in

დიზაინი ფორმულის გარეშე – ინტერვიუ Studio22-ის დამფუძნებლებთან

კარგი ინტერიერი მხოლოდ ლამაზად მოწყობილი სივრცე არ არის. ის უნდა პასუხობდეს ადამიანის ყოველდღიურობას, მის საჭიროებებსა და ცხოვრების წესს და, ამავდროულად, ჰქონდეს საკუთარი ხასიათი. სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული Studio22-ის დამფუძნებლების — სალომე თოფურიასა და თათა ხაჩიძის მუშაობაც.

მათი თანამშრომლობა მეგობრობით დაიწყო და მოგვიანებით საერთო პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა. მსგავსი ესთეტიკური ხედვის მიუხედავად, სალომესა და თათას თითოეულ პროექტში საკუთარი სტილი შეაქვს და სწორედ ამ განსხვავებული ხედვების შეჯერებით იქმნება Studio22-ის საერთო ხელწერა.

მათთვის არ არსებობს ერთი ფორმულა, რომელიც ყველა ინტერიერს მოერგება. თითოეული პროექტის საწყისი წერტილი კონკრეტული სივრცე და ადამიანია, საბოლოო მიზანი კი — გარემო, სადაც ფუნქცია, ესთეტიკა და ემოცია ბუნებრივად ერთიანდება.

Homeis.ge-სთან ინტერვიუში სალომე და თათა გვიამბობენ, როგორ ჩამოყალიბდა Studio22, როგორ მუშაობენ ორ განსხვავებულ ხედვას შორის საერთო გადაწყვეტილების პოვნაზე, რას ნიშნავს მათთვის წარმატებული ინტერიერი და რატომ უნდა გაუძლოს კარგმა დიზაინმა არა მხოლოდ ყოველდღიურ გამოყენებას, არამედ დროსაც.

თათა, სალი, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ინტერიერის დიზაინთან და რა ეტაპზე მიხვდით, რომ ეს სფერო თქვენი პროფესიული მიმართულება იქნებოდა?

სალი: არქიტექტურასთან ჩემი პირველი მნიშვნელოვანი შეხება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მქონდა, როდესაც ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, თავადაც შემექმნა რაღაც — არა მხოლოდ გამეანალიზებინა ხელოვნება, არამედ უშუალოდ ვყოფილიყავი შემოქმედებითი პროცესის ნაწილი და ჩემი საქმიანობა არქიტექტურასა და დიზაინთან დამეკავშირებინა.

ამ ინტერესმა, საბოლოოდ, ინტერიერის დიზაინამდე მიმიყვანა და სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელე. ნელ-ნელა ეს სფერო იმდენად ბუნებრივად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომ მივხვდი — ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა.

ინტერიერის დიზაინში ყველაზე მეტად მიზიდავს ის, რომ ჩემთვის ის ხელოვნების, შემოქმედებითობისა და პრაქტიკულობის ერთიანობაა. შეგიძლია შექმნა რაღაც ესთეტიკურად ღირებული, გამოხატო საკუთარი ხედვა და ამავდროულად შექმნა რეალური სივრცე, რომელსაც კონკრეტული ფუნქცია აქვს და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

თათა: ინტერიერის დიზაინთან ჩემი ურთიერთობა არქიტექტურიდან დაიწყო. ბაკალავრიატი არქიტექტურის მიმართულებით გავიარე და სწორედ სწავლის პროცესში, განსაკუთრებით კი ბოლო კურსზე, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ინტერიერის სივრცე და ის დეტალები მიზიდავდა, რომლებიც, საბოლოოდ, ქმნის გარემოს ხასიათსა და ემოციას.

ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს — მასალას, ფერს, განათებას, ფორმას, სივრცის თითოეულ პატარა ელემენტს. მივხვდი, რომ სწორედ ინტერიერის დიზაინში შემეძლო ჩემი იდეების ყველაზე სრულად გამოხატვა. ამიტომ მაგისტრატურა უკვე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გავაგრძელე და შემდეგ დოქტორანტურაზეც ამავე პროფილით გავაგრძელე სწავლა. დოქტორანტურის დასრულება, გარკვეული პერიოდისთვის, ძალიან დატვირთული პროფესიული გრაფიკის გამო გადავდე, თუმცა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები.

დღეს ინტერიერის დიზაინი ჩემთვის უბრალოდ პროფესია აღარ არის. ეს არის სფერო, სადაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ; სადაც შემიძლია მთლიანად „დავიკარგო“ პროცესში და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავხარჯო. ეს არის საქმე, რომელიც დიდ შრომას, დროს, ენერგიას და ემოციას მოითხოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ის ნამდვილად გიყვარს.

ჩემთვის ინტერიერის დიზაინი სწორედ ეს სიყვარულია — პროფესია, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ სივრცედ ვაქციო და ადამიანებისთვის ისეთი გარემო შევქმნა, რომელიც მათზე ემოციურადაც იმოქმედებს.

როგორ შეხვდით ერთმანეთს და როგორ გაჩნდა Studio22-ის შექმნის იდეა? რა იყო ის საერთო ხედვა ან ღირებულება, რომელმაც დაგანახათ, რომ ერთად მუშაობა საინტერესო შედეგს შექმნიდა?

ერთმანეთს Studio22-ის შექმნამდე დიდი ხნით ადრე შევხვდით — ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და შემდეგ ბუნებრივად გადაიზარდა პროფესიულ თანამშრომლობაში. ორივეს უკვე გვქონდა ინტერიერის დიზაინში დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება და დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი გემოვნება ძალიან გავდა  ერთმანეთს, დამოკიდებულება დიზაინის მიმართ და ის სტანდარტიც, რომელსაც საკუთარ ნამუშევრებს ვუწესებდით.

ერთად მუშაობის პროცესში ეს თანხვედრა კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის თვისებები, რომლებიც ერთმანეთისგან განგვასხვავებს. სწორედ ამ განსხვავებებს ვიყენებთ დღეს ჩვენი პროექტების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ — ხშირად ერთი ჩვენგანი ხედავს იმას, რასაც მეორე განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებს, საბოლოო შედეგი კი ამ ორი ხედვის გაერთიანებით უფრო სრულყოფილი ხდება.

2022 წელს Studio22-ის შექმნაც სწორედ ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება იყო. გვინდოდა, შეგვექმნა სტუდია, სადაც ჩვენს გამოცდილებას, ხედვასა და დამოკიდებულებას ერთი საერთო ხელწერა ექნებოდა. უკვე ოთხი წელია ერთად ვმუშაობთ, ხოლო ჩვენი საერთო პროფესიული გამოცდილება 13 წელს აერთიანებს.

რა ადგილი უჭირავს თითოეული თქვენგანის ინდივიდუალურ ხედვას Studio22-ის საერთო შემოქმედებით პროცესში? როგორ პოულობთ საერთო გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ?

ჩვენთვის ინდივიდუალური ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი გემოვნება და პროფესიული ხედვა კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს, თითოეულ ჩვენგანს მაინც აქვს განსხვავებული მიდგომები და თვისებები. ვფიქრობთ, სწორედ ეს ქმნის საინტერესო შემოქმედებით პროცესს.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ასეთ დროს მთავარი პრინციპი ერთმანეთის მოსმენაა. ჩვენთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ განსხვავებული აზრი წინააღმდეგობას არ ნიშნავს. პირიქით — ხშირად სწორედ კამათის, არგუმენტების და სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შედეგად მივდივართ უკეთეს გადაწყვეტილებამდე.

საბოლოოდ, არც ერთი ჩვენგანის მიზანი არ არის საკუთარი აზრის გატანა. მთავარი პროექტია — რა სჭირდება კონკრეტულ სივრცეს და ადამიანს, რომელმაც ამ სივრცეში უნდა იცხოვროს ან იმუშაოს. როდესაც ამ პრინციპით ვმსჯელობთ, საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლაც გაცილებით მარტივია.

როგორია ის საერთო ესთეტიკური ხაზი, რომელიც თქვენს სხვადასხვა პროექტებს ერთმანეთთან აკავშირებს? რა ელემენტების ან პრინციპების შენარჩუნება მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად სხვადასხვა პროექტებში განსხვავებული ამოცანების მიუხედავად?

ჩვენი მიზანი არ არის, რომ Studio22-ის პროექტები ერთმანეთს ჰგავდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სტუდიის შექმნილია. პირიქით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ სივრცეს საკუთარი ხასიათი ჰქონდეს, რადგან განსხვავებულია ადამიანიც, მისი ცხოვრების წესი, გარემო და თავად არქიტექტურა.

თუმცა არსებობს პრინციპები, რომლებიც თითქმის ყველა ჩვენს პროექტს აერთიანებს: სიმშვიდე, ბალანსი, სწორი პროპორციები, სინათლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, მასალების გააზრებული შერჩევა და დეტალების სიზუსტე.

თქვენი პროექტებიდან რომელს გამოყოფდით როგორც სტუდიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს?

ერთი კონკრეტული პროექტის გამოყოფა ალბათ გაგვიჭირდება, რადგან სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროექტს ჰქონდა Studio22-ის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ზოგიერთმა პროექტმა პროფესიულად უფრო რთული ამოცანების წინაშე დაგვაყენა, ზოგიერთმა კი საშუალება მოგვცა, სრულიად ახალი მიმართულებით გვეფიქრა,

განსაკუთრებით საინტერესო და საპასუხისმგებლოა ის პროექტები, რომლებზეც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვმუშაობთ. ასეთ დროს, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ინდივიდუალური სტილისა და Studio22-ის ხელწერის შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ — კონკრეტული ქვეყნის, კულტურისა და გარემოს გათვალისწინება.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა მაშინ, როდესაც კომერციულ სივრცეს ქართულ მოტივებზე ვქმნით. ასეთ შემთხვევაში გვინდა, უცხოელებს ჩვენი ქვეყანა საინტერესო, დახვეწილი და ღირსეული ფორმით გავაცნოთ. ქართული კულტურისა და მოტივების გამოყენება მხოლოდ დეკორატიული გადაწყვეტილება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, სივრცის საშუალებით საქართველოს ისტორია, ხასიათი და ესთეტიკა წარმოვაჩინოთ.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის პროექტებია, რომლებმაც ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვა. როდესაც პროექტის დასრულების შემდეგ ხვდები, რომ პროცესში შენც შეიცვალე, რაღაც ახალი ისწავლე და შემდეგ პროექტს უკვე სხვა გამოცდილებით იწყებ.

თქვენი აზრით, რა არის „წარმატებული პროექტი“? რა უნდა ჰქონდეს სივრცეს იმისთვის, რომ ის მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავი კი არა, ადამიანისთვის ხარისხიანი და დროში გამძლე გარემოც იყოს?

ჩვენთვის წარმატებული პროექტი, პირველ რიგში, ის სივრცეა, სადაც ესთეტიკა და ფუნქცია ერთმანეთისგან არ არის განცალკევებული.

სწორედ ამიტომ ჩვენი პროცესი ყოველთვის მოსმენით და სივრცის დანიშნულების გააზრებით იწყება. საცხოვრებელი ინტერიერის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორია მისი ყოველდღიურობა, ჩვევები და რა ქმნის მისთვის კომფორტს.

კომერციულ სივრცეებში კი ამოცანა კიდევ უფრო კომპლექსურია. მაგალითად, ოფისში მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს კომფორტულად მუშაობა, კონცენტრაცია და ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ. რესტორნის შემთხვევაში, სივრცემ ერთდროულად უნდა უპასუხოს როგორც ფუნქციურ მოთხოვნებს, ისე შექმნას ატმოსფერო და ემოცია, რის გამოც ადამიანს იქ ყოფნა და დაბრუნება მოუნდება. ამასთან, კომერციული ინტერიერი თავად ბრენდის ხასიათისა და იდენტობის ნაწილიც ხდება.

ამიტომ ჩვენთვის წარმატებული პროექტი ყოველთვის იწყება კითხვით: ვისთვის და რისთვის იქმნება ეს სივრცე? პასუხი განსაზღვრავს ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი  უძლებდეს დროს. ჩვენთვის წარმატებულია სივრცე, რომელიც წლების შემდეგაც ინარჩუნებს საკუთარ ფუნქციას, ხასიათსა და ემოციას.

როგორ ხედავთ დიზაინერის როლს საზოგადოებაში – როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი პროფესია?

ჩვენ დიდ დროს ვატარებთ სივრცეებში — სახლში, სამსახურში, საზოგადოებრივ გარემოში — ამიტომ სივრცე პირდაპირ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, კომფორტზე, პროდუქტიულობასა და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე.

დიზაინერი, გარკვეულწილად, აყალიბებს ადამიანის ყოველდღიურობას. სწორად დაგეგმილმა სივრცემ შეიძლება ცხოვრება გაამარტივოს, შექმნას სიმშვიდის განცდა, ხელი შეუწყოს ურთიერთობას, მუშაობას, დასვენებას.

ჩვენთვის ამ პროფესიის მნიშვნელობაც სწორედ აქ არის — შევქმნათ არა უბრალოდ ვიზუალურად საინტერესო ინტერიერი, არამედ გარემო, რომელიც ადამიანის ცხოვრებას რეალურად აუმჯობესებს.

როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში ინტერიერის დიზაინერისთვის?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენი აზრით, არის ინტერიერის დიზაინის პროფესიის მნიშვნელობის სწორად აღქმა.

ხშირად დიზაინი ჯერ კიდევ მხოლოდ ვიზუალურ მხარესთან ასოცირდება — ფერების, ავეჯის ან დეკორის შერჩევასთან. რეალურად კი ინტერიერის დიზაინი ბევრად უფრო კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს სივრცის სწორ დაგეგმარებას, ფუნქციონალს, ტექნიკურ ცოდნას, მასალებს, განათებას, ერგონომიკას და უამრავ დეტალს, რომელიც, საბოლოოდ, ადამიანის ყოველდღიურობაზე მოქმედებს.

ასევე გამოწვევაა ხარისხისა და სწრაფად ცვალებადი ტენდენციების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დღეს ვიზუალური ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და ხშირად ჩნდება სურვილი, ინტერიერი კონკრეტულ ტრენდს მოერგოს. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების პოვნა, რომლებიც მხოლოდ დღევანდელ დღეს არ ეკუთვნის და რამდენიმე წლის შემდეგაც ინარჩუნებს ღირებულებას.

ვფიქრობთ, რაც უფრო ვითარდება ეს სფერო საქართველოში, მით უფრო იზრდება როგორც დიზაინერის პასუხისმგებლობა, ასევე დამკვეთის მოთხოვნა ხარისხის მიმართ — და ეს, საბოლოო ჯამში, პროფესიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

დაბოლოს, როგორ ხედავთ Studio22-ის განვითარებას მომავალში – რა მიმართულებებით ინტერესდებით ყველაზე მეტად?

Studio22-ის განვითარებას, პირველ რიგში, ხარისხთან ვაკავშირებთ და არა უბრალოდ პროექტების რაოდენობის ზრდასთან.

გვინდა, მომავალშიც შევინარჩუნოთ ის დამოკიდებულება, რომლითაც საქმიანობა დავიწყეთ — თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად მივუდგეთ და არასოდეს ვაქციოთ დიზაინი ავტომატურ პროცესად.

გვინდა Studio22-ის ხელწერა კიდევ უფრო მკაფიო გახდეს — არა კონკრეტული ფერით, ფორმით ან სტილით, რომელიც ყველა პროექტში მეორდება, არამედ იმ ხარისხითა და დამოკიდებულებით, რომელსაც ადამიანი სივრცეში შესვლისას გრძნობს.

ძველი თბილისის მოტივები თანამედროვე ინტერიერში — რუსუდან თუმანიშვილის ნამუშევარი

„დროის ფენები“ — ნინო ჩხარტიშვილის ახალი პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში