in ,

თბილისის რომელ უბნებში ღირს ინვესტირება უძრავ ქონებაში და რატომ?

თუ თბილისში უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავთ, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელ უბანში იყიდოთ ბინა, ეს სტატია თქვენთვისაა. ძიებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ერთ უბანში იმავე ბიუჯეტით უფრო ფართო ბინას შეიძენთ, მეორეში კი შედარებით პატარა ბინის გაქირავებით თვეში მეტ შემოსავალს მიიღებთ. შეიძლება ისიც გაინტერესებდეთ, რომელ უბანში გექნებათ მეტი არჩევანი ან სად გაგიადვილდებათ ბინის გაყიდვა, თუ რამდენიმე წელიწადში ამას გადაწყვეტთ.

„გალტ & თაგარტის“ 2026 წლის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებების 35% საინვესტიციო მიზნით ხორციელდება. ამავე კვლევის მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, აგვისტოში კი ყველაზე მაღალი საშუალო ქირა ვაკეში დაფიქსირდა. წლიური ქირის შესყიდვის ფასთან შეფარდებით ვაშლიჯვარი გამოირჩეოდა.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით განვიხილავთ, რომელ უბნებს შეიძლება მიაქციოთ ყურადღება, თუ ბინას გასაქირავებლად ყიდულობთ, სამომავლოდ მის გაყიდვას გეგმავთ ან ფასის ზრდას ელით.

რატომ რჩება ბინა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან აქტივად?

ინვესტორისთვის მთავარი საზომი ალტერნატიულ შემოსავლებთან შედარებაა. 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ქირის საშუალო შემოსავლიანობა 8.7%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი თითქმის უტოლდება ლარის დეპოზიტის სარგებელს (9.3%) და 4-ჯერ აღემატება დოლარის დეპოზიტის შემოსავლიანობას (2.2%).

რეგიონულ ჭრილშიც თბილისი ერთ-ერთი ლიდერია: ქირის 8.7%-იანი უკუგებით ის უსწრებს ერევანსა (8.0%) და ასტანას (8.0%), ხოლო ბაქოს (5.1%), კიშინიოვს (5.0%), ბუქარესტს (4.2%), რიგასა (4.0%) და ტალინს (3.8%) თითქმის ორჯერ სჯობნის.

გარდა მიმდინარე შემოსავლისა, ინვესტიციას ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი ამყარებს:

  • დემოგრაფიული ცვლილებები: მოთხოვნის 50%-ს ურბანიზაციის ზრდა და ოჯახის საშუალო ზომის შემცირება ქმნის. საქართველოში ოჯახის საშუალო ზომა 3.50-დან (2002 წ.) 3.21-მდე შემცირდა, თუმცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან (2.30) შედარებით კვლავ მაღალია. ეს ნიშნავს, რომ ახალი, მცირე ზომის ოჯახების გამოყოფისა და ცალკე საცხოვრებელზე მოთხოვნის ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია.
  • მოძველებული საბინაო ფონდი: თბილისში არსებული დაახლოებით 640,000 ბინიდან 46% 1990 წლამდეა აშენებული (12% — 1960 წლამდე, 34% — 1961–1990 წლებში). ავარიული და მოძველებული კორპუსების ჩანაცვლების აუცილებლობა ახალ პროექტებზე მუდმივ მოთხოვნას ქმნის.
  • უცხოელი მყიდველების მზარდი წილი: სისტემური დეველოპერების გამოკითხვით, უცხოელებზე გაყიდვების წილი 2023 წელს არსებული 15%-დან 2026 წლის 8 თვეში 26%-მდე გაიზარდა (აქედან 11% ისრაელის, 4% რუსეთის, ხოლო 10% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის).
  • დეფიციტური მზა ბინები: 2026 წელს დასასრულებელი ბინების 81% და 2027 წელს დასასრულებელი ბინების 73% სისტემურ დეველოპერებთან უკვე გაყიდულია. დასრულებულ პროექტებში თავისუფალი ბინების სიმცირე მეორად ბაზარსა და ქირაზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.

სად გადის ინვესტორის ინტერესი? — 4 საინვესტიციო პროფილი უბნების მიხედვით

რადგან ქალაქში ფასები მზარდია (2026 წლის 8 თვეში პირველად ბაზარზე წლიური ზრდა 6%, ხოლო მეორად ბაზარზე — ახალ პროექტებში 8% დაფიქსირდა), უბნის შერჩევა ინვესტორის სტრატეგიაზეა დამოკიდებული:

სწრაფი გაქირავებისა და მაქსიმალური ლიკვიდურობის სტრატეგია: საბურთალო

თუ ინვესტორის მთავარი ამოცანაა, ბინა არცერთი თვე არ გაჩერდეს დამქირავებლის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში სწრაფადაც გაიყიდოს, საბურთალო ყველაზე უსაფრთხო არჩევანია, რადგან საბურთალო ერთადერთი უბანია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს მასობრივ მოთხოვნას (გაყიდვებით მეორე ადგილზეა ქალაქში) და მრავალფეროვან სამიზნე აუდიტორიას — სტუდენტებს, ოფისებში დასაქმებულებსა და უცხოელ მოიჯარეებს. აქ ბინის გაქირავების ციკლი მინიმალურია.

დაბალი შესვლის ბარიერისა და მაღალი უკუგების სტრატეგია: დიდი დიღომი, სამგორი და გლდანი

ბაზარზე ბიუჯეტური სეგმენტი (<$1,100/კვ.მ) კვლავ ყველაზე მოცულობითია და გაყიდვების თითქმის ნახევარს (48.6%) იკავებს.

დიდი დიღომი, სამგორი და გლდანი ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციისა და ახალი ოჯახების დასახლების მთავარი ცენტრებია. ამ უბნებში ინვესტორს შედარებით მცირე კაპიტალით შეუძლია ბინის შეძენა, ხოლო ქირის ფასი შესასვლელ ღირებულებასთან მიმართებით მაღალ პროცენტულ შემოსავლიანობას იძლევა. განსაკუთრებით დინამიკურია სამგორი, სადაც 2026 წელს ტრანზაქციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (3.6 ათასიდან 4.6 ათასამდე).

კაპიტალის ზრდის (Capital Gain) სტრატეგია: კრწანისი, ისანი და ნაძალადევი

ინვესტორებისთვის, რომლებიც ყიდულობენ მშენებარე ეტაპზე და მოგებას პროექტის დასრულების შემდეგ ბინის გაძვირებით ელოდებიან, ყველაზე საინტერესო ფართო ცენტრის განვითარებადი უბნებია, კერძოდ: დიდუბის, ნაძალადევის, კრწანისის, ისანისა და ვაშლიჯვრის უბნები.

კრწანისსა და ისანში აქტიურად ვითარდება პრემიუმ და მრავალფუნქციური კომპლექსები, რაც უბნის იერსახესა და სტატუსს ცვლის. ნაძალადევში კი 2026 წელს სამშენებლო აქტივობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ ლოკაციებში ადრეულ ეტაპზე შესვლა იძლევა საშუალებას, კვადრატული მეტრის ღირებულების ზრდის ხარჯზე მიიღოთ მაღალი კაპიტალური ნამატი.

კაპიტალის კონსერვაციისა და პრემიუმ გაქირავების სტრატეგია: ვაკე და მთაწმინდა

ცენტრალურ უბნებში მიწოდება პრაქტიკულად ამოწურულია — 2026 წლის 8 თვეში ვაკეში მხოლოდ 1,000, მთაწმინდაზე კი 500 ბინა გაიყიდა.

ახალი ფართების მწვავე დეფიციტის ფონზე, ვაკესა და მთაწმინდაზე ქონება კრიზისების მიმართ ყველაზე მდგრადია. ეს უბნები განკუთვნილია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, რომელთა მიზანია კაპიტალის უსაფრთხოდ შენახვა და ბინის გაქირავება მაღალბიუჯეტიან სეგმენტზე (დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, მაღალშემოსავლიანი ექსპატები).

რა ზომის ბინაა ყველაზე მომგებიანი ინვესტიციისთვის?

კვლევა აჩვენებს, რომ ინვესტორმა თავი უნდა აარიდოს როგორც ზედმეტად დიდ (151+ კვ.მ — გაყიდვების მხოლოდ 1.9%), ისე ზედმეტად პატარა სტუდიოებს, თუ მისი მიზანი ფართო ბაზარზე მუშაობაა.

ოპტიმალური საინვესტიციო პროდუქტი 51–80 კვ.მ-ის ფართობის ბინაა (გაყიდული ბინის საშუალო ზომა თბილისში 70 კვ.მ-ია). ასეთი ბინები გაყიდვების 53.8%-ს შეადგენს და ყველაზე მარტივად ქირავდება, რადგან ერთნაირად ერგება როგორც ახალგაზრდა წყვილებსა და მცირე ოჯახებს, ისე უცხოელ მოიჯარეების მოთხოვნებს, რომლებიც კომფორტულ, ერთ ან ორსაძინებლიან სივრცეს ეძებენ.

აღნიშნული მონაცემები უბნის ძიების მიმართულებას მოგცემთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მირებამდე ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული ბინის ხარჯებიც დაითვალოთ. თუ ბინას გასაქირავებლად ყიდულობთ, შეძენის ფასს რემონტისა და მოწყობის ხარჯებიც დაუმატეთ. მოსალოდნელი წლიური შემოსავალი იმ შემთხვევისთვისაც გამოთვალეთ, თუ ბინა ერთი ან ორი თვე ცარიელი დარჩება. თუ მოგებას ბინის გაძვირებიდან ელით, შეადარეთ, რა ფასად იყიდება იმავე უბანში მსგავსი ბინები უკვე დასრულებულ პროექტებში. ამ შედარებით უკეთ დაინახავთ, რა ფასად ღირს კონკრეტული ბინის შეძენა თქვენი საინვესტიციო მიზნისთვის.


სტატია მომზადებულია საინვესტიციო ბანკ „გალტ & თაგარტის“  კვლევის – „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები თბილისში“ მონაცემებზე დაყრდნობით.

სარეცხის საშრობი თუ სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით?