პანოებსა და შპალერებს, რომლებიც შემოსასვლელსა და საძინებელში გვხვდება. ეს ელემენტი მარიამ ძამაშვილის შემოქმედებითი ხელწერის ნაწილია და პროექტებში უკვე მრავალი წელია აქტიურად გამოიყენება.

სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით, ბინაში ყველა ოთახში გამოყენებულია ე.წ. ფარული კარები, რომლებზეც პლინტუსის ხაზი უწყვეტად გადადის. ეს გადაწყვეტა ინტერიერს ვიზუალურად უფრო სუფთა და ერთიან იერს აძლევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით მცირე ფართობის საცხოვრებელ სივრცეებში.

მარიამ ძამაშვილის პროექტი წარმოადგენს საცხოვრებელ სივრცეს, რომლის მთავარი შთაგონება მობინადრის ინტერესები და ყოველდღიური ცხოვრების სტილია. მუსიკის თემატიკის ინტერიერულ ელემენტებში ინტეგრირებით, დიზაინერმა შექმნა გარემო, რომელიც ფუნქციურობასა და ინდივიდუალურ ხასიათს აერთიანებს.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

დიზაინი, როგორც თანამშრომლობის ხელოვნება – ინტერვიუ Spott Studio-ს დამფუძნებლებთან

ინდუსტრიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ცხოვრება შვედურ ბინაში