in

როგორ გავიგოთ, რამდენად „მწვანეა“ საცხოვრებელი კომპლექსი?

ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე სიტყვები „მწვანე“, „ეკო“ და „ენერგოეფექტური“ მარკეტინგული კომუნიკაციაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებად იქცა. თუმცა, ხშირად ამ ეპითეტების მიღმა მხოლოდ ეზოში დარგული რამდენიმე ხე ან სტანდარტული სამშენებლო მასალა დგას. იმისათვის, რომ მყიდველმა „გრინვოშინგი“ (ეკოლოგიურობის ილუზიის შექმნა) რეალური, ტექნოლოგიურად გამართული და ეკონომიური საცხოვრებლისგან გაარჩიოს, აუცილებელია იცოდეს, რა დგას საერთაშორისო „მწვანე“, ეკომეგობრული და ენერგოეფექტური სტანდარტების მიღმა და რა დეტალებს უნდა მიაქციოს ყურადღება ბინის შერჩევისას.

თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში სულ უფრო რთულია ზღვა ინფორმაციაში გაერკვე და სიმართლე და ტყუილი ერთმანეთისგან გაარჩიო. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ იქმნება საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტები და ორგანოები, რომლებიც ამ მოთხოვნებთან შესაბამისობას აფასებს.. საცხოვრებელი კომპლექსების (და არა მხოლოდ) ენერგოეფექტურობისა და “სიმწვანის” შესაფასებლად მსოფლიოში ორი წამყვანი საერთაშორისო სისტემა არსებობს — BREEAM და LEED. შესაბამისად, სარეკლამო დაპირებებისა და მესიჯების ნაცვლად, შეგვიძლია სწორედ მათი გზამკვლევებით ვიხელმძღვანელოთ.

რას ნიშნავს BREEAM და LEED?

მსოფლიოში შენობების მდგრადობის, ენერგოეფექტურობისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესაფასებლად ორი მთავარი საერთაშორისო სისტემა გამოიყენება:

  • BREEAM (Building Research Establishment Environmental Assessment Method): 1990 წელს დიდ ბრიტანეთში შექმნილი პირველი და ევროპაში ყველაზე გავრცელებული სერტიფიცირების სისტემა. ის პროექტს სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე — დაგეგმარებიდან მშენებლობის დასრულებამდე და შემდგომ ექსპლუატაციამდე აფასებს (შეფასების დონეებია: Pass, Good, Very Good, Excellent, Outstanding).
  • LEED (Leadership in Energy and Environmental Design): აშშ-ის მწვანე მშენებლობის საბჭოს მიერ 1998 წელს დანერგილი სისტემა, რომელიც ქულების დაგროვების პრინციპს ეფუძნება. პროექტი ქულებს სხვადასხვა ეკოლოგიურ და საინჟინრო კატეგორიაში აგროვებს და ჯამური მაჩვენებლით იღებს სტატუსს (Certified, Silver, Gold, Platinum).

გაყიდვების ოფისში ვიზიტისას მყიდველმა, პირველ რიგში, უნდა დააზუსტოს, ფლობს თუ არა პროექტი ამ სერტიფიკატებიდან რომელიმეს. აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: სისტემაში რეგისტრაცია მხოლოდ განაცხადია და არა გარანტია. აუცილებელია დაზუსტდეს, შეფასება მხოლოდ პროექტირების ეტაპზეა (Design Stage), თუ დეველოპერი იღებს ვალდებულებას, დასრულებული შენობის აუდიტის (Post-Construction) სერტიფიკატიც მიიღოს.

რა კრიტერიუმებით ფასდება შენობა და რა უნდა გაითვალისწინოს მყიდველმა?

იმისათვის, რომ კომპლექსმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს — ან მყიდველმა თავად შეძლოს მისი რეალური ხარისხის შემოწმება — პროექტი ექვს ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

ენერგოეფექტურობა და თბოიზოლაცია 

„მწვანე“ სტანდარტის მთავარი საზომი შენობის მიერ ენერგიის დაზოგვის უნარია. მყიდველმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს ინფორმაცია, რა მასალით ხდება ფასადის დათბუნება (მაგალითად, ცეცხლგამძლე და „მსუნთქავი“ ქვაბამბა გაცილებით მაღალი სტანდარტია, ვიდრე სტანდარტული პენოპლასტი) და გამორიცხულია თუ არა თერმული ხიდები. არანაკლებ მნიშვნელოვანია კარ-ფანჯრის ხარისხი: ენერგოეფექტური შენობა გულისხმობს ორმაგ ან სამმაგ დაბალემისიურ (Low-E) მინაპაკეტსა და თერმოხიდიან პროფილებს. სწორედ ეს დეტალები ამცირებს ზამთარში გათბობის, ზაფხულში კი კონდიცირების ხარჯებს 30-50%-ით. აღნიშნული კრიტერიუმი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოში მილევადი ენერგიის წყაროების კრიზისის ფონზე.

წყლის რესურსების მართვა 

მდგრადი კომპლექსი ზოგავს სასმელ წყალს და ეფექტურად იყენებს ტექნიკურ რესურსს. ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა შენობას წვიმის ან გრუნტის წყლების შეგროვებისა და ფილტრაციის რეზერვუარები, რომლებიც ეზოს მოსარწყავად ან ტექნიკური საჭიროებებისთვის გამოიყენება, და რამდენად არის გათვალისწინებული წყლის დამზოგავი სანტექნიკა საერთო სივრცეებში. გლობალური დათბობის მწვავე პრობლემის პარალელურად, ეს სულ უფრო აქტუალური შეფასების კრიტერიუმი ხდება, რადგან მტკნარი წყლის მარაგი მკვეთრად მცირდება — მათ შორის საქართველოშიც.

სამშენებლო მასალების ეკოლოგიურობა 

საერთაშორისო სერტიფიკატები მკაცრად აკონტროლებს, რამდენად უსაფრთხოა გამოყენებული მასალები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, იყენებს თუ არა დეველოპერი ეკოლოგიურად სუფთა ბეტონს, საღებავებსა და მოსაპირკეთებელ მასალებს, რომლებიც არ გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს (ე.წ. აქროლად ორგანულ ნაერთებს — VOC) და აქვთ დაბალი ნახშირბადის კვალი.

შიდა გარემოს ხარისხი, ვენტილაცია და აკუსტიკა 

ენერგოეფექტური, ჰერმეტული შენობა აუცილებლად საჭიროებს გამართულ ჰაერცვლას, რათა ბინაში არ დაგროვდეს ნესტი და ნახშირორჟანგი. დაინტერესდით, როგორია ვენტილაციის სისტემა (მაგალითად, არის თუ არა გათვალისწინებული რეკუპერაციის შესაძლებლობა), როგორია ბუნებრივი განათების კოეფიციენტი და რა მასალით ხდება სართულშუა გადახურვისა და ბინებს შორის ტიხრების ხმის იზოლაცია.

საერთო სივრცეების ენერგომომარაგება და ნარჩენების მართვა 

„მწვანე“ კომპლექსი ზრუნავს საოპერაციო ხარჯების შემცირებაზეც. გადაამოწმეთ, იყენებს თუ არა შენობა განახლებად ენერგიას (მაგალითად, მზის პანელებს ლიფტების, ეზოსა და სადარბაზოების გასანათებლად), არის თუ არა მოწყობილი ნარჩენების სეპარირების პუნქტები და რამდენად ეკოლოგიურად იმართებოდა ნარჩენები უშუალოდ მშენებლობის პროცესში.

ურბანული გარემო, ტრანსპორტი და შენობის შემდგომი მართვა 

მდგრადი არქიტექტურა გულისხმობს ავტომობილებისგან თავისუფალ რეკრეაციულ ზონას, მიწისქვეშა პარკინგს, ველობილიკებსა და ელექტრომობილების დამტენ სადგურებს. გარდა ამისა, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, ვინ და როგორ მართავს კომპლექსს ჩაბარების შემდეგ — ყველაზე ტექნოლოგიური სისტემაც კი კარგავს ეფექტურობას, თუ მას კვალიფიციური მმართველი კომპანია რეგულარულად არ უვლის.

საქართველოს ბაზარზე BREEAM-ის ან LEED-ის სერტიფიკატის მქონე საცხოვრებელი კომპლექსები ჯერ კიდევ იშვიათობაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხარისხიანი და ენერგოეფექტური ბინის პოვნა შეუძლებელია. თუ დეველოპერს ოფიციალური საერთაშორისო სერტიფიკატი არ აქვს, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი შეფასების კრიტერიუმები იქცევა მყიდველის მთავარ სახელმძღვანელოდ. თბოიზოლაციის მასალის, მინაპაკეტის ხარისხის, ვენტილაციის, ხმის იზოლაციისა და რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიების წინასწარი გადამოწმება საშუალებას მოგცემთ, მარკეტინგული დაპირებების მიღმა რეალური ღირებულება დაინახოთ და შეიძინოთ საცხოვრებელი, რომელიც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს მაღალ საინვესტიციო ფასს, ჯანსაღ მიკროკლიმატსა და დაბალ კომუნალურ ხარჯებს.

მაღაზია-ბარი “ალკო ჰოლი” – Dadiani Architects-ის ნამუშევარი

მოშე საფდი – ახალი ტიპის ურბანისტი